
მმართველი გუნდის რეიტინგის და სოციოლოგიური ციფრების ირგვლივ მწვავე პოლემიკაა - „ქართული ოცნების" მხარდაჭერის 56,2%-იან მაჩვენებელს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საზოგადოებრივ ნდობაზე დაფუძნებულ მანდატად აფასებს, ხოლო ოპოზიცია - ცინიკურ მანიპულაციად, „გორბის" კვლევას გაყალბებულად მიიჩნევს. რა განწყობები იკვეთება არჩევნებამდე 2 თვით ადრე საზოგადოებაში და როგორი იქნება ფინალური სცენარი.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს გორბის კვლევაზე, აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს „ნაცმოძრაობა" უკვე აღარ არის მის ინტერესის ობიექტი, რადგან ეს უკანსაკნელი ბოიკოტის მომხრეა.
„დავიწყებ იმით, რომ გორბი არ არის კვლევითი ორგანიზაცია - ის პროპაგანდისტული ორგანიზაციაა, ვინაიდან ნაცმოძრაობა უკვე იკვეთება, როგორც ბოიკოტის მომხრე ორგანიზაცია და არჩევნებში აღარ მონაწილეობს, ამიტომ გორბმა დაკარგა ინტერესი მის მიმართ , რადგან ეს მთვარი ფაქტორი აღარ არის „ოცნებისთვის" და ყურადღება „ლელოზე" და გახარიაზე გადაიტანა."-
ლელომაც და გახარიამაც აიღეს მნიშვნელოვანი ხმები ამ კვლევის თანახმად, ასე რომ გორბიც შეეცადა, ისე დაეტრიალებინა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან ეს ხმები მიეყვანა, მიახლოებოდა. ვინაიდან გახარია და ლელო საფრთხეა ოცნებისთვის, მათ დაუმრგვალა (შესაძლებელია, ჩამოწია მაჩვენებელიც) - ასე ვფიქრობ - და რაღაცნაირად მიამსგავსა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რომლებიც 9-10 პროცენტის გარშემო ტრიალებდა."-განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ამბობს, რომ კვლევამ გაამართლა მისი პირადი დაკვირვებაც, რადგან ორივე შედეგი, ფაქტობრივად, ერთმანეთთან თანხვედრაში მოდის
„კვლევას გავეცანი თავიდან ბოლომდე - ეს ფაქტობრივად ემთხვევა ჩემს შთაბეჭდილებას, რადგან მე მაქვს კონტაქტი ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან; ვცდილობ მქონდეს კონტაქტი ყველა სოციალურ ფენასთან და რეგიონთან, ასე რომ შესაბამისი კონტაქტები მაქვს.
დაახლოებით ასეთი სურათი იქმნება და ვატყობ, ამ სურათზე ძალიან იმოქმედა იმ ფაქტმა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობიდან - მე რომ ანტიევროპულ ძალებს ვუწოდებ - ამ პარტიებიდან მხოლოდ ორმა, ლელომ და გახარიამ, განაცხადეს მზაობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, დანარჩენებმა - არა. შესაბამისად, ეს ნეგატიურად აისახა მათზე. მე მინდა ვთქვა, რომ წლიდან წლამდე „გორბის" შედეგები უფრო ზუსტი გამოდის, ვიდრე სხვადასხვა კვლევები, რომლებიც ნაცების ეგიდით ტარდება. ასე რომ, ლოგიკურიცაა ეს შედეგი და ემთხვევა პირად დაკვირვებასაც."-განაცხადა მამრაძემ.
რა განწყობაა საზოგადოებაში
პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ იმ 900 000 ოპოზიციური ამომრჩევლიდან, რომელიც 2024 წლის საპარალმენტო არჩევნებზე გამოცხადდა, მათგან მნიშვნელოვანი რაოდენობა არცევნებში მოანწილოებას ახლაც აპირებს.
