
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ცვლის, რადგან ქვეყანაში ინფლაცია მზარდია და მოლოდინიც ასეთივეა. სებ-ი მოელის, რომ 2025 წლის ინფლაციის დონე 3.8%-ის იქნება, თუმცა ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მაჩვენებელი შესაძლოა, უფრო მაღალი იყოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის 30 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 8%-ზე, დატოვების გადაწყვეტილება მიიღო
ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ ივნისში ინფლაციის 4%-მდე მატება მოითხოვს რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით ფრთხილ მიდგომას, რის გამოც ამჟამად განაკვეთის შემცირება მიზანშეწონილი არაა.
„2025 წლის ივნისის მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4%-ით გაიზარდა. მიზნობრივ, 3%-იან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებზე არსებული ტენდენციისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაა.
მნიშვნელოვანია, რომ ინფლაციური მოლოდინი სტაბილურია. კერძოდ, მომსახურების სექტორის ინფლაცია, რომლის ფასების ცვლილება შედარებით ხისტია და გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინს კარგად ასახავს, მიზნობრივ 3%-ზე დაბლა შენარჩუნდა და 2.3%-ს გაუტოლდა. ასევე, თითქმის ორი წელია მიზნობრივ დონეზე დაბალია საბაზო ინფლაცია. პარალელურად, იმპორტირებული პროდუქტების ფასები კვლავ დეფლაციურია, მეტწილად საწვავის ფასების წლიურად შემცირების ხარჯზე", - წერია სებ-ის განცახდებაში და ასევე ნათქვამია, რომ წელს საქართველოში ინფლაცია საშუალოდ 3.8% იქნება.
წლიურ ინფლაცის იგივე დიაპაზონში პროგნოზირებს საქართველოს საბანკო ასოციაცია. როგორც ასოციაციის ანალიტიკური დირექტორი დავით რუსია მიიჩნევს, ეროვნული ბანკის მომავალ სხდომამდე ინფლაციის მნიშვნელოვან ცვალებადობას არ უნდა ველდოთ.
„რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებაში ჩვენი მოლოდინი გარკვეულწილად გამართლდა, რადგან ზაფხულის პერიოდში ვფიქრობდით, რომ მთავარი მარეგულირებელი თავს შეიკავებდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან. ამაზე მსჯელობისას ჩვენ გავითვალისწინეთ, რომ შემოდგომამდე ეროვნული ბანკი დააკვირდებოდა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, შეაჯამებდა ტურისტულ სეზონს, ფულად გდმორიცხვებს, რომელიც ზაფხულის პერიოდში იქნება და მხოლოდ და მხოლოდ შემოდგომის შემდეგ შემოინახავდა აქტიური გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტს.
რაც შეეხება ინფლაციას, თავად ეროვნული ბანკის პრესრელიზშიც იკითხება და თან თუ გავიხსენებთ მათ რამდენიმე განცხადებას, მათ შორის სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, მაშინ ითქვა, რომ 4%-ის ფარგლებში იყო ინფლაციის ზრდის მოლოდინი, თუმცა საშუალო წლიური ინფლაცია 3-3.5%-ის ფარგლებში ტრიალებდა და ამაზე გარკვეულწილად ეროვნულმა ბანკმა თავისებური პასუხისმგებლობა და დავალებაც აიღო.
საერთაშორისო რეზერვების მიმართულებით იყო გაკეთებული მნიშვნელოვანი მინიშნება და 2024 წლის ოქტომბერში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსრიდა, მას შემდეგ ეროვნულმა ბანკმა დაახლოებით 600 მილიონი დოლარით შეავსო რეზერვები და ის დღესდღეობით, თუ არ ვცდებით, 4.7 მილიარდი დოლარს უტოლდება.
აღინიშნა, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების ფარგლებშია. ეროვნული ბანკის მომავალ სხდომამდე ინფლაციის მნიშვნელოვან ცვალებადობას არ უნდა ველდოთ. 3.8%-ზე პროგნოზირებს სებ-ი ინფლაციის წლიურ მაჩვენებელს და ჯერჯერობით, ის გარემო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ რამე განსხვავებული იქნება. სებ-ის პროგნოზი საფუძვლიან ანალიზს ეფუძნება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშუალო ინფლაცია სადღაც 3.5-3.7%-ის დიაპაზონში იქნება", - განუცხადა „რეზონანსს" დავით რუსიამ.
ეროვნული ბანკის პროგნოზზე მაღალ ინფლაციურ დონეს მოელის სტატისტიკოსი გივი მომცელიძე. როგორც მან აღნიშნა, მაჩვენებლის ზრდის საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს და სწორედ ამიტომ არ იცვლება რეფინანსირების განაკვეთი.
„ინფლაციის ზრდის საფრთხე ისევ არსებობს და ეროვნული ბანკი ამიტომაც არ ცვლის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, რაც სრულიად ლოგიკურია და არ არის გასაკვირი. საფრთხე რომ არ არსებობს, რა თქმა უნდა, რეფინანსირების განაკვეთს დაწევდა ეროვნული ბანკი.
ეროვნული ბანკი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წლის ინფლაცია 3.8% იქნება და წესით, უფრო მაღალი შეიძლება იყოს. სამწუხაროდ, ძალიან ვართ მიბმული რუსეთზე, სადაც საშინელი ინფლაციის დონეა. იქ, რეფინანსირების განაკვეთი დაწიეს და, სავარაუდოდ, ინფლაციის მაჩვენებელი გვარიანად გაიზრდება, რისი ტალღაც ჩვენამდეც მოაღწევს რაღაც დოზით. მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი, თურქეთშიც მაღალია ინფლაცია და ესეც ახდენს ჩვენზე გავლენას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ აიწევს და სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ლოგიკურია მაღალ მაჩვენებელზე შენარჩუნებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი", - განუცხადა „რეზონანსს" გივი მომცელიძემ.
ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი სხდომა 2025 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.