
"ქართული ოცნება" ევროკავშირის განცხადებას აკრიტიკებს და რუსული იარლიყის მიკერების ტაქტიკას უწოდებს ბლოკის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერის ანუარ ელ ანუნის აქცენტებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის "რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით".
ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო განცხადებები, "რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ თითქოსდა ევროკავშირი საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. "არატრადიციული ღირებულებების" თავს მოხვევას ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენენ".
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმაურება ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებას და აცხადებს, რომ "რუსულის იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია".
„ევროკავშირის პრეს-სპიკერის მხრიდან, ქართველი ხალხის ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, "რუსულის" იარლიყის მიკერების ტაქტიკის გამოყენება, თავისთავად პასუხია ბევრ რამეზე", - წერს პაპუაშვილი.
გამწვავდება თუ არა ურთიერთობა ევროკავშირსა და "ოცნებას" შორის
თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" ამბობს, რომ ურთიერთობები ჩიხშია შესული და ევროკავშირი დააკვირდება აგვისტოს ბოლოსთვის როგორ შეასრულებს ხელისუფლება რეკომენდაციებს.
"ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობა ჩიხშია შესული. ჩვენ არც ვიცით ამ ჩიხიდან გამოსვლა როგორ შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირმა ქართულ მხარეს შესთავაზა და ალბათ ელოდება აგვისტოს ბოლოს, თუ როგორ წარმოუდგენია მას (ოცნებას) ამ ჩიხიდან გამოსვლა. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამისთვის მზად არაა და არც აპირებს გაუმჯობესებას.
"რიტორიკა, რაც "ოცნების" მხრიდან ჟღერდება, ბუნებრივია ეს ევროკავშირის მხრიდან რეაქციებს იწვევს. წინა პერიოდში შეიძლება წაეყრუებინათ, მაგრამ ახლა უკვე ჩანს, რომ ევროკავშირი აშკარად ამას ასე უყურადღებოდ არ დატოვებს, საპასუხო განცხადებებიც ამიტომ გახშირდა.
"აქამდე ევროკავშირი ერთმანეთს პირდაპირ არ აკავშირებდა "ქართულ ოცნებას" და რუსეთს, ამიტომაც ამ განცხადების ეს ნაწილი ყველაზე მეტად მოხვდათ "ოცნების" ლიდერებს. ეს უკვე ნიშნავს რომ საქართველო ავტოკრატიის მშენებლობასთან ერთად იგივეს აკეთებს, რაც რუსეთში ხდება, იგივე სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან მიმართებაში, ან უბრალოდ იგივე მიმართულებით მიდის, საითაც რუსეთი",- განაცხადა კაკაჩიამ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დასავლეთს და ევროკავშირს პირდაპირ არ უთქვამთ სიტყვებით - ქართველებო თქვენ უნდა იომოთო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში იყო ირიბი მინიშნებები ამაზე, უკრაინიდან კი პირდაპირი მოწოდებები.
"კარგად ვიცი რას ნიშნავს, როცა ამბობენ, რომ დასავლეთი და კერძოდ ევროკავშირი არ ცდილობს, რომ საქართვლო ომში ჩაითრიონ. ეს ნიშნავს იმას, რომ სიტყვები - ქართველებო ახლა თქვენ უნდა იომოთ, ეს ნამდვილად არ უთქვამთ, ამას დიპლომატიური ენა საერთოდ გამორიცხავს.
საუბარია 2022 წლის თებერვლიდან გაკეთებულ განცხადებებზე, რომ თქვენ გაქვთ ამერიკისგან ნაყიდი "ჯაველინები", უკრაინისგან შეძენილი "ბუკ"-ები და თქვენ ეს ყველაფერი სასწრაფოდ უკრაინას გადაეცით, რომ მას სჭირდება და შემდეგ ჩვენ ამ ყველაფერს ნატო-ს უახლესი შეიარაღებით შეგივსებთო.
"საქმე ისაა, რომ ჩვენ ეს რომ გავაკეთოთ, ძალიან ცოტაა და უკრაინას ვერაფრით ვერ დაეხმარება, მაგრამ ერთი ცალი გადაცემულიც კი, ნიშნავს, რომ ჩვენ ცეცხლის ალში გავეხვევით - წამოვლენ რუსული ტანკები, რომლებიც თბილისიდან 30 კმ-ში დგას და ნახ საათში აქ იქნებიან. ამაზე იყო მათი პასუხი, რას იზამთ, ხომ ყველამ რაღაცა უნდა გაიღოს ახლაო?
ამას გერმანელები და ამერიკელები აცხადებდნენ, უკრაინელები კი პირდაპირ ამბობდნენ აფხაზეთში და ცხინვალში გაისეირნეთ მაინც არავინ არააო, ჩვენი ხელისუფლების პასუხი კი ის იყო, რომ ძალას მაინც არ გამოვიყენებთ, არცერთი საბრძოლო ერთეული რომც არ დარჩესო",- განაცხადა მამრაძემ.
კითხვაზე, სადამდე შეიძლება მივიდეს ევროკავშირსა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთიბები, მამრაძემ გვითხრა:
"ევროკავშირს დიდი მომავალი არ უწერია. კი, ის ეკონომიკური გიგანტია, მაგრამ ის გეოპოლიტიკურ ჯუჯაა და მათი გეოპოლიტიკური გეგმები კომიკურია. ვერ ვხედავ ახლო მომავალში, რომ რაღაცა გამოსწორდეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს არ გაპატიებენ, რადგან საკრალური საკითხია, თუ ერთსქესიანთა ქორწინებას მხარს არ უჭრ აბა კარგად იყავი, არ ყოფილხარ მზად ევროკავშირისთვის",- განაცხადა პეტრე მამრაძემ "რეზონანსთან".
რა წერია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში
ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საგარეო საქმეებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ მათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ გმობს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს და აცხადებს, რომ ელჩს ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია.
"ევროკავშირი მტკიცედ უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების დეზინფორმაციასა და უსაფუძვლო ბრალდებებს საქართველოში ევროკავშირის როლთან დაკავშირებით. ბოლო განცხადებები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ თითქოსდა ევროკავშირი საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. "არატრადიციული ღირებულებების" თავს მოხვევას ცდილობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენენ.
"ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის რუსული სტილის შეთქმულების თეორიებითა და გახლეჩის შემომტანი ნარატივებით ძირის გამოთხრა მხოლოდ იმათ არგებს, ვინც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება.
"მტკიცედ ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის [პაველ ჰერჩინსკის] წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ზრდაში. მას ევროკავშირის სრული ნდობა და მხარდაჭერა გააჩნია. საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ წამაქეზებელ პერსონალურ თავდასხმებს, და ევროპული მომავლისკენ იმუშაონ საკუთარი მოსახლეობისთვის.
"ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და სანდო პარტნიორია. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი თავის ურყევ მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ გამოხატავს ქართველ ხალხთან თავის ურყევ სოლიდარობასა და მზაობას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მათ გზაზე", - ნათქვამია განცხადებაში.