„900,000 ადამიანი იყო ბოლო არჩევნებზე - ეს დიდი რაოდენობაა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაწილი ახლაც აპირებს მონაწილეობის მიღებას. რაც შეეხება საზოგადოებაში განწყობას ავლენს, ნაცმოძრაობა, მათი ისტერიკა და პანიკა, რაც აქვს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, მშვენიერი მაგალითია იმისა, რომ ისინი ხვდებიან თავიანთი შეცდომის არსს - რომ ვერ გათვალეს ბოიკოტში მონაწილეობის/არმონაწილეობის კონტექსტი.
ეგონათ, რომ ყველა პარტიას სინდისზე აგდებდნენ და არ გამოუვიდათ. ახლა პანიკაში არიან. წინ მიდის ლელო და გახარია, და „გირჩსაც" მაღალი შანსები აქვს, და შეიძლება მათი ხმებიც კი წაიღოს, რადგან ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, რა პლუსები აქვს არჩევნებში არმონაწილეობას, მით უმეტეს უფროსი თაობისთვის.
საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს სამწუხაროდ საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობს, ისინი აქტიურობენ არჩევნების დროს."
ზაქარეიშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილე პარტიებმა 300 000 და მეტი ხმა დააგროვეს, ოპოზიციური ბოიკოტის ფიასკოს მანიშნებელი იქნება, ხოლო თუ 250 000 და ნაკლები ხმა მოაგროვეს , მაშინ ბოიკოტს მათ ამომრჩეველზე ზეგავლენა მოუხდენია.
„900,000 საინტერესო ციფრია. რა თქმა უნდა, ამდენი ხალხი აღარ მივა, მაგრამ თუ ლელოსა და გახარიას ხმებს დავაჯამებთ და მივუმატებთ „გირჩის" ხმებს, შეიძლება 300,000-350,000 ხმა გამოვიდეს. თუ ამ ამომრჩეველმა ხმა გაანაწილა გახარიასა, ლელოსა და „გირჩს" შორის - ბოიკოტი არ შედგა. ხოლო თუ 250,000 და ნაკლები ხმა მიიღეს - ესე იგი, ბოიკოტი შედგა და გავლენა მოახდინა ამ პარტიების ამომრჩევლებზე.
ამ მოცემულობით, „ოცნება", სამწუხაროდ თუ საუბედუროდ, ამ ბოიკოტის გამო უფრო გაძლიერდება, თუმცა გახარიას, ლელოს და „გირჩს" ექნებათ შესაძლებლობა, საკრებულოებში მაინც მოახდინონ გავლენა რაღაც პროცესებზე"-განაცხადა ზაქარეიშვილმა
პეტრე მამრაძემ კი აღნიშნა, რომ საზოგადოებივ განწყობას ხშირად ბოლო 2 კვირა განსაზღვრავს, ამიტომ მისივე თქმით, წინასწარ რამის განსაზღვრა რთულია.
კითხვაზე - 900,000 ადამიანიდან გამოცხადდება თუ არა დიდი რაოდენობა და რა საზოგადოებრივი განწყობები იკვეთება, გვპასუობს: „ეს ჩემთვის დიდი კითხვის ნიშანია. ადგილობრივ არჩევნებზე ნაკლები რაოდენობით მიდიან ადამიანები - ეს ევროპული სტანდარტია, სხვათაშორის. აი, ეს სინდრომი, რომ „ჰო, მაინც გაიმარჯვებს ოცნება", ძალიან ცუდია.
მე ვისურვებდი, რომ თვითონ „ოცნებამ", მედიამ, შესაბამისმა ჯგუფებმა ბევრი სამუშაო ჩაატარონ, რომ ადამიანები მივიდნენ არჩევნებზე. საქართველოში განწყობას ხშირად ცვლის ბოლო ორი კვირა, ამიტომ რთულია ზუსტი განსაზღვრა."-განაცხადა მამრაძემ.
