
ბანკი "ქართუ" ტელეკომპანია "პირველს" სასამართლოში უჩივის. დამოუკიდებელ საქართველოში ერთ-ერთი პირველი კერძო საფინანსო ინსტიტუტი მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანიაზე საუბრობს. ბანკის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დღეს განმარტა, რომ "ქართუ" არც ბიძინა ივანიშვილის, არც უტა ივანიშვილის და არც რომელიმე კერძო პირის საკუთრებაში არაა. ის საქველმოქმედო ფონდს ეკუთვნის, კომერციული მოგება კი სრულად "ქართუს" ქველმოქმედებას ხმარდება. ბანკი ტელე არხისგან არასწორი ინფორმაციის უარყოფას ითხოვს.
კიდევ ერთი სიცრუე, რომლის უარყოფასაც ბანკი "ქართუ" ითხოვს, "სვიფტთან" დაკავშირებულ ინფორმაციას ეხება. საუბარია ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე დაყრდნობით, ტელევიზიის მხრიდან იმის მტკიცებაზე, რომ საფინანსო ინსტიტუტი საერთაშორისო საგადახდო სისტემიდან შესაძლოა ჩაიხსნას. ბანკის წარმომადგენელი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაზე საუბრობს. განმარტავს, რომ პასუხისმგებლობიანი საფინანსო ორგანიზაცია, მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით, ვალდებულია მსგავს დეზინფორმაციულ შეტევას შესაბამისი პასუხი გასცეს.
ბიძინა ივანიშვილისა და მის მიერ გაწეული საქველმოქმედო საქმიანობის დისკრედიტირების მცდელობის უკან, პოლიტიკურ მდგენელს ხედავს მმართველი გუნდი. პარლამენტის სპიკერმა "ქართუს" წინააღმდეგ დაწყებული კამპანია დღეს "ლელოს" ლიდერს და ყოფილ ბანკირს დაუკავშირა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის ქველმოქმედების მასშტაბი ოპონენტებისთვის მიუღებელია.
საფინანსო სისტემა რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ფუნდამენტია, ამაზე ეკონომისტები საუბრობენ. სპეციალისტების აზრით, დეზინფორმაციულმა კამპანიამ შესაძლოა არამარტო ერთი ბანკის იმიჯს, არამედ ზოგადად სექტორს შეუქმნას პრობლემა. რაც, მათი აზრით, დაუშვებელია და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
ბანკი "ქართუ" "ტვ პირველის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას რამდენიმე მიმართულებით გეგმავს. საფინანსო ინსტიტუტში განმარტავენ, რომ ტელეკომპანიის მხრიდან საჩივრის არასწორი ინტერპრეტირება და მისი ტელევიზიის მიერ გამოყენებულ ტერმინებთან დაკავშირება ხდება, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტულ მედიასაშუალებებს სჩვევიათ, მათ ამჯერადაც აბსურდული, ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს და ბანკი "ქართუს" მიერ მათ წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი საჩივრის პოლიტიზება და ყოვლად სამარცხვინოდ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირება სცადეს.
საქმე ის გახლავთ, რომ ბანკი "ქართუ" არც ბიძინა ივანიშვილის, არც უტა ივანიშვილის და არც რომელიმე სხვა კერძო პირის საკუთრება არ არის - ბანკი "ქართუ" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" საკუთრებაა.
ეს მოცემულობა ძალიან კარგად იციან ოპოზიციის პროპაგანდისტებმა, თუმცა ჯიუტად ცდილობენ ბანკის დაკავშირებას ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან.
მას შემდეგ, რაც ბანკი "ქართუ" ბიძინა ივანიშვილმა საქველმოქმედო ფონდს გადასცა, ნებისმიერი ფინანსური მოგება ეკუთვნის საქველმოქმედო ფონდს და შესაძლოა დაიხარჯოს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებისთვის.
ბიძინა ივანიშვილმა წლების განმავლობაში მსხვილი ინვესტიციებით შექმნა უზარმაზარი კაპიტალი და აბსოლუტურად ყველაფერი ბანკთან ერთად სწორედ საქველმოქმედო ფონდს გადასცა.
თითოეული თეთრი, რომელიც შესაძლოა იყოს ბანკისა თუ სხვა ბიზნესის, მაგალითად სასტუმროს მოგება - იხარჯება მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებაში. რაც შეეხება უტა ივანიშვილს, ის არის თანამფლობელი "ქართუ ჯგუფის", რომელიც თავის მხრივ საქველმოქმედო ფონდის განმკარგველია. თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული განკარგვა ეხება მხოლოდ იმას, თუ რომელ და როგორ საქველმოქმედო პროექტებზე განაწილდეს ფონდში არსებული რესურსი.
რაიმე სახის შემოსავალი ან სარგებელი არც "ქართუ ჯგუფს" და მით უმეტეს, არც უტა ივანიშვილს არ გააჩნიათ. ცხადია, ეს ინფორმაციაც საჯაროა და ძალიან კარგად მოეხსენებათ ოპოზიციის პროპაგანდისტებს, თუმცა მიზანმიმართულად მალავენ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის და ზოგადად, ქველმოქმედების არსის დისკრედიტაციის მიზნით!
რაც შეეხება "ტვ პირველის" წინააღმდეგ ბანკი "ქართუს" საჩივარს; რეალურად, აღნიშნული ტელევიზიის მხრიდან, ბანკი "ქართუ" არაერთხელ გამხდარა დამახინჯებული, ცილისმწამებლური ინფორმაციის მსხვერპლი. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ტელევიზიის მიერ მომზადებული სიუჟეტი მიზანმიმართულადაა აგებული იმგვარად, რომ დაარწმუნოს საზოგადოება, თითქოსდა ბანკის SWIFT-დან გათიშვა დაკავშირებულია ბანკის ბენეფიციართან, რაც ცალსახად სიცრუეა. რეპორტაჟი აგებულია მხოლოდ ცრუ ბრალდებებზე, არ არის მოყვანილი კონკრეტული ფაქტები და მიზნად ისახავს საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენების შექმნას ბანკის მიმართ.
იმის გათვალისწინებით, რომ SWIFT-თან, ანუ საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებით ნებისმიერი დეზინფორმაციულ საკითხზე ბანკი "ქართუ" ვალდებულია სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, ბანკმა "ტვ პირველის" წინააღმდეგ სასამართლოს სწორედ SWIFT-თან არსებული საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში მიმართა. ეს ფაქტი "ტვ პირველმა" საზოგადოებას დაუმალა და თქვა მხოლოდ ის, რომ საჩივარი ბანკის ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქის საკუთრებად მოხსენიების გამო დაიწერა. ცხადია, ესეც უდიდესი ტყუილია, თუმცა ამჯერად ოპოზიციის ტელევიზიას საკუთარ ტყუილებზე პასუხისგება სასამართლოს და საერთაშორისო გადახდის სისტემის წინაშე მოუწევს.