მარიამ ვეკუა
25.07.2025

აღსრულების ბიურომ დაადასტურა, რომ წუხელ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში გამოსახლების პროცესი დასრულდა. ოპოზიცია მმართველ პარტიას აკრიტიკებს და საცხოვრებლის შესახებ კანონის მიღებაზე საუბრობს. მათი თქმით, „ოცნება" მოქალაქეების ინტერესებს არ იცავს. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიცია ამ პროცესებს დეზინფორმაციული კამპანიისთვის იყენებს.

თბილისის მერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა წარსულში უკვე ამხილა სახელმწიფო მიწებზე უკანონო მშენებლობების ორგანიზატორები, რომელთაც არაერთი ქონება აღმოაჩნდათ.

თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, საიდანაც მოქალაქეები გამოასახლეს, კომპანიის წარმომადგენელი მივიდა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ სურვილის შემთხვევაში, ყველა მოქალაქეს გაესაუბრებიან:

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ თვალჭრელიძის N1-ში მცხოვრები თბილისში რეგისტრირებული ცხრა ოჯახიდან მუნიციპალიტეტის შეთავაზებას მხოლოდ სამი დათანხმდა. მათგან ორი ქირით დაკმაყოფილდა, ხოლო ერთს უარი ეთქვა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამო. დანარჩენმა ოჯახებმა ქირით გასვლაზე უარი თქვეს.

„რა შეუძლია მუნიციპალიტეტს ამ შემთხვევაში და რას სთავაზობს მოსახლეობას მერია - პირველ რიგში, ესაა ქირით უზრუნველყოფა, რასაც ჯერ კიდევ ორი წლის წინ, როდესაც აღნიშნული შენობა თვითნებურად დაიკავეს, დედაქალაქში რეგისტრირებულ ყველა პირს სთავაზობდა სამგორის გამგეობა. იყო უარი ამასთან დაკავშირებით. მათ, ასევე, შეხვდნენ თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს წარმომადგენლები. გვაქვს ოქმები ამ ადამიანების ხელმოწერებით, სადაც უარს აცხადებენ ქირით გასვლაზე. თბილისში რეგისტრირებული იყო 9 ოჯახი, მხოლოდ სამმა ოჯახმა გამოთქვა თანხმობა, სამგორის გამგეობისგან მიეღოთ შეთავაზება ქირით უზრუნველყოფაზე. სამი ოჯახიდან ორი დათანხმდა და ერთზე ვერ მოხდება ქირით უზრუნველყოფა, რადგან მას უფიქსირდება გარკვეული ქონება. შესაბამისად, ორის გაყვანის უზრუნველყოფას მოახდენს მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, მათ არ გააჩნიათ თბილისში რეგისტრაცია, შესაბამისად თბილისის მუნიციპალიტეტი მოკლებულია ყოველგვარ ბერკეტს, ჩაერთოს მათი პრობლემის მოგვარებაში.

ასევე, სრულიად აბსურდულია ის ტყუილი, რაც მოვისმინეთ, თითქოს მერია სთავაზობს ხალხს სამი თვით ქირის გადახდას. არ მინდოდა ამ დეტალებში შევსულიყავი, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ხალხი მოატყუოს," - განაცხადა კალაძემ.

მანვე დაამატა, რომ უსახლკაროს სტატუსის მოპოვების შემდეგ, ყველა მსგავსი სტატუსის მქონე ადამიანი ეტაპობრივად მიიღებს საცხოვრებელს.

კახა კალაძემ ვიდეო-მიმართვას დაურთო ფოტოებიც, ახსენა სადგურის მოედანზე მომხდარი ტრაგედიაც და ხაზგასმით თქვა, რომ გადმოსახლებულების საკუთრებაში აღნიშნული კორპუსი არ იმყოფება:

„მინდა, კარგად ნახოთ, რა საფრთხის მქონე შენობებზეა საუბარი, გაჩვენებთ ფოტოებს. აი, აქედან მოსახლეობის იძულებით გაყვანა ყოფილა დანაშაული. გახსოვთ ის ბრალდებები, შეურაცხყოფა და თავდასხმა, რაც სულ ახლახან სადგურის მოედნის მიმდებარედ სახლის ჩამოშლას მოჰყვა. ზუსტად ის ხალხი, ვგულისხმობ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლებს, ოპოზიციას, ე.წ. ექსპერტებს, ვინც ერთი კვირის განმავლობაში გვლანძღავდა იმის გამო, რატომ არ გავიყვანეთ იძულების წესით იმ კორპუსის მცხოვრებლები ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მეოთხე კატეგორიის მქონე შენობებიდან ხალხის იძულებით გაყვანა, არის დანაშაული."

