
საქართველოს განათლების მინისტრმა პირველი ოფიციალური შეხვედრა მეზობელ ქვეყანაში გამართა. აზერბაიჯანსა და ჩვენს ქვეყანას შორის, განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისკენ, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. მინისტრებმა შეხვედრაზე ყურადღება უწყებებს შორის ურთიერთობების გააქტიურებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენაზე გაამახვილეს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გივი მიქანაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობებზე.
"ახალგაზრდობის როლი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების განმტკიცებაში" და "ციფრული რევოლუცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მომავლისთვის"- ეს ის თემებია, რომელიც ორი ქვეყნის ახალგაზრდები დააკავშირა და ფორუმზე გააერთიანა. ფორუმის ჩატარება საქართველოშიც იგეგმება.
ფორუმის გარდა, საქართველოს განათლების მინისტრი ქალაქ გუბაში, საზაფხულო ბანაკში, ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდა. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებას.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, უმაღლესი განათლების სისტემაში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს საქართველოს განათლების მინისტრმა და აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის – ADA-ს უნივერსიტეტის რექტორმა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი, 3-დღიანი ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულებულია.