რეზონანსი
23.07.2025

საფრანგეთში ქართველი მოზარდი გარდაიცვალა. 17 წლის ლევან კობიაშვილი ლეიკემიას ებრძოდა. ჭიათურის N2 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ძნელია, მოვძებნოთ სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა განვიცდით... საფრანგეთში 17 წლის ასაკში სიცოცხლეს მოწყურებული ლეიკემიასთან მებრძოლი ჭიათურის #2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ლევან კობიაშვილი გარდაიცვალა... მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს ეს ამბავი... საყვარელო ლევან, მტკივნეულია შენზე წარსულით საუბარი...

ჩვენთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია ის, რომ დაგვტოვე, ვეღარასოდეს შემოაღებ შენი მშობლიური სკოლის კარებს, ვეღარ გაუღიმებ შენს მეგობრებს, კლასელებს, ახლობლებს, რომლებსაც ძალიან, ძალიან უყვარდი და სამაგიერო სიყვარულს უბრუნებდი შენც...

არსებობს კი სიტყვები ჩვენს სანუგეშებლად, შენი ოჯახის სანუგეშებლად, როცა შენი ლამაზი სახე სურათებსა და ვიდეოებზე შემოგვრჩა მხოლოდ... მუდამ უდიდეს ტკივილად დარჩები ჩვენთვის. ყველას დაგვაკლდება შენი სითბო და სიყვარული, რომელიც უხვად გქონდა... ჩვენს მეხსიერებაში მუდამ ცოცხალი იქნები, რადგან ხსოვნა სინდისივით არის და სიკვდილზე ძლიერია... სიტყვები არ არსებობს იმის აღსაწერად, თუ რამდენად ვწუხვართ.

ჭიათურის #2 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგები, ტექნიკური პერსონალი და მოსწავლეები უდიდესი მწუხარებითა და გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველას, ვინც იცნობდით, თუ არ იცნობდით, ამ სიყვარულის ოქროს ბიჭის აღარ ყოფნას...“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×