ოცნება გამარჯვებას უკვე ზეიმობს, ოპოზიცია კი მოლოდინის რეჟიმშია
ქართული ოცნების" მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „გორბის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს.
„ქართული ოცნების" მხარდაჭერა, საპარლამენტო არჩევნების ისტორიული შედეგის შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა.
ამომრჩევლების 63%-ს აქვს ნდობა არჩევნების მიმართ, 56,2% კი მხარს „ქართულ ოცნებას" უჭერს.
ეს არის ქართველი ხალხის პასუხი მათთვის, ვინც ქვეყნის სამსახურს - უცხოს მონობას, ეროვნულ ინტერესს - სხვისი დროშის ფრიალს, სიყვარულს - ზიზღს და ძალადობას ამჯობინებს.
...ეს ნდობა, ასევე, კიდევ ერთი შეხსენებაა ბრიუსელისთვის, რომ ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს - გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების წესს, ხალხის ნებას და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას. ამის გარეშე ევროკავშირი ევროპა ვერ იქნება",- წერს შალვა პაპუაშვილი.
თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე „ლელოს" პარტიაში აცხადებენ, რომ გორბი მონაცემებს აყალბებს, ამბობენ, რომ რეალურად ოცნების მხარდაჭერთა რაოდენობა თბილისში 24 პროცენტს უტოლდება, რეგიონებში კი 31 პროცენტს.
„ჭეშმარიტება რამდენიმე პუნქტად:
„გორბის" ყველა კვლევა იყო და არის ყალბი! ყოველთვის ასე იყო 13 წლის განმავლობაში და იგივე ხდება დღესაც. „გორბი" პირველ რიგში აყალბებს „ქართული ოცნების" რეიტინგს, რომელიც მარცხისთვისაა განწირული. სინამდვილეში, თბილისში „ოცნებას" 24% აქვს, რეგიონებში კი საშუალოდ 31%.
„ოცნება" წაგებული პარტიაა.
გამყალბებელი ორგანიზაციის შედეგებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება და დასკვნების გამოტანა კი მხოლოდ 2 მიზეზით შეიძლება მოხდეს:
1.პოლიტიკური და პარტიული სპეკულაცია, რაც სოციალურ ქსელში მრავლად ვნახე.
ან/და
2.ვინც „გორბიზე" სერიოზულ მსჯელობას იწყებს, თავადვე ექცევა იმ პროპაგანდის გავლენის ქვეშ და მსხვერპლად, რასაც "გორბი" და ივანიშვილი ისახავს მიზნად. არცერთი ვერსია არ არის მომხიბვლელი. იმედია, ამას სწორად გაიაზრებს ოპოზიციური საზოგადოება, რომ "გორბის" სიყალბის სერიოზული შეფასება და ანალიტიკა, ამ ფონზე კი ახალი დაპირისპირებების შექმნა მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებშია", - წერს ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძ
გორბის კვლევა
გორბიმ" ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კვლევა ჩაატარა. საკვლევ კითხვაზე, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 56,2% -მა „ქართული ოცნება" დაასახელა.
გამოკითხულთა 10,7% „ლელო - ძლიერ საქართველოს" ასახელებს;
10% - „გახარია საქართველოსთვის";
9,5% - „კოალიცია ცვლილებებისთვის", გვარამია, მელია, „გირჩი", „დროა";
7,5% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";
3,2% - „გირჩი";
1,8% - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი";
1,1 % - სხვა პარტიები.
„იმედის" ინფორმაციას ავრცელებს, რომ , საზოგადოებრივი აზრის კვლევა თბილისისა და ქვეყნის მასშტაბით, პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა.
„საველე სამუშაოები: 22 ივნისი - 5 ივლისი. 2300 პირისპირი ინტერვიუ საქართველოს ზრდასრულ მოქალაქესთან (18 წლის და მეტი ასაკის).