მარიამ ვეკუა
03.08.2025

აშშ-ის პრეზიდენტის ულტიმატუმსა და ამერიკული წყალქვეშა ნავების გადადგილების შესახებ გადაწყვეტილებამ რეგიონში დაძაბულობა გაზარდა - დონალდ ტრამპმა ორი ატომური წყალქვეშა ნავის „შესაბამის რეგიონებში" განლაგების ბრძანება გასცა და რუსეთს 8 აგვისტოსთვის ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა. კრემლიდან ამაზე ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ტრამპის ეს ნაბიჯები ძირითადად პოლიტიკურ თამაშს ემსახურება და რეალურ სამხედრო საფრთხედ ნაკლებად აღიქმება.

თავად ტრამპს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რომელი წყალქვეშა ნავების შესახებ საუბრობს. ამ ეტაპზე უცნობია ისიც, უკვე მიაღწია თუ არა ამ წყალქვეშა ნავებმა კონკრეტულ „შესაბამის რეგიონებს", ან გაიცა თუ არა ბრძანება რეალურად სამხედრო უწყების მიერ.

დონალდ ტრამპის მიერ ორი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავის გადაადგილების შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც რუსეთთან გამწვავებული რიტორიკის ფონზე გაჟღერდა, კრემლიდან საპასუხო განცხადება ჯერჯერობით არ მოჰყოლია.

მოვლენების ქრონოლოგია

ტრამპმა რუსეთს ულტიმატუმი გასულ კვირას წაუყენა, რომლის ვადაც 8 აგვისტოს იწურება.

„დღეიდან 10 დღე... ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ და არ ვიცი ეს გავლენას მოახდენს თუ არა რუსეთზე, ვინაიდან მას (პუტინს) აშკარად, სავარაუდოდ, ომის გაგრძელება სურს. მაგრამ ტარიფებს შემოვიღებთ და სხვადასხვა რაღაცებს. შეიძლება გავლენა მოახდინოს ან არ მოახდინოს მათზე", - ამის შესახებ ტრამპმა 29 ივლის განაცხადა,

მეორე დღეს დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპის განცხადება „ომისკენ გადადგმულ ნაბიჯად" შეაფასა. მან დაწერა, რომ ტრამპი „რუსეთთან ულტიმატუმის თამაშს თამაშობდა".

გასულ ხუთშაბათს „ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში კი მედვედევმა ტრამპს მოუწოდა, „თავისი საყვარელი ფილმისთვის „ცოცხალ მკვდრებზე" ხელახლა ეყურებინა და გაეხსენებინა, თუ რამდენად საშიში შეიძლება იყოს მითიური „მკვდარი ხელი".

რუსეთის „მკვდარი ხელის სისტემა" ცივი ომის დროინდელი ავტომატური ბირთვული რეაგირების მექანიზმია, რომელიც შექმნილია კონტრშეტევის გასანხორციელებლად იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა პირველივე ბირთვული დარტყმისას განადგურდება.

მედვედევის ამ კომენტარს ტრამპმა მკაცრად უპასუხა:

„უთხარით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც თავს ჯერ კიდევ პრეზიდენტად თვლის, რომ სიტყვებს სიფრთხილით მოეკიდოს- ის ძალიან საშიშ ტერიტორიაზე შედის!"

მალევე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორი ამერიკული ბირთვული წყალქვეშა ნავი „შესაბამის რეგიონებში" განათავსეს.

„მე ბრძანება გავეცი ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის შესაბამის რეგიონებში განლაგების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ ეს სულელური და პროვოკაციული განცხადებები მხოლოდ სიტყვები არ აღმოჩნდა", - დაწერა ტრამპმა.

საინტერესოა ისიც, რომ კვირას მოსკოვში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩადის მოვლენების შემდგომი განვითარება დიდწილად ამ ვიზიტზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ნატო-ში მეთიუ უიტეკერმა განუცხადა, რომლის თქმითაც ტრამპი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია იმით, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი არ არის. მანამდე, თავად აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი რუსეთში ისრაელში ვიზიტისთანავე გაემგზავრებოდა. ეს უიტკოფის მეხუთე ვიზიტი იქნება მოსკოვში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს განაცხადა, რომ „იმედგაცრუებას გადაჭარბებული მოლოდინების იწვევს". ხოლო იმისათვის, რომ „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას მივუდგეთ, საჭიროა დეტალური საუბრები, მაგრამ არა საჯაროდ".

ცარიელი სიტყვები, თუ რეალური საფრთხე

დონალდ ტრამპის მიერ 8 აგვისტოსთვის რუსეთისადმი დაწესებული ულტიმატუმი და მისი შემდგომი განცხადებები საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე მრავალგვარ შეფასებას იწვევს.

ტომ კარტერი, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი გაზეთ „თაიმსთან" აღნიშნავს:

„ტრამპის ნაბიჯი ამ ეტაპზე უფრო რიტორიკული ბუნებისაა, ვიდრე რეალური სამხედრო მოქმედებების დაწყების ნიშანი. შეერთებულ შტატებს სტრატეგიული წყალქვეშა ნავები უკვე აქვს განლაგებული ისეთ რეგიონებში, რომლებიც საშუალებას აძლევს საჭირო დროს მომზადება და საპასუხო დარტყმა განახორციელონ. ამიტომ, ეს ბრძანება უფრო პროვოკაციის საპასუხო პოლიტიკური მესიჯია და არა ახალი სამხედრო ტაქტიკის ან ოპერაციის დასაწყისის ნიშანი".

დონალდ ტრამპის ყოფილმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა პრეზიდენტი რუსეთთან ბირთვულ დაპირისპირებაში ჩათრევის გამო გააკრიტიკა.

„ვფიქრობ, მრავალი მიზეზის გამო ეს ძალიან სარისკოა. ძალიან არასწორია, რომ პრეზიდენტი ასეთ ადამიანს ასე პასუხობს. თუ ვიტყვით, რომ ის ამ ტიპის წყალქვეშა ნავებს სადმე გადაიტანს, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მან არ იცის, როგორ მუშაობენ ისინი. ვიმედოვნებ, რომ პენტაგონიდან ვინმე, ვინც ესმის ბირთვული ძალის განლაგება, ტრამპს ამას გარკვეულ ეტაპზე აუხსნის", - განუცხადა ჯონ ბოლტონმა „სი-ენ -ენ"-ს.

რუსი სამხედრო ექსპერტი და დიპლომატი ვიქტორ პეტროვი კი აღნიშნავს, რომ ტრამპის მუქარა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

„ტრამპის ულტიმატუმები რუსეთისთვის ნამდვილი საფრთხის შემცველ ფაქტორს არ წარმოადგენს. ეს განცხადებები უფრო პროპაგანდის ელემენტს ატარებს, რომელიც ემსახურება საერთაშორისო მედიის ყურადღების მიქცევას. კრემლი მშვიდობის მიღწევას მხოლოდ იმ პირობებში უყურებს, რომლებიც სრულად შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს", - განაცხადა პეტროვმა.

„მეჩვენება, რომ ტრამპი ჩვენზე კი არა, აშშ-ში მის კრიტიკოსებზე რეაგირებს. ისინი მას რუსეთთან მიმართებაში სუსტ ადამიანად წარმოაჩენენ და ეს მას აღიზიანებს. ის ცდილობს ამ დღის წესრიგის შეწყვეტას უფრო მკაცრი მოთხოვნებით", - ამის შესახებ კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×