ნატალია ჯვარიძე
02.08.2025

5 აგვისტოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილება ეწურება და სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს გამოქვეყნდება კომისიის დასკვნა. კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა უკვე გააკეთა მინიშნება, თუ რაზე იქნება მთავარი აქცენტები. ანალიტიკოსები დასკვნის შესაძლო შინარსზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ამის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ „ნაცმოძრაობა" დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადებისა და მასთან დაკავშირებული პარტიების აკრძალვის საკითხის განხილვა დაიწყოს. გარდა ამისა, ანალიტიკოსები ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმის აღძვრასაც ელოდებიან.

თავად მმართველი პარტიის წარმომადგენლები არც მალავენ, რომ კომისიის მუშაობის საბოლოო შედეგი „ნაციონალური მოძღაობისა" და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების აკრძალვა იქნება. ამაში იგულისხმება როგორც თავად „ნაციონალური მოძრაობა", ასევე ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას „ახალი", ელენე ხოშტარიას „დროა", ზურა ჯაფარიძის „გირჩი", გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელი", ასევე „ევროპული საქართველო" და „ფედერალისტები".

თეა წულუკიანმა ორიოდე კვირის წინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კომისიის დასკვნის შესავალში, სავარაუდოდ, ნაჩვენები იქნება, რომ „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდა გადატრიალებითა და გაყალბებული არჩევნებით.

„გამოიკვეთა ისეთი მიმართულებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, საჭიროებს დასკვნაში ასახვას. ორ მაგალითს გეტყვით. როგორც დოკუმენტურად იკვეთება, „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდა იმ მოვლენების შედეგად, რომელსაც მცდარად დაერქვა „რევოლუცია". ჩვენ ამას ვიკვლევთ და, სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ ეს არ იყო ხავერდოვანი რევოლუცია, ეს იყო ხავერდოვანი რევოლუციის ფორმით შეფუთული სახელმწიფო გადატრიალება. შემდეგაც, მომდევნო თვეებში, როცა უკვე არჩევნების ჩატარება გახდა საჭირო, ხელისუფლებაში და ამ დარბაზში შემოვიდნენ გაყალბებული არჩევნების შედეგად. ამაზე თავისი სიტყვა აქვს ნათქვამი სტრასბურგის სასამართლოს.

„მაშინ ცესკო-ს ხელმძღვანელობდა ჭიაბერაშვილი. ეს თემა გამოიკვეთა და, ვფიქრობთ, დასკვნის შესავალში მოხსენიებული იქნება, ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში.

„რა თქმა უნდა, ვინაიდან თქვენგან ამისი მანდატი არ გვაქვს, ეს მიმართულება ძირფესვიანად ვერ იქნება გამოკვლეული, პარლამენტისგან სხვა თემები გვაქვს საკვლევად დავალებული, მაგრამ შესავალ ნაწილში, სადაც დაისმება კითხვა - ვინ და როგორ მოვიდა ხელისუფლებაში - ეს სათანადოდ იქნება ნაჩვენები.

„იქნება ნაჩვენები, რომ ხელისუფლებაში მოვიდა მავნებელი ძალა. ახსნილი იქნება, რას ნიშნავს ეს, როგორ მოვიდა ხელისუფლებაში - მოვიდა გადატრიალებით, გაყალბებული არჩევნებით. ამ შემთხვევაში, რაკი მუშაობა ჯერ არ დაგვისრულებია, შედარებით რბილად ვსაუბრობ. ეს არ იქნება ცარიელი შეფასებები, შესავალში ნაჩვენები იქნება მოკლედ, კონკრეტულად, დოკუმენტებზე დაფუძნებულად", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გამოიკვეთა მეორე საკითხიც და, სავარაუდოდ, კომისიის დასკვნის შესავალ ნაწილში მოხვდება, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება იყო „ანტიქართული რეჟიმი".

„მეორე საკითხს, რაც გამოიკვეთა, ადგილს მივუჩენთ ასევე შესავალ ნაწილში, ვინაიდან ამის კვლევის მანდატი პარლამენტისგან არ გვქონია. სავარაუდოდ, ვიტყვით, რომ, ყველაფერთან ერთად, ეს იყო ანტიქართული რეჟიმი, რაც ცალსახად იკვეთება ჩვენი კვლევის შედეგად.

