რეზონანსი
03.08.2025

"ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ცინარიძე პარტიას ტოვებს და "ლელოს" უერთდება.

აღნიშნულის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს და აცხადებს, რომ არჩევნების ბოიკოტს არ ემხრობა.

"მეგობრებო, მინდა ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაგიზიაროთ.

საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა ჩემთვის ყოველთვის გუნდის იდეალებზე და საერთო ხედვაზე დამყარებულ გზას ნიშნავდა. ამ წლების განმავლობაში ვიყავი პარტია „ევროპული საქართველოს" წევრი - გუნდის, რომლებთანაც ბევრი რამ მაკავშირებს და რომლის მრავალ ღირსეულ წევრთან თანამშრომლობა ჩემთვის დიდი გამოცდილება და სიამაყე იყო.

დღეს კი ღირსეულად, შიდა დაპირისპირების გარეშე, ვასრულებ ჩემს პოლიტიკურ გზას „ევროპულ საქართველოში" და ვიწყებ ახალ ეტაპს პარტია „ლელო საქართველოსთვის"-თან ერთად.

ეს გადაწყვეტილება სიფრთხილით, ბევრი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივიღე. მჯერა, რომ „ლელოში" შემიძლია უკეთ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებიც ჩემთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო - განვითარება, პასუხისმგებლობა და ცვლილებების ძალა.

სპორტის მოყვარულებისთვის კი სპორტული მაგალითი მინდა მოვიყვანო:

წარმოიდგინეთ, თუ გუნდი ფეხბურთში მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან შეტევას ცდილობს, დაცვას ადვილად შეუძლია გამკლავება. ჩვენ კი ვირჩევთ შეტევას მარჯვნიდან, მარცხნიდან და ცენტრიდან - ასეთ დროს დაცვა ვერ უძლებს და გოლი გარდაუვალია. გოლი კი ნიშნავს გამარჯვებას.

გზა წინ არის. იწყება ახალი ეტაპი. არა ბოიკოტს!",- წერს ცინარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×