
ქირით უზრუნველყოფაზე უარის შემდეგ, კანონის შესაბამისად, აღსრულების ბიუროს მიერ ადამიანების შენობიდან გამოყვანაში ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერიის დადანაშაულება, ეს პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგია, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა, გიორგი ტყემალაძემ, რომელიც თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, მერიამ აღნიშნულ მისამართზე თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს ქირით გაყვანა შესთავაზა.
„ის ფაქტი, რომ კერძო საკუთრებაში არიან შეჭრილები და მიუხედავად ამისა, შენ სთავაზობ ქირით უზრუნველყოფას და ამაზე აცხადებენ უარს და უკვე კანონის შესაბამისად, შემდეგ აღსრულების ბიურო ახორციელებს ამ ადამიანების შენობიდან გამოყვანას, ამაზე ოპოზიციის მხრიდან თბილისის მერიის დადანაშაულება, ეს პირდაპირ პოლიტიკური დღის წესრიგია.
რა თქმა უნდა, ზოგადად, ქირა დროებითი უზრუნველყოფაა, თუმცა, როდესაც ჩვენ გარკვეული ვადით ადამიანებს ვთვაზობთ ქირით გაყვანის პროგრამას, შესაბამისად, განვიხილავთ ყოველწლიურად, ინდივიდუალურად - თუ მათ ყოველწლიურად ამის საჭიროება უდგათ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ვადას ვახანგრძლივებთ“, - განაცხადა ტყემალაძემ.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.