2025 წლის 7 თვეში საქართველოდან უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე გაუშვეს
გვანცა წულაია
30.07.2025

მაღალი მიგრაციის ფონზე საქართველოდან არელეგალურად მყოფ უცხოელებს აძევებენ. მიმდინარე წლის პერიოდში ქვეყნიდან იმაზე მეტი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 2024 წლის მთლიან მონაკვეთში. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მთავრობა უცხოელებისთვის საქართველოში ცხოვრების, ბინადრობისა და მუშაობის უფლების მოპოვებისთვის პირობები გაამკაცრა.

უკვე ძალაშია „შრომითი მიგრაციის კანონში&ქუოტ; დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ.

კანონის შემოღების პარალელურად, ქვეყნიდან არალეგალურად მყოფ მიგრანტებს უშვებენ, 2025 წლის 7 თვის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 640 მოქალაქე გააძევეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ამ პერიოდში გაძევებული პირების რაოდენობა 233%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, რაც იმას ნიშნავს, რომ შარშან 7 თვეში უცხო ქვეყნის დაახლოებით 274 მოქალაქე გააძევეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2024 წელს ჯამურად საქართველოდან უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე იყო გაძევებული, ანუ წელს 7 თვეში უცხო ქვეყნის უფრო მეტი მოქალაქე გააძევეს, ვიდრე სრულად 2024 წლის განმავლობაში.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა და საქართველოდან გაძევების განხორციელება&ქუოტ;, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ივნისში მიგრაციის დეპარტამენტმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოდან უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე, ბოლო დღეებში კი 15 ქვეყნის 36 მოქალაქის გააძევა.

ბოლო დღეებში გაძევებული პირები აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნეპალის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, ფილიპინების და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

არელეგალი მიგრანტების ქვეყნიდან გაძევების პოლიტიკას დადებითად აფასებენ სპეციალისტები. როგორც სოციოლოგი პაატა აროშიძე ფიქრობს, ასეთი ქვედებით სახელმწიფო ასრულებს თავის მოვალეობას.

„პირველ რიგში, არალეგალი მიგრანტების საქართველოდან გაძევება აუცილებელი პროცედურაა, რადგან სახელმწიფო ასრულებს თავის მოვალეობას. წარმოიდგინეთ, ქვეყანაში უკანონოდ შემოსულია ადამიანი, მას არ აქვს საქართველოში ცხოვრების თუ გადაადგილების უფლება და მაინც რჩება აქ, ამიტომ, რა თქმა უნდა, აუცილებელია, სახელმწიფომ თავისი საკონსტიტუციო ვალდებულება შეასრულოს. სხვანაირად გამოვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნებისმერს შეუძლია შემოსლვა და დარჩენა.

რაც შეეხება მიგრანტების რაოდენობასა და მათ შემოსვლის მიზანს, ეს არმდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველი - ძირითადად აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები არიან. მაგალითად, ინდოელების უმეტესი ნაწილი საქართველოში შემოსულია სწავლისათვის. ანუ, ისინი აბარებენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და სწავლის დასრულების შემდეგ უკან მიდიან. ამ ნაწილში ყველაფერი კანონის ფარგლებშია.

მიგრანტების მეორე ნაწილი სამუშაოდ შემოსულები არის. ისეთები, როგორებიც არიან თურქები, ჩინელები, ვიეტნამელები და ა.შ. როდესაც ინვესტორი და დამსაქმებელი უცხოელია, ისინი ეძებენ იაფ მუშა ხელს და მიგრანტები შემოჰყავთ იაფი მუშა ხელის სახით. აქაც, კანონი არ ირღვევა, რადგან შემოსული არიან იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც ორმხრივი უვიზო რეჟიმია გავრცელებული. ისინი სამი თვის განმავლობაში არარეზიდენტი ფიზიკური პირები არიან და სამი თვის შემდეგ ჩანაცვლდებიან სხვებით, საშემოსავლო გადასახადი რომ არ იქნას გადახდილი.

მიგრანტების მესამე ნაწილი არის რუსეთიდან და უკრაინიდან ომს გამოქცეული მოქალაქეები და ყველაზე მეტად აქ ესენი არიან დამკვიდრებულები, რადგან მათ საქართველოში ნახეს თავიანთთვის შესაფერისი გარემო. ისინი მუშაობენ ონლაინ და აქვთ თავიანთი კაფე-ბარები, რესტორნები, გასართობი დაწესებულებები. შემოსავლების სამსახური კი ასეთი უკანონო კაფე-ბარების გამოსავლენად აქტიურად მუშაობს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინაშიც კი აქვთ მოწყობილი ასეთი ადგილები", - განუცხადა „რეზონანსს" პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ მიგრაციის პრობლემა ყველა ქვეყანას აწუხებს და საქართველო გამონაკლისი არაა.

კიდევ ერთი სპეციალისტი, აკედემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ვინ და რატომ შემოდის საქართველოში.

„რეგულაცია უნდა იყოს და საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს კანონის გამკაცრებაც და არალეგალურად მყოფი მიგრანტების გაძევებაც. მით უმეტეს მაშინ, როდესაც არაა დიდი განსხვევება ქართველების საქართველოდან წასვლასა და უცხოელების აქ შემოსვლას შორის. ასე, რომ ქვეყანა სრულიად უფლებამოსილია იყოს საქმის კურსში და შესაბამისი რეგულაციაც გაატაროს.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ წინააღმდეგი საქართველოში მყოფ უკანონო მიგრანტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრების ან მათი ქვეყნიდან გაძევების. საქართველო პატარა ქვეყნაა, მცირე მოსახლეობა ჰყავს და როდესაც ყოველწლიურად 10 ათასობით მიგრანტი შემოდის, ცხადია, რეგულაცია ყველა მხრივ უნდა იყოს. მათ შორის ეროვნული ინტერესიდან გამომდინარე. მათგან მიღებული რაიმე სახის შემოსავალი კი ეროვნულ ინტერესს ვერასოდეს ვერ გადაფარავს. ასე, რომ ცხადია, კონტროლი საჭიროა, რადგან ამას აქვს პოლიტიკური მნიშვნელობაც. უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ ვინ და რატომ შემოდის საქართველოში", - განუცხადა „რეზონანსს" ავთო სილაგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×