შეგახსენებთ, რომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლების პროცესი გუშინ დაიწყო. დილიდან, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები. საპატრულო პოლიციის გამოჩენას მოსახლეობის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება. ადგილობრივების თქმით, მესაკუთრე აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და უნდა დაცალონ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე დღის განმავლობაში 17 პირი დააკავეს.

ოპოზიციის ბრალდებები

ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიას საყვედურობს, მოუწოდებენ , რომ მიიღონ საცხოვრებლების შესახებ შესაბამისი კანონი. მეორე ნაწილი კი მერიას აკრიტიკებს და მათ მოქალაქეების ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს.

ნაცმოძრაობის ანტიკორუფციული მიმართულების მდივნი ვასო ურუშაძე კალაძის განცხადებაზე ამბობს, რომ „წარმოუდგენელია, რეგიონში ფლობდე მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ ფართს და დედაქალაქში სახელმწიფო მიწა მიიტაცო". ურუშაძის თქმით, კალაძე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს.

„თვითონ დაბრუნდეს სამტრედიაში, თავის საკარმიდამო მიწაზე, მოპარული ფულის და ნაძარცვი ფულის გარეშე და დაიწყოს ცხოვრება ნულიდან", - განაცხადა ურუშაძემ.

მომხდარს გამოეხმაურა პარტია „ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე:

„30 ბავშვი დღეს სადღაც ათენებს ღამეს იმიტომ, რომ სახელმწიფო არ გვივარგა და იმიტომ, რომ ერთი კორუმპირებული ბანდა არის ხელისუფლების სათავეში, რომელიც მარტო საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ზრუნავს. რა გახდა საცხოვრებლის შესახებ კანონის მიღება? რა გახდა ეკომიგრანტისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფა?

თუ კახი კალაძე იტყვის, რომ თავისი მრავალშვილიანი ოჯახით შეძლებს თვეში 700 ლარად სადმე იცხოვროს, მაშინ ხელებს ავწევ. რამდენი ხანია, ვითხოვთ საცხოვრისის შესახებ კანონის მიღებას.

დღეს აქ რაც მოხდა, არის არაჰუმანურობა და არაადამიანურობა, სახელმწიფო თავის მოქალაქეებს ასე არ უნდა ექცეოდეს," - განაცხადა ანა დოლიძემ.

„თვალჭრელიძის #1-ში, 120 ოჯახის ძალადობრივი გამოსახლება და მრავალშვილიანი ოჯახების 40-გრადუსიან სიცხეში ქუჩაში გამოყრა არის ჩვენი ქვეყნის სოციალური ტრაგედია და სახელმწიფოს უმოქმედობის პირდაპირი შედეგი," - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" წევრმა, თამარ კეკენაძემ განაცხადა.

„ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ქართული ოცნება", რომელიც ვერ და არ იცავს საკუთარ ხალხს, ვერ დაიცავს ვერც სახელმწიფო ინტერესებს. „ოცნებას" აღარ აქვს რესურსი ხალხთან ლაპარაკის, მხოლოდ ძალადობრივად ურთიერთობს საკუთარ ხალხთან. სახელმწიფოს ვალდებულება იყო ღირსეული, სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი მოეძებნა თითოეული ოჯახისათვის," - განაცხადა კეკენაძემ.

„ე.წ. „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, თბილისის მერიამ, კახა კალაძემ ველური ქმედებებით ადამიანები სახლებიდან გამოყარეს, მათ შორის ბავშვები და დატოვეს ღია ცის ქვეშ - ეს მიუთითებს „ქართული ოცნების" სისტემურ გაუმართაობაზე, როცა ყველა რგოლი მოშლილია," - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

 

 

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×