
„ლელო" და „გახარია საქართველოსთვის" საზოგადოებრივი აზრის კვლევას ატარებენ მერობის საერთო კანდიდატის შესარჩევად. კანდიდატურების ზუსტი რაოდენაობა უცნობია, თუმცა, ღიად და გარკვეული მინიშნებებით ბოლო დღეებში ცნობილი გახდა ორის ვინაობა - ალეკო ელისაშვილი „ლელო - ძლიერი საქართველოდან" და გიორგი შარაშიძე პარტიიდან" გახარია საქართველოსთვის.
ეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ შეიცვალა აქამდე არსებული შეთანხმება, რომ ამ ორი ოპოზიციური პარტიის ერთობლივი კანდიდატი აუცილებლად ნეიტრალური და პოლიტიკური წარსულის არმქონე პიროვნება უნდა ყოფილიყო. ანალიტიკოსების ამას იმით ხსნიან, რომ, სავარაუდოდ, წინასწარ განსაზღვრულ ნეიტრალურ კანდიდატებთან მოლაპარაკება ჩავარდა.
მერობის კანდიდატების დასახელების ბოლო ვადა 4 სექტემბერია. ალეკო ელისაშვილმა თავდაპირველად მისი კანდიდატურის განხილვა უარყო, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ „ამომრჩეველი ყველაფერს 4 სექტემბერს გაიგებს".
„4 სექტემბრამდეა მერობის კანდიდატების წარდგენის ვადა, ვადას არ გადავაცილებთ. მანამდე გაიგებთ, ვინ იქნება. ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება კანდიდატი. ჩვენ და გახარიას გუნდს გვეყოლება საერთო კანდიდატი. რამდენიმე კანდიდატი განიხილება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა - გაიგებთ 4 სექტემბერს", - განაცხადა ელისაშვილმა.
5 აგვისტოს კი გახარიას გუნდიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად მათი გუნდის წევრი გიორგი შარაშიძე განიხილება.
„გრძელდება საუბარი, მოლაპარაკებები. ძალიან საინტერესოა, რომ მიმდინარეობს ერთგვარი საველე კვლევა და ვმუშაობთ ფართო საზოგადოებისთვის მისაღებ კანდიდატზე. კითხვარს მივსდევთ, ვეკითხებით მოსახლეობას, ვინ არის მათთვის მისაღები. დაგიდასტურებთ, რომ ჩვენი გუნდის წარმომადგენელი გიორგი შარაშიძე განიხილება ერთ-ერთ კანდიდატად, თუმცა ჯერ ნამდვილად არ არის შემოსაზღვრული და დადასტურებული ერთი კონკრეტული კანდიდატი", - განაცხადა პარტიის „გახარია - საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა რუსუდან თევზაძემ.
რაც შეეხება თავად შარაშიძეს, მისი საჯაროდ გააქტიურება „ქართული ოცნების" მიერ მერობის კანდიდატად კახა კალაძის ოფიციალური წარდგენის შემდეგ დაიწყო. მმართველი პარტიის გადაწყვეტილება მან ასე შეაფასა:
„ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია - შეუძლებელია, ერთი მხრივ, იჭერდე ყოფილ საშუალო რგოლის მაღალჩინოსნებს და ამავდროულად კახა კალაძეს, რომელიც კორუფციასთან ყველაზე მეტად ასოცირდება, წარადგენდე თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით".
შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს „გახარია - საქართველოსთვის" და „ლელო - ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. იმავე დღეს შესაბამისი მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, გახარიას გუნდის წევრმა ბერდია სიჭინავამ აღნიშნა:„მერობის არაპარტიულ, ნეიტრალურ კანდიდატებზე ვეცდებით შეთანხმებას, ასევე მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატებზე და საერთო პარტიულ კანდიდატებზე".
რომელს აქვს მეტი შანსი
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ არც გიორგი შარაშიძეს და არც ალეკო ელისაშვილს აქვს იმის პერსპექტივა, რომ „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს კონკურენცია გაუწიონ. მამრაძე თავის შეფასებაში ოპოზიციური სპექტრის სავარაუდო მერობის კანდიდატებზე საუბრობს.
„ვფიქრობ, დიდ კონკურენციას კალაძეს ვერცერთი მათგანი გაუწევს. შარაშიძე სრულად უფერული სახე, უფერული პოლიტიკური ფიგურაა. ელისაშვილს საზოგადოება ბევრად უკეთ იცნობს, მაგრამ იცნობს როგორც არასერიოზულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ყველაფერი თქვას - ილაპარაკოს დილით ერთზე და საღამოს სხვაზე, ურთიერთსაპირისპიროზე. ეს ჩანაწერები არსებობს კიდეც. მას შეუძლია ჯერ ლანძღოს ოპონენტები, შემდეგ კი ჩაეხუტოს და ისე მოიქცეს, თითქოს არაფერი ყოფილა - თუნდაც ხაზარაძესთან და ზურაბიშვილთან მისი ურთიერთობა. ასე რომ, ასეთი ფიგურაა. ვიცით მისი უხეში, ხულიგნური გამოხტომებიც. რაც შეეხება შარაშიძეს, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ცნობადია ბევრისთვის. ასე რომ, ვერც ერთი და ვერც მეორე ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს კალაძეს.
კითხვაზე, ოპოზიციის ამ ორი კანდიდატიდან, მისი აზრით, რომელი იქნება უფრო მისაღები თბილისელი ამომრჩევლებისათვის, გვპასუხობს:
„იცით, შარაშიძე, ელისაშვილისგან განსხვავებით, არ არის დატვირთული იმდენად უარყოფითი რეიტინგით, როგორც ელისაშვილი, თუმცა ნაკლებად ცნობადია და ეს ფაქტორია", - განაცხადა მამრაძემმ
შავი ზღვის საერთაშორიოს უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილს, მისი პოლიტიკური გამოციდილებიდან გამომდიანრე, შარაშიძესთან შედარებით უფრო მეტი შანსი აქვს.
„ალბათ ორივეს გაუჭირდება გამარჯვება, რადგან, ერთი მხრივ, უმრავლესობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, არ აპირებს არჩევნებზე მისვლას, ხოლო მეორე მხრივ, „ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა დიდი იქნება.
„რაც შეეხება ელისაშვილს, მას უფრო მეტი პოლიტიკური გამოცდილება აქვს. მოგეხსენებათ, 2017 წლის თბილისის მერობის არჩევნებზე მან მეორე ადგილი დაიკავა და კახა კალაძეს მხოლოდ ოდნავ ჩამორჩა. გარდა ამისა, ერთ-ერთ საკრებულოს არჩევნებზე, 2014 წელს, მან გამარჯვებაც კი მოიპოვა - თუ არ ვცდები, ეს იყო საბურთალოზე, მაშინ როცა „ქართული ოცნების" რეიტინგი შედარებით მაღალი იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ელისაშვილს უფრო მეტი გამოცდილება აქვს და მას შეუძლია შარაშიძეზე მეტი კონკურენცია გაუწიოს კალაძეს", -განაცხადა ჩიტაძემ.
რატომ შეიცვალა შერჩევის კრიტერიუმები
კითხვაზე, რატომ შეიცვალა „ლელოსა" და ექსპრემიერის პარტიის შეთანხმება, როცა ადრე მხოლოდ ნეიტრალურ მერობის კანდიდატზე საუბრობდნენ, ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე პასუხობს, რომ მათ უბრალოდ ვერ იპოვეს ნეიტრალური და ამავდროულად ცნობადი პიროვნება, რომელიც ასეთ შეთავაზებაზე თანხმობას განაცხადებდა.
„ცხადია, ვერ პოულობენ ნეიტრალურ ცნობად ადამიანს. უცნობს, რა თქმა უნდა, ამ დროში ვერ გააპიარებენ და ვერ გახდიან ცნობილს ამ მოკლე დროში. თუმცა, ხომ არიან ცნობილი მოღვაწეებიც - ხელოვანები, სპორტსმენები, რომლებსაც ხალხი კარგად იცნობს. არცერთმა მათგანმა, ცხადია, არ მისცა თანხმობა, რომ ყოფილიყო მათი ნეიტრალური კანდიდატი. ამიტომ ისევ თავის წიაღში დაიწყეს ძიება.
ასე რომ, ამ შეთანხმების ნაწილის შეცვლა გამოწვეულია არჩევანის სიმწირით. მიადგნენ ცნობილ ადამიანებს და რასაკვირველია, ყველა უარს ეტყვის. ვის უნდა ამათთან გაკარება?" - განაცხადა მამრაძემ.
მისივე შეფასებით, შარშანდელი საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე გახარია სპარტიამ „საოცარი კრახი" განიცადა:
„დღესდღეობით მოხდა პარტიის „გახარია საქართველოსთვის" საოცარი კრახი - შარშანდელი არჩევნებიდან დღემდე. ასე რომ, მე ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ცნობილია თბილისელებისთვის და მეტ-ნაკლებად პოზიტიურად აღიქმება, რომ დათანხმდეს ან „ლელოს", ან „გახარიას" შემოთავაზებას".
პროფესორი ნიკა ჩიტაძე ფუქრობს, რომ 14 ივლისის შეთანხმებისა, სავარაუდოდ, ორივე ოპოზიციურ პარტიას უკვე განსაზღვრული ჰყავდა მათთვის სასურველი ნეიტრალური კანდიდატები, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთან მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა.
„ვფიქრობ, ორივე პარტიას საკუთარი კანდიდატის წარდგენა სურდა. იყო საუბარი ნეიტრალურ კანდიდატებზე, თუმცა, შესაძლოა, ვერ ნახეს ისეთი ნეიტრალური კანდიდატი, რომელიც იქნებოდა საზოგადოებისთვის ცნობადი. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ფარულად მიდიოდა მოლაპარაკება რომელიმე ცნობილ ფიგურასთან, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო და კანდიდატებმა, სავარაუდოდ, უარი განაცხადეს. ვერ ვისაუბრებ ვერც გახარიას და ვერც „ლელოს" სახელით, თუმცა ახლა, ალბათ, უნდა შეაჯამონ საბოლოოდ, თუ ვინ იქნება მათი კანდიდატი", - განაცხადა ჩიტაძემ.