
თბილისის მერობის ბევრი კანდიდატიდან ერთის შერჩევა, ოპოზიციამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო. არჩევნებამდე 2 თვით ადრე, კენჭისყრაში მონაწილეობის მსურველ კოალიციაში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.
მერობის კანდიდატად საკუთარი გვარის განხილვას ადასტურებს ალეკო ელისაშვილი, მაგრამ "ლელო-ძლიერი საქართველოს" სხვა ლიდერები მის საჯაროდ დასახელებისგან ჯერ კიდევ თავს იკავებენ.
კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს" თავშეკავების პარალელურად, დღეს პირველად დაასახელა კონკრეტული გვარი გახარიას პარტიამ. ექსპრემიერის პოლიტიკური გუნდი მერობის კანდიდატის შერჩევის მარათონში, გიორგი შარაშიძის კანდიდატურას ლობირებს.
ყოფილ კოლეგებს ისევ მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციის ოპოზიციაში მყოფები.
მერობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში მიმდინარე პროცესი არასერიოზულია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კახა კალაძე უკონკურენტოა და მათ ოპონენტებს შანსი არც ამ არჩევნებში აქვთ.
მმართველი გუნდის დღის წესრიგზე გააკეთა აქცენტი პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მიზანი 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ოპოზიციის მერობის კანდიდატის პოზიცია კი კვლავ ვაკანტურია, შესაბამისად, უცნობია პროგრამა, რომელსაც საკუთარ ამომრჩეველს მემორანდუმით გაერთიანებული პოლიტიკური კოალიცია სთავაზობს. "ქართულმა ოცნებამ" კი დედაქალაქის მერობის კანდიდატად, მესამე ვადით, ისევ მოქმედი მერი, კახა კალაძე წარადგინა და საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოაცხადა.