მარიამ ვეკუა
01.08.2025

სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც პალესტინის აღიარებას ითხოვს, იზრდება. ამჯერად, კი კანადა და მალტაც მზადყოფნას გამოხატავენ. საბოლოო გადაწყვეტილებას ეს სახელმწიფოები 23 სექტემბერს, მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოაცხადებენ. აშშ და ისრაელი კვლავ წინააღმდეგობის რეჟიმში იმყოფებიან. როგორ განვითარდება პროცესები? მოიტანს თუ არა პალესტინის აღიარება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას და რა პოზიციას დაიჭერს საქართველო გლობალურ პროცესების ფონზე? - ეს საკვანძო საკითხად რჩება.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საკამოდ რთულია იმის თქმა, როგორ იმოქმედებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ისრაელ-პალესტინის მრავალწლოვან კონფლიქტზე.

„საკმაოდ რთული საკითხია. არიან სახელმწიფოები, რომლებიც პალესტინის აღიარებას ეწინააღმდეგებიან, ასევე, ბოლო პერიოდში არიან სახელმწიფოები, რომლებიც თავს იკავებდნენ და ფიქტიურად ისრაელს უჭერდნენ მხარს. ზოგმა სახელწმიფომ, უფრო გამოიკვეთა პოზიცია, რომ საჭიროა გადახედოს გადაწყვეტილებას. წინასწარ რთულია თქმა, ეს ხელს შეუწყობს თუ არა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებას, მაგრამ ფაქტია, რომ სტატუსის გარეშე პალესტინას კიდევ უფრო უჭირს ისრაელთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობის შენარჩუნება."

კაკაჩიას თქმით, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასრულებას ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

„არსებობს მოსაზრება, რომ რაც უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს პალესტინას, მაშინ იძულებული იქნებიან როგორც ისრაელი, ისე შეერთებული შტატები, რომ მოლაპარაკებები სხვა განზომილებაში გადაიყვანონ. თუმცა, ის პროცესები, რასაც დღეს ვხედავთ, ამის საფუძველს არ ეძლევა. ვითარება იმდენად განსხვავებულია, რომ არ იძლევა იმ შესაძლებლობას, ვივარაუდოთ - უახლოეს პერიოდში, თუნდაც პალესტინის მასობრივად აღიარების შემთხვევაში - რომ კონფლიქტი დასრულდება. მით უმეტეს, იმის ფონზე, რომ ათწლეულებია, ეს მცდელობა უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს, სადაც ჩართული იყვნენ აშშ, გაერო... თუმცა ჯერჯერობით ბოლოს არ უჩანს."

კითხვაზე, როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს, თსუ-ს პროფესორი ამბობს, რომ „ალბათ , ნეიტრალური".

„საქართველომ, ალბათ, თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სჯობს ნეიტრალური პოზიცია აირჩიოს. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ამჟამად არც ისრაელთან და არც პალესტინასთან არ გვაქვს ისეთი სტრატეგიული ურთიერთობა. მით უმეტეს, უნდა გამოვიდეთ ჩვენი ინტერესებიდან, რაც რეგიონის ჭრილში გვაქვს.

„გარდა ამისა, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, როგორ გადაწყვეტენ ამ საკითხს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - შეერთებული შტატები და ევროკავშირი. როგორც ჩანს, დღეს ეს საკითხი ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს და, სავარაუდოდ, მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რასაც საჭიროდ ჩათვლის ხელისუფლება."-განაცხადა კაკაჩიამ.

მალტა აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში მას „მდგრადი მშვიდობა" სურს

მალტის პრემიერ-მინისტრმა რობერტ აბელამ საკუთარ ფეისბუქზე ოფიციალურად განაცხადა, რომ მალტა სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი წარმოადგენს ქვეყნის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ახლო აღმოსავლეთში „მდგრადი მშვიდობის" დასამყარებლად.

ხმელთაშუა ზღვის კუნძულოვანი სახელმწიფო და ევროკავშირის წევრი მალტა ამით 145-ზე მეტ ქვეყანას შეუერთდება, მათ შორის ათზე მეტ ევროპულ სახელმწიფოს, რომლებიც უკვე პალესტინის სახელმწიფოებრიობას აღიარებენ.

მალტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი მდივნის, კრისტოფერ კუტაჯარის განცხადებით, მალტა დიდი ხანია მხარს უჭერს პალესტინელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებას და მიიჩნევს, რომ „როგორც პასუხისმგებელ საერთაშორისო აქტორს, აქვს ვალდებულება, ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის კონცეფცია თეორიიდან პრაქტიკაში გადაიტანოს".

„სწორედ ამ საფუძველზე მიიღო მალტის მთავრობამ პრინციპული გადაწყვეტილება, სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ოფიციალურად აღიაროს პალესტინის სახელმწიფო", - აღნიშნა კუტაჯარმა.

პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის თქმით, კანადა ანალოგიურ განცხადებას მსოფლიო ლიდერების ყოველწლიურ შეხვედრაზე გააკეთებს, რომელიც 23 სექტემბერს იწყება.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 193 წევრიან სხდომაზე, პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიაროს. მსოფლიო ლიდერების ყოველწლიური შეხვედრა 23 სექტემბერს გაიხსნება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, სამშაბათს დაადასტურა, რომ ლონდონი ასევე გეგმავს აღიარებას, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა გადაიდოს, თუკი ისრაელი უახლოეს რვა კვირაში ცეცხლის შეწყვეტასა და გრძელვადიან სამშვიდობო პროცესზე დათანხმდება.

საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და კანადა - დასავლეთის სამი უმსხვილესი ინდუსტრიული ქვეყანა და დიდი შვიდეულის წევრები - უკვე საჯაროდ აფიქსირებენ მხარდაჭერას პალესტინის სახელმწიფოებრიობის მიმართ. ეს გლობალურ დასავლეთში ერთგვარი კონსენსუსის ფორმირებას უკაფავს გზას.-წერს გამოცემა „როიტერზი"

ისრაელი ისევ წინააღდმეგობის რეჟიმშია

ისრაელი პალესტინის აღიარებას მკაცრად ეწინააღმდეგება და აშშ-სთან ერთად, გაეროს ასამბლეის შეხვედრას ბოიკოტს უცხადებს. ისრაელის ელჩმა გაეროში, დანი დანონმა, კონფერენციის მონაწილე 125-მდე ქვეყანა მწვავედ გააკრიტიკადა და მათი პოზიცია პალესტინის აღიარების საკითხში დაგმო. მისი თქმით, „მსოფლიოში არიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ებრძვიან ტერორისტებს, და არიან ისეთებიც, რომლებიც თვალს ხუჭავენ ექსტრემისტებზე ან ცდილობენ მათთან შეთანხმებას."

მალტის წარმომადგენელმა, კრისტოფერ კუტაჯარმა, მას უპასუხა: „აღიარება მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არ არის - ეს არის ნაბიჯი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის რეალიზაციისკენ."

საინტერესოა, რომ გაეროს ფარგლებში გამართული შეხვედრის ფარგლებში, 15-მა დასავლურმა ქვეყანამ შვიდ გვერდიანი დოკუმენტი - „ნიუ-იორკის მოწოდება" - დაამტკიცა. ტექსტში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული ქვეყნები უკვე აღიარებენ, ან გამოხატავენ პოზიტიურ განწყობას პალესტინის სახელმწიფოს საერთაშორისო აღიარების მიმართ. დოკუმენტში იგი შეფასებულია როგორც ორი სახელწმიფოს შორის მშვიდობის მიღწევისკენ გადადგმული არსებითი ნაბიჯი. მონაწილე ქვეყნებმა მოუწოდეს ყველა იმ სახელმწიფოს, ვინც ჯერ არ აღიარებს პალესტინას, შეუერთდნენ მათ მოწოდებას.

აღსანიშნავია, რომ მომლოდინე ქვეყნების რიგებში ასევე ფიგურირებენ ანდორა, ავსტრალია, ფინეთი, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, პორტუგალია და სან-მარინო.

აშშ-სა და რუსეთის პოზიცია

აშშ-ს პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ კანადა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს, მას აშშ-სთან პრობლემები შეექმნება, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი წარმომადგენელი მალე ისრაელში, შემდეგ კი რუსთში გაემგზავრება.

„კანადამ ახლახან გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრივ სტატუსს მხარს უჭერს. ეს მათთან სავაჭრო შეთანხმების მიღწევას გაართულებს. ოჰ, კანადა!!!" - წერს დონალდ ტრამპი.

უფრო ადრე კი აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა მარკო რუბიომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მკაცრად გააკრიტიკა.

„ეს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სილის გაწვნაა", - დაწერა მარკო რუბიომ.

რუსეთის მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარებამ ხელი შეუწყო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობის შენარჩუნებას, უთხრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა ტას-ის ჟურნალისტს.

„რუსეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ისრაელი დე იურე და დე ფაქტოდ აღიარა, დაამყარა და განავითარა მეგობრული ურთიერთობები ამ ქვეყანასთან. ამავდროულად, ჩვენ ასევე განვავითარეთ ურთიერთობები პალესტინასთან. 1990 წლიდან მოსკოვში ფუნქციონირებს პალესტინის სახელმწიფოს საელჩო. <...> მე მჯერა, რომ რუსეთის მიერ [პალესტინის] აღიარებამ, დიდი როლი ითამაშა იმის უზრუნველყოფაში, რომ ორ სახელწმიფოს შორის კონფლიქტი დასრულდეს და დარჩეს - თქვა მან და აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის ემხრობოდა „პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის დასრულებას საერთაშორისო სამართლებრივ საფუძველზე".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×