„ამჟამად ვმუშაობთ ძველ საგაზეთო სტატიებზე, მათ მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა ახალი ქართველის შექმნას - რეალურად, ჩვენი ერის გადაგვარებას. ამაში დიდი წვლილი შეიტანა ასევე მაშინდელმა განათლების სისტემამ და იმ გრიფირებულმა სახელმძღვანელოებმა, რომელთა ასლებიც ამჟამად განათლების სამინისტროსგან გამოთხოვილი გვაქვს. განსაკუთრებით საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, ვიდრე იყო ის „დედა ენა" თუ მისი ელემენტები, რაც ისწავლებოდა სრულიად გარდაქმნილი სახით და ასე შემდეგ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ისე ვერ ვიმუშავებთ, როგორც სხვა თემებზე ვმუშაობთ, მაგრამ ნამდვილად გამოიკვეთა ეს მიმართულებები. რაკი გამოიკვეთა, გვინდა შემოგთავაზოთ მსჯელობისთვის. ოღონდ ეს იქნება შესავალში, რეჟიმის დასახასიათებლად, როცა ვიტყვით, ვინ მოვიდა, როგორ მოვიდა. შემდეგ მთელი დასკვნა მიეძღვნება იმას, რომ მოვიდა, რა გააკეთა.

„დასკვნის ბოლოსიტყვაობა იქნება იმის თაობაზე, რა უნდა ვქნათ ახლა, როდესაც არამც თუ ხელისუფლებაში ყოფნისას დააშავეს, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც უშავებდნენ ხალხს, სახელმწიფოს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რა იქნება დასკვნაში

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, სავარაუდოდ, „ნაცმოძრაობა" დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდება.

„ვფიქრობ, მთავარი აქცენტები გაკეთებული იქნება იმ საკითხებზე, რის გამოც კომისია შეიქმნა. მთავარი მიზანია „ნაცმოძრაობის" მმართველობისთვის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასების მიცემა და მისი აკრძალვა, მისი გაყვანა პოლიტიკური ველიდან. დიდი ალბათობით, ამას მოჰყვება საკონსტიტუციო სასამრთლოში სარჩელი და შესაბამისად, დაიწყება ის პროცედურები, რაც საჭიროა ამ გაცხადებული მიზნის მისაღწევად.

„კონკრეტულად რა შინაარსი იქნება ამ დოკუმენტში, რა თქმა უნდა, ვერ გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რაც საზოგადოებამ იხილა კომისიის მიერ საჯაროდ გამართული და ტრანსლირებული მოსმენებისგან, ზოგადად შეიძლება ვთქვა, რომ „ნაცმოძრაობა" გამოცხადებული იქნება დანაშაულებრივი ორგანიზაცია და ასევე, შესაძლებელია, მის ცალკეულ წევრებს დამატებითი ბრალი წაუყენონ იმ ფაქტების საფუძველზე, რაც კომისიამ გამოიძია.

„ჩვენ რაც ვნახეთ, ეს ერთი ნაწილია, მაგრამ არის სამხილების და დოკუმენტების მეორე ნაწილი, რაც საჯარო არ არის. შესაბამისად, ამ ყველაფრის შეჯამების საფუძველზე მე ველოდები, რომ ასეთი ტიპის დასკვნა დაიდება, ანუ „ნაცმოძრაობა" დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოცხადდება", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, დასკვნაში მთავარი აქცენტი 2008 წლის აგვისტოს ომზე გაკეთდება.

„დიდი ალბათობი, გაკეთდება დასკვნა, სადაც საქართველო დადანაშაულდება ომის დაწყებაში და აქედან გამომდინარე, „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიები, როგორც თავად „ოცნებაში" ამბობენ, გამოცხადებიან დამნშავეებად და საფუძველი შეიქმნას, რომ ისინი კანონგარეშედ გამოცხადდნენ. მითუმეტეს, როცა ახლოვდება აგვისტოს ომის მორიგი წლისთავი. ამ კომისიის შექმნა სამწუხარო ამბავია, რაც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს", - თქვა ჩიტაძემ.

კომისიის დასკვნა და ადგილობრივი არჩევნები

ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, კომისიის დასკვნის შემდეგ მოსალოდნელია მმართველი პარტიის რეიტინგის გაზრდა.

„შეიძლება მმართველი პარტიის მომხრეები გაიზარდოს, მე ასე ვვარაუდობ. როდესაც „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოდიოდა, მისი ერთ-ერთი პირობა იყო სამართლიანობის აღდგენა, რაც იმას ნიშნავდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის", როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის სამართლებრივ-პოლიტიკური საქმიანობა უნდა შეფასებულიყო და შესაბამისად, ვერდიქტი უნდა გამოტანილიყო, რათა პოლიტიკური ველიდან გასულიყო. ეს აქამდე ვერ მოხერხდა სხვადასხვა ფაქტორების გამო, მაგრამ, როგორც იტყვიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ, რომ ამან მმართველ პარტიას გარკვეულწილად რეიტინგი მოუტანოს.

„რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობა" და მისი დანაყოფები თვითმართველობის არჩევნებში ისედაც არ მონაწილეობენ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათთვის გარკვეულ პრობლემებს შექმნის. შეეცდებიან ამაზე საინფორმაციო-პროპაგანდისტული ხმაურის ატეხას, დასახმარებლად მოუხმობენ თავიანთ საერთაშორისო მოკავშირეებს. თუმცა არ მგონია ამის ნიადაგზე რაღაც მასობრივი გამოსვლები და მიტინგები ვიხილოთ. საპროტესტო გამოსვლები იქნება, მაგრამ ეს იქნება ჩველებრივი პროტესტი, რაც აქამდე გვინახავს.

„აქ მთავარი ისაა, რომ „ოცნება" ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ნაბიჯზე მიდის, რადგან ჯერჯერობით საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია აეკრძალათ. აქედან გამომდინარე, თუ „ნაცმოძრაობა" აიკრძალება, ამას მოჰყვება, როგორც შიგნით, ისე გარეთ პოლიტიკური რეზონანსი.

„არ დაგვავიწყდეს, რომ „ნაცმოძრაობა" არის ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი და საზღვარგარეთ ბევრი მოკავშირე ჰყავს. ასე რომ, ეს პროცესი ასე მარტივად არ ჩაივლის. თუმცაღა, როგორც ჩანს, „ოცნება" ითვალისწინებს ამას და გარკვეულწილად შინაგანად ამისთვის მზადაა", - თქვა ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ წულუკიანის დასკვნა წინასაარჩევნო გარემოსა და პარტიების რეიტინგებზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს.

„ვინც არის „ოცნების" მომხრე, დარჩება ისევ ისე და ვინც არის ნეიტრალური, ისიც ასე. ამ მხრივ არ მგონია, რომ რომელიმეს რეიტინგზე გავლენას მოახდენს", - აღნიშნა ჩიტაძემ.

გახარიას საკითხი

ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ კომისიის დასკვნის საფუძველზე ექსპრემიერ გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღიძრას. თუმცა, მისივე აზრით, გახარიას დაპატიმრება „ოცნებას" გარკვეულ ზიანსაც მოუტანს.

„მე მგონია, რომ ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ჩორჩანას ამბავს და 20 ივნისის დარბევას, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმის აღძრის ალბათობა 50/50-ზეა. თუმცა ახლა მის დაჭერას სარგებლის მოტანაც შეუძლია ხელისუფლებისთვის და ზიანისაც, რადგან ბუნებრივად წარმოიშვება კითხვა - აქამდე რას ელოდებოდნენ? აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ თვითონ „ოცნების" წიაღში. თუ გამოძიებამ დაადგინა გახარიას ბრალეულობა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, მაშინ უფრო გაიზრდება იმის შანსი, რომ ამის საფუძველზე გახარია დააპატიმრონ, ვიდრე ჩორჩანას საკითთან დაკავშირებით", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიაზე საქმე აღიძრას.

„მე ასე მგონია, რომ გიორგი გახარიაზე საქმე აღიძრება, ყოველ შემთხვევაში მასზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამიტომაც ამას ველოდები. თუმცა, ბევრი კითხვები ჩნდება, მაგალითად ჩორჩანას საქმეზე - თუ ეს მიუღებელი იყო, რატომ დააწინაურეს და რატომ გახდა პრემიერი", - თქვა ჩიტაძემ.

პარტიების აკრძალვა

ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, პარტიის აკრძალვა შეეხება უფრო „ნაცმოძრაობას" და მის დანაყოფენს, ნაკლებად მოსალოდნელია „ლელოსა" და გახარიას პარტიას შეეხოს.

„ამ ეტაპზე იმის თქმა, თუ რომელი პარტიები შეიძლება აკრძალონ, რთულია. მე მგონია, რომ უფრო ეს შეეხება „ნაცმოძრაობას" და მის დანაყოფებს, ნაკლებად გახარიას პარტიას და „ლელოს". კი, შეიძლება „ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი ახლა „ლელოს" წევრია, მაგრამ ერთი ადამიანის წევრობა ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პარტია რაღაცნაირად „ნაცმოძრაობასთან" არის დაკავშირებული? იგივე შეიძლება ითქვას გახარიას პარტიაზე. იქაც არიან საშუალო რანგის სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც „ნაცმოძრაობას" ემსახურებოდნენ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეს პარტია ორგანიზაციულად „ნაცმოძრაობასთან" არის დაკავშირებული? ასე რომ, მე ნაკლებად ველოდები ასეთი ნაბიჯის გადადგმას ხელისუფლებისგან", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ ხელისუფლება პროდასავლური პარტიების აკრძალვას მოითხოვსს.

„ხელისუფლება პროდასავლური პარტიების აკრძალვას მოითხოვს და დარჩება „ხალხის ძალა", რომელიც ვითომ ოპოზიციურიი პარტიაა. ასევე არის საფრთხე „ლელოზეც", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×