
მმართველი პარტიის ოპონენტების მანტრად ქცეულ ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება" რუსულ საქმეს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება და ამ ნარატივის გავრცელებაში „ენჯეოებსა" და მოსყიდულ პოლიტიკოსებს ადანაშაულებს. შალვა პაპუაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ლიეტუვის მიერ საქართველოს კიდევ ათი მოქალაქის მიმართ სავიზო სანქციების დაწესება პოსტსაბჭოური ფენომენია და მათი პოლიტიკური ელიტის სიღრმისეულ ბოღმას უკავშირდება.
„აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის" საუკუნის კონსპირაციის მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის" იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც სხვა ქვეყნებში, მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით" ნერგავენ. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა ამ მოსყიდული „ენჯეოების" და პოლიტიკოსების ამოცნობის უნივერსალური ტესტიც მოგვცა - კოდური სიტყვები, რომლებიც „დიფ სთეითის" აგენტების შესავალი კურსით დატრენინგებულებს ამხელს - „რუსეთუმე", „პრორუსული", „რუსული ჩარევა", თუმცა სად იყო ეროვნული დაზვერვა, როდესაც წლების წინ ეს კონსპირაცია ზაზა ნოზაძის „ლიბერალმა ზაზებმა" ამხილეს", - წერს პაპუაშვილი.
როგორც შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ბალტიისპირეთის ქვეყნების პოლიტიკური ელიტის ქმედებები პოსტსაბჭოური ფენომენია.
„თურმე რა ბოღმას ატარებდა ბალტების პოლიტიკური ელიტა ქართველებზე, რომ დრო იხელთეს და უკვე ლამის ლოტოტრონით ირჩევენ სამიზნეს. იმის გათვალისწინებით, რომ ბალტების პოლიტიკური ელიტა დიდწილად კომუნისტური ნომენკლატურის ოჯახებისგან შედგება, ეს ბოღმა აშკარად საბჭოთა კავშირიდანაა ჩარჩენილი. რაღაც მომენტში სოვლაბი ალბათ ამ პოსტსაბჭოურ ფენომენსაც გამოიკვლევს, როდესაც მიხვდება, რომ უცხოური დაკვეთით ხელისუფლების დამხობა ისევ ჩაიშალა", - წერს შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქზე".
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყანამ საქართველოს კიდევ ათ მოქალაქეს სავიზო სანქციები დაუწესა. მათ ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.
შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას პოსტსაც ეხმაურება, სადაც „საფარის" ხელმძღვანელი წერს: „ძაან გაბლატევდნენ რუსები აქ და ქოცებმა გააბლატავეს ისინი! აგვისტოს ომის წინ რომ აქ რუს სამხედროებს ჩამოიყვან, აფუფუნებ, აასპარეზებ, კომფორტს შეუქმნი მთავრობა - ესაა პროვოკაცია, რასაც საქართველოს უწყობ! რა? არ იცის ქოცნებამ, რომ ხალხი ამას არ მოითმენს? იცის დ სპეციალურად გვიწყობს ამ პროვოკაციებს, რომ მერე ამ რუსი ღორების გამო ისევ ქართველი პატრიოტები დაიჭირონ!"
როგორც პაპუაშვილი ამბობს, პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა.
„რა თქმა უნდა, ეს ქსენოფობიაა და, რა თქმა უნდა, ეს ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული და წახალისებული ქსენოფობიაა. არანაირი „რუსეთი ომს აწარმოებს" არ ამართლებს ქსენოფობიას. ბევრ ქვეყანას უწარმოებია ომი და ბევრი დღესაც აწარმოებს, სადაც ადამიანები კვდებიან, მაგრამ ეს არავის აძლევს იმის უფლებას, ეროვნებები გამოარჩიოს და ისინი ზიზღის ობიექტად აქციოს.
„ეს არის, მინიმუმ, ჩვენი, ქართული მსოფლმხედველობა. ზოგადევროპულიც, წესით, ეს უნდა იყოს, ბოლო 80 წელი მაინც. სხვა შემთხვევაში, რაც ჩვენ ომები გადაგვიტანია, რამდენსაც ჩვენი ჭირი ნდომებია, ზიზღით და ბოღმით სავსე ერი უნდა ვყოფილიყავით. ასეთი ერი კი ათასწლეულებს ვერ გაუძლებდა.
„ამიტომ არიან ეს „ენჯეოები" ქართულ საზოგადოებას აცდენილი. ამიტომ არის ის ზიზღი, სიძულვილი, შუღლი და მტრობა, რომლითაც ისინი დღეს ქუჩებში დაიარებიან, ასე უცხო და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
„ქსენოფობიის მიზანი ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. ყველას გვახსოვს, იმავე „ენჯეოების" ქსენოფობიური კამპანია 2022 წელს. მაშინ საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიღაცამ ჭავჭავაძის გამზირზე სლავური გარეგნობის ქალს, რომელიც შემდეგ აღმოჩნდა, რომ წლები საქართველოში ცხოვრობდა, ქვა ესროლა.
„რა თქმა უნდა, ამ პროევროპული ქსენოფობიის ახალი ტალღის მიზანიც ზიზღის გაღვივება და ძალადობის წაქეზებაა. და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის საელჩო მის მიერ დაფინანსებულების ქსენოფობიას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ხოლო ბრიუსელის პრესსპიკერი იტყვის, რომ ეროვნების გამო ვინმესთვის „ღორის" წოდების ქსენოფობიად მოხსენიება დეზინფორმაციაა. რა დაუშლის?" - წერს შალვა პაპუაშვილი.
მოგვიანებით, ბაია პატარაიამ შალვა პაპუაშვილის პოსტი გააზიარა და დაწერა:
„უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა! ნუ გეშინია, არც ისე ძნელია. თუ სხვა რამე დაგავალეს და მაგიტომ გიჩუყდება გული რუსებზე?!"
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, „ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს საბაზისო ევროპულ ღირებულებებს: გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების წესს და ხალხის მანდატით მიღებულ კანონმდებლობას. ამის გარეშე ევროკავშირი ევროპა ვერ იქნება".