მარიამ ვეკუა
04.08.2025

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის 430-გვერდიანი დასკვნა, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველივე დღეებში გასაჯაროვდება, ამის შესახებ განცხადება კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა გააკეთა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დასკვნა მომავალ თაობებს სიმართლის დანახვის შესაძლებლობას მისცემს, ოპოზიციაში კი აღნიშნულ დოკუმენტს სამშობლოს მოღალატეების განაჩენად აფასებენ.

რას აერთიანებს კომისიის დასკვნა და რა გავლენა ექნება სექტემბერში გამოქვეყნებულ დასკვნას პოლიტიკურ პროცესებზე.

როგორც თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სესიაზე დასკვნის პუნქტობრივი განხილვა მოხდება. შეგახსენებთ, რომ კომისიის უფლებამოსილება 5 აგვისტოს იწურება. წულუკიანის ინფორმაციით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 46 სხდომა გამართა, გამოჰკითხა 139 პირი, გაიმართა ერთი გასვლითი შეხვედრა ხონის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც.

„დასკვნა, როგორც ასეთი, დღეს არ გასაჯაროვდება. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს 6 თვე ჩვენი კომისიის გამოგონილი არ არის. დარღვევების და დანაშაულების მასშტაბი იმხელაა, რომ ბუნებრივად შეიძლება იფიქრო - 6 თვე რატომ არის საკმარისი, რომ ეს თემა ამოწურო. ეს ჩვენზე დამოკიდებული არ გახლავთ, კანონი გვავალდებულებს, რომ 6 თვეში დავასრულოთ მუშაობა. ბიურო როცა საჭიროდ ჩათვლის, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში პლენარულ სხდომას ჩანიშნავს, სადაც კომისია ამ დასკვნით წარვდგებით. ეს, ჩვენი ვარაუდით, იქნება სექტემბრის პირველივე დღეებში. სწორედ მაშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გასაჯაროვდება დასკვნა.- აღნიშნა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, XI მოწვევის პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია თებერვლის თვეში შეიქმნა, ხოლო უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუხანგრძლივდა. კომისიის თავდაპირველი მიზანი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შესწავლა იყო, თუმცა მანდატი მალევე გაფართოვდა და მისი ინტერესის საგანი ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შესწავლა გახდა.

ცნობისთვის, აღნიშნულ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი საპატიმრო დაწესებულებაში სასჯელს იხდის.

 

როგორ იმოქმედებს დასკვნა პოლიტიკურ პროცესებზე

4 ოქტომბერს საქართველოში თვითმართველობის არჩვნები ტარდება, როგორ იმოქმედებს გამოქვეყნებული დოკუმენტი საარჩევნო პორცესზე კი არჩევნებამდე 2 თვით ადრე საკვანძო საკითხად რჩება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ სექტემბერში გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ არამარტო ოპოზიციურ პარტიებზე, არამედ მათ მხარდაჭერებზეც ზეწოლა გაიზრდება.

„ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში მიზანია, რომ გაგრძელდეს და გაძლიერდეს, გააქტიურდეს ზეწოლა როგორც ოპოზიციურ, პრო-დასავლურ პარტიებზე, ასევე, ვთქვათ, ამ პარტიების მხარდამჭერებზე და, ზოგადად, ყველა კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე.

კომისიის დასკვნა, რომელიც 430 გვერდისგან შედგება, გამოკითხეს ადამიანები - ეს არის, მინიმუმ, ოპოზიციის დისკრედიტაციის მცდელობა. მაგალითად, თქვან: „აი, თუ „ნაცმოძრაობას" მხარს უჭერთ, გეტყვიან, ეს არის სირცხვილი. როგორ შეიძლება მხარს უჭერდე მოღალატე პარტიას?" ამიტომაც არ არის გამორიცხული, ვიხილოთ ბევრ ადამიანზე დაკავების მცდელობა და სხვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელება - რომ „აი, მკვლელებს როგორ უჭერ მხარს?!" - განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე - გახდება თუ არა სექტემბერში გამოქვეყნებული დასკვნა ოქტომბრის არჩევნებამდე პოლიტიკური დევნის საბაბი? - გვპასუხობს:

„დიახ. არჩევნების წინ სურთ ველის გასუფთავება, რომ არ ჰყავდეს ოპოზიცია ქვეყანას და დარჩეს მხოლოდ „ხალხის ძალა" და ისეთი სატელიტი პარტიები, რომლებიც ხელისუფლების ნაწილი არიან. აქ არ არის საუბარი მხოლოდ პარტიებზე - აქ საუბარია პარტიის მხარდამჭერებზეც. როგორც აღვნიშნე, „ნაცმოძრაობის" დისკრედიტაცია აქამდეც მიმდინარეობდა, ყველას „ნაციონალებად" ნათლავდნენ."

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი თვლის, რომ სექტემბერში გამოქვეყნებული 430-გვერდიანი დასკვნა საარჩევნო პროცესს არ შეაფერხებს.

„ვეყრდნობი მმართველი გუნდის განცხადებებს, რომ დასკვნის გამოცხადების შემდეგ სამართალდამცავების მხრიდან გამოძიებას დასჭირდება დრო, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოებს დასჭირდება მისთვის განკუთვნილი გონივრული დრო, რომ აკრძალოს „ნაცმოძრაობა" და, შესაძლოა, მასთან დაკავშირებული სხვა პარტიები.

ასევე ვფიქრობ და მაქვს განცდა, რომ ეს ყველაფერი მოხდება წლის ბოლომდე ან გვიან. დიდი ალბათობით, ეს არანაირად არ დაემუქრება საარჩევნო პროცესს. ეს განგებ კი არ ხდება - უბრალოდ, ამას აქვს თავისი კანონიერი ჩარჩოები, რადგან სამართალდამცავები ერთ ღამეში არ იძიებენ საქმეს და სასამართლოსაც არ გამოაქვს დასკვნები ერთ ან ორ დღეში.

ფაქტი ერთი არის - უნდა მოხდეს იმ წინასაარჩევნო ერთ-ერთი დაპირების შესრულება, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობის" კანონგარეშედ გამოცხადება - ერთ-ერთ დაპირებადაც ხომ სწორედ ამით მოვიდა „ოცნება" ხელისუფლებაში", - განაცხადა აბაშიძემ.

 

როგორი იქნება საკრებულოში მოხვედრილი ოპოზიციონერის სამართლებრივი პასუხისმგებლობა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან კომისიის დასკვნას სხვადასხვა ინტერპრეტაცია ექნება, თუმცა ჩადენილ დანაშაულზე პასუხს ყველა აგებს.

„ბუნებრივია, ამ კომისიის დასკვნასა და მუშაობას ექნება სხვადასხვა ინტერპრეტაციები, ძირითადად რადიკალური ოპოზიციონერების მხრიდან - ერთი ნაწილი მაბობს, რომ ეს დასკვნა არაფერს შეცვლის, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ იწყება, ზოგადად რომ ვთქვათ, კუდიანებზე ნადირობა, ე.წ. რეპრესიები და ა.შ.

არცერთს არ ვეთანხმები. ფართო საზოგადოებამ მოისმინა და გაიგო, რაც ხდებოდა ამ სხდომაზე. ბევრმა დაივიწყა და შეახსენეს ის სისტემური სისასტიკე, რაც ხდებოდა წინა რეჟიმის დროს. ასე რომ, არავინ არ უნდა დარჩეს განსასჯელი სკამის მიღმა - ჩადენილ დანაშაულზე ყველა აგებს პასუხს."

„რაც შეეხება, ვთქვათ, საკრებულოში მოხვედრილი რომელიმე რადიკალური პარტიის წარმომადგენლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას - ამ ინტერპრეტაციებში და სპეკულაციებში ნამდვილად ვერ შევა. თუმცაღა, როგორც რიგითი მოქალაქე, ვენდობი ამ კომისიის მუშაობას და სასამართლოს მომავალ ვერდიქტებს", - განაცხადა აბაშიძემ.

ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ შესაძლოა, საკრებულოში მოხვედრილ ოპოზიციონერს პასუხიმგებლობა მოუხსნან, ან უბრალოდ საინფორმაციო ომისა და პროპაგანდისთვის გამოიყენონ.

„ვფიქრობ, შესაძლებელია მოუხსნან პასუხიმგებლობა, შეიძლება ასე მოხდეს, ან გამოიყენონ საინფორმაციო ომის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად", - განაცხადა ჩიტაძემ.

 

არგუმენტები და კონტარგუმენტები

მმართველი პარტიისა და კომისიის წევრები საუბრობენ კომისიის დასკვნის მნიშვნელობაზე საუბრობენ: „ეს დასკვნა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ წარსულის შეფასებისთვის, არამედ მომავლის პრევენციისთვის - რომ მომავალში არასდროს განმეორდეს მსგავსი რამ და არ გაეხსნას გზა მსგავს დამნაშავე ხელისუფლებას, როგორიც 2004-2009 წლებში იყო. ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაზე განაცხადა.

„ხალხის ძალის" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, რომელიც კომისიაში ოპოზიციის სტატუსით მონაწილეობდა, აღნიშნა, რომ დასკვნის წაკითხვა საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს სიმართლე თაობებმა წლების შემდეგ გაიგონ.

„თამამად ვიტყვი - ამ დონის სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში პრაქტიკული შედეგები მოჰყვა, არა თუ საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ზოგადად არ არსებობს. ეს დოკუმენტი გახდება სახელმძღვანელო, რომლითაც თაობები გაიგებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა - არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ პოლიტიკაში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას შეფასებით, საგამოძიებო კომისიის მიერ შედგენილი დასკვნა „სამშობლოს მოღალატეების განაჩენია, რომელთა მოღალატეობრივ მმართველობას აუცილებლად დაამხობს ქართველი ხალხი".

„ეს კომისია საქართველოს ისტორიის რუსული ვერსიით გადაწერის მცდელობის ბინძური კომისიაა. ეს არის კომისია, რომელიც მიზნად ისახავდა არა მხოლოდ საქართველოს დადანაშაულებას ომში, არამედ იმდროინდელი უმაღლესი მთავარსარდლის - მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას, რომელიც სწორედ პუტინის დაკვეთით დღესაც იხდის სასჯელს. (...) ეს არის ღალატის კომისია, რომლის თითოეული წევრი - და არა მხოლოდ, მეორე თაობის საბჭოთა ჯალათი თეა წულუკიანი - დაისჯება და პასუხს აგებს ქართული სახელმწიფოს და დამოუკიდებელი ქართული მართლმსაჯულების წინაშე", - განაცხადა ბოკუჩავამ.

კომისიის დასკვნას გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

„მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ამ კომისიას არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს - არა მხოლოდ იმიტომ, რომ პარლამენტი არის არალეგიტიმური, არამედ იმიტომაც, რომ კომისია შექმნილია კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის ყველა წესის დარღვევით", - განაცხადა სამადაშვილმა.

 

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×