
რუსეთ-უკრაინის მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი გაიხსნა -კიევის მთავარი მოთხოვნები უცვლელია: დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება. კრემლი კვლავ უარზეა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მიმდინარე რაუნდში პროგრესის მიღწევის შანსი მინიმალურია. რჩება კითხვა: არის თუ არა ეს მოლაპარაკება მორიგი იმიტაცია თუ რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ?
ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მორიგ რაუნში პროგრესული ნაბიჯების გადადგმას ნაკლებად ელოდება.
„მე ვფიქრობ, რომ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაში პროგრესი ჯერჯერობით არ იქნება და ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები მტკიცედ დგანან საკუთარ პოზიციებზე. კიევის შემთხვევაში ეს არის ლეგიტიმური უფლება - დაიცვას თავისი ქვეყნის მიწა-წყალი; კრემლის შემთხვევაში კი, ეს არის მტაცებლური, ექსპანსიონისტური პოლიტიკა, რომლის მიზანია, რაც დაიპყრო, იმის დაკანონება."
„ამ მკვეთრად დაპირისპირებული პოზიციების გამო რთულია ითქვას, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდება. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ასუსტებს ზელენსკის ხელისუფლების გადაწყვეტილება - მიიღოს კანონი, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციულ ბიუროს.
„შერყევაში" იმას ვგულისხმობ, რომ დასავლეთიდან დაიწყო ინტენსიური კრიტიკა უკრაინის მოქმედი ხელისუფლების მიმართ: მიიჩნევა, რომ ეს არის ანტიდემოკრატიული ნაბიჯი. ასე რომ, როდესაც ხელისუფლებას შიდაპოლიტიკური მერყეობა აქვს და მას ამის გამო მოკავშირეებიც აკრიტიკებენ, რთულია, იყოს მტკიცე მოლაპარაკებებში ოკუპანტთან."
აბაშიძე ტრამპის 50 დღიან ულტიმატუმზე საუბრობს.
„არ უნდა დავივიწყოთ მზაკვრული მოცემულობაც - როდესაც ტრამპმა 50-დღიანი ვადა მისცა პუტინს. მიუხედავად ამისა, პუტინი აგრძელებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების ინტენსიურ დაბომბვას. ბოლო დღეების ავიაიერიშები მასშტაბურობით უკვე აღემატება წინა შეტევებს.
პუტინი არ აპირებს დათმობას. ასე რომ, ვფიქრობ, გარდატეხებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. ჯერჯერობით „გვირაბის ბოლოს სინათლე" არ ჩანს. ერთადერთი რეალური ვარიანტი, რომ რაიმე შეიძლება შეიცვალოს, არის ის, თუ რა ნაბიჯს გადადგამს აშშ 50-დღიანი ულტიმატუმის ამოწურვის შემდეგ - თუმცა ესაც ძალიან საეჭვოა."
კითხვაზე მოიტანს თუ არა საქნციები შედეგს , გვპასუხობს:
„რაც შეეხება სანქციებს: არაერთი წამყვანი ეკონომიკური ცენტრი აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკა ერთმანეთთან კავშირებით არის გადაჯაჭვული. შესაბამისად, შეუძლებელია ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც რუსეთია, ამ კავშირების სრული გადაკეტვა მხოლოდ სანქციებით. რუსეთმა ალტერნატიული ბაზრები გახსნა და ახერხებს ენერგორესურსებისა და ნავთობის მიყიდვას დასავლეთისთვის. როგორც არ უნდა ვცადოთ კონტროლი, სრულად ამის აღკვეთა შეუძლებელია - ერთი ხვრელის ამოქოლვას მეორე ხვრელის გაჩენა მოსდევს"
კრემლისა და უკრაინის პოზიცია
უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდზე რუსეთის დელეგაცია კვლავ ოთხი ძირითადი წევრისა და ოთხი ექსპერტისგან იქნება წარმოდგენილი, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რუსეთის მომლაპარაკებელთა ჯგუფში კვლავ შედის დელეგაციის ოთხი ძირითადი წევრი და ოთხი ექსპერტი", - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში 14 ადამიანი იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბრძანების თანახმად, 23 ივლისს . სტამბოლში რუსულ მხარესთან დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ალექსანდრ დიაკოვი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში იური კოვბასა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის აპარატის პროტოკოლის ოფიცერი გეორგი კუზმიჩევი, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები ოლეგ ლუგოვსკი და ოლექსანდრ პოკლადი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები ევგენი ოსტრიანსკი და ალექსეი შევჩენკო, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი და გენერალური შტაბის ცენტრალური იურიდიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანდრეი ფომინი, გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი ოფიცერი ალექსანდრე შერიხოვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის შტაბის უფროსის მოადგილე ევგენი შინკარევი.
შეგახსენებთ, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ორი წინა რაუნდი ფართომასშტაბიანი პატიმრების გაცვლით დასრულდა, მაგრამ არანაირი კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგმულა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დასასრულებლად, რომელიც უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ, რუსეთმა გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი საბრძოლო მოქმედებების დასრულების პირობები. ეს მოიცავს კიევის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონიდან - დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ზაპოროჟიედან და ხერსონიდან - „ძალების სრულ გაყვანას", რომლებსაც მოსკოვი საკუთარ „ახალ ტერიტორიებად" მიიჩნევს.
რუსეთი ასევე მოითხოვს 2014 წლიდან უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიების, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულის, საერთაშორისო აღიარებას.
უკრაინის მიერ მშვიდობისთვის წარდგენილი პირობები კი მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას. ისინი ასევე ითხოვენ სამხედრო ტყვეების ორმხრივ გაცვლას, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებას და რუსული ტყვეობიდან ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებას.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან უკრაინის დელეგაცია სამხედრო ტყვეების დაბრუნების, რუსეთის მიერ გატაცებული ბავშვების დაბრუნებისა და ლიდერების დონეზე შეხვედრის მომზადების საკითხებს განიხილავს.