
ჯუანშერ ბურჭულაძის ირგვლივ ყულფი დავიწროვდა და ცხადია, მასაც ემუქრება დაკავება, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საუბრობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და მხოლოდ იმ პირობით გამოუშვეს, რომ ივანიშვილსკონკეტულ თანხას მიუტანს.
ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილე დაკავებულია, მისი ახლო ნათესავი დაკავებულია. რამდენიმე დღის წინ ვთქვი, რამდენიმე დღის წინ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს დაიჭერდნენ, მაგრამ ვხედავთ, რომ მისი მოადგილე, ახლო ნათესავი, როგორც ბრიფინგზე თქვეს, მისი ნათესავი ალაგებდა, მაგრამ ალაგებდა ბურჭულაძის სახელით, მისი სახელით იპარავდა. ჯუანშერ ბურჭულაძის ირგვლივ ეს ყულფი დავიწროვდა და ცხადია მასაც ემუქრება დაკავება.
ჩემი ინფორმაციით, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებული ჰყავდათ და გამოუშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მან “კუში” უნდა მიიტანოს ბიძინასთან და ერთადერთ შემთხვევაში იყიდის თავისუფლებას თუ ის კონკრეტულ ფულს მიუტანს ბიძინას და თუ ამას არ გააკეთებს, გაიზიარებს მისი მოადგილის და ნათესავის ბედს, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
დაკავებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გ. ხ., იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვ. ღ. და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ახლო ნათესავი ვ. მ.
ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სუს-ში ამბობენ, რომ საქმე ეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის 2023 წელს მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტს.