
გაერო-ს კონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს როლზე, უმსხვილეს პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ზრდას, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა თურქმენეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფება და მონაწილეობა მიიღო გაერო-ს კონფერენციაში.
ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერის ვიზიტი და აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოსვლა, სადაც ისაუბრა საქართველოს როლზე, მათ შორის, შუა დერეფანში და იმ უმნიშვნელოვანეს, უმსხვილეს პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ზრდას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, აძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას შუა დერეფანში. მათ შორის, ნახსენები იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ასევე სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ქვრივიშვილის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან ერთად იმსჯელა ახალ გზამკვლევზე, რომელიც ორ ქვეყანას და ქვეყნებს დააკავშირებს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.