
„ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის გარშემო მმართველი პარტიის მიერ აგორებული სკანდალს შეიძლება სამართლებრივი გაგრძელება ჰქონდეს. „ქართული ოცნების" ლიდერთა განცხადებების შემდეგ, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით ახალი საქმე აღიძრას.
რაც შეეხება უშალოდ ელჩს, მის წინააღმდეგ რაიმე სახის დიპლომატიური ქმედებები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა სამშაბათს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირდაპირ მიანიშნა, რომ პეტერ ფიშერისაგან მამუკა ხაზარაძესთან ყოველგვარი ურთიერთობების გაწყვეტას ელის.
„გერმანიის ელჩსა და მამუკა ხაზარაძეს შორის, იმ მომენტში, როდესაც ელჩი ფიშერი გერმანიის სახელით დებდა ხელშეკრულებას მამუკა ხაზარაძესთან, 2022 წლის შემოდგომაზე, ხაზარაძე იყო უკვე მსჯავრდებული თაღლითობაზე. ყველანაირი განსაზღვრებით, ამ ადამიანთან ხელშეკრულების დადებისგან თავი უნდა შეეკავებინა ელჩს. ეს ან განზრახ გააკეთა ელჩმა, იცოდა რა, რომ არასანდო ადამიანთან დებდა ხელშეკრულებას, ან იმდენად დაუდევარია, რომ თავისი დაუდევრობით გერმანიის სახელმწიფო გახვია გადასახადების დამალვის სკანდალში.
„გარდა ამისა, დღეს გაირკვა, რომ ქონების დეკლარაციაში, რომელიც ხაზარაძემ იანვარში შეავსო, მას არ აქვს მითითებული შემოსავალი ამ გაქირავებული ქონებისგან, არ აქვს მითითებული არც ხელშეკრულება. ასე რომ, ახლა გერმანიის ელჩისა და გერმანიის სახელმწიფოს მიმართ კითხვა არის მარტივი - რას აპირებს ახლა, აპირებს, რომ გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისოდ აღიარებულ თაღლითთან და ექსტრემისტ პოლიტიკოსთან?", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამის პარალელურად მამუკა ხაზარაძემ პატიმრობიდან ახალი განცხადება გაავრცელ, სადაც წერს, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით.
„საკითხი ეხება გერმანიის ელჩისა და ჩემი მეუღლის სახელზე არსებული უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია და რეგისტრირებულია კანონის ყველა წესის დაცვით. თუმცა, ჩვენ მიერვე წინა კვირას აღმოჩენილ იქნა ბიუჯეტში გადასახადის საკითხი, რაც წყაროსთან დაბეგვრა-არდაბეგვრის გაუგებრობამ გამოიწვია. ჩვენივე მიმართვის საფუძველზე საგადასახადო სამსახურში მოხდა შესაბამისი რეგისტრაცია და ბიუჯეტი სრულად იქნა გასტუმრებული, რითაც საკითხი სრულად ამოიწურა", - წერს ხაზარაძე.
დისკრედიტაცია, თუ ახალი საქმის აღძვრის საფუძველი
ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ თუ „ქართულ ოცნებამ" მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ ახალი საქმე აღძრას.
„გერმანიას იმდენი კი შეუძლია, ფინანსურად რომ არ მოიტყუოს და კანონდარღვევით ბინა არ იქირაოს. რაღაც ფინანსები აქვთ, რომ ასეთ გაჭირვებაში არ ჩავარდნენ. არც ხაზარაძეა მთლად ჯიბეგაფხეკილი. ასე რომ, მთელი ეს მაქინაცია არის პროპაგანდის ახალი ტალღა ხაზარაძის წინააღმდეგ სწორედ იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობენ"
„რა თქმა უნდა, ეს საქმე ბოლომდე არ მივა, მაგრამ „ლელომ" და გახარიამ „ქართულ ოცნებას" პრობლემები შეუქმნეს. მათ რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ, ყველაფერი ჩვეულებრივად ჩაივლიდა და „ოცნება" უპრობლემოდ გადაიბარებდა ხელისუფლების მთელ ვერტიკალს თავისი მუნიციპალიტეტების ჩათვლით. დღეს კი მოუწევთ საკმაოდ გარჯა იმისათვის, რომ ეს მოახერხონ, იძულებული იქნებიან მობილიზაცია გამოაცხადონ და ფული დახარჯონ. აქ ასე მარტივად საქმე არ არის. რა თქმა უნდა, გააყალბებენ, მაგრამ მასში საზოგადოების იმდენად ფართო ფენა მონაწილეობს, საბოლოო ჯამში, მერე ისევ ბუმერანგივით „ოცნებას" დაუბრუნდება", - აღნიშნა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ საქმე სამართლებრივ ჭრილში უნდა გაირკვეს.
„მგონი აქ სამართლებრივ ჭრილში უნდა გაირკვეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ადგილი გადასახადების დამალვას. მოგეხსენებათ, გადასახადების დამალვა დასჯადი ქმედებაა და როდესაც გამოძიება დაადგენს ან ერთს ან მეორეს, მაშინ გამოჩნდება არის თუ არა საქმის აღძვრის საფუძველი ბატონი ხაზარაძის, ან მის წინააღმდეგ, ვის სახელზეც არის ბინა გაფორმებული.
„მე პირადად წინასწარი შეფასებისგან თავს შევიკავებდი, ვიდრე გამოძიების საბოლოო შედეგები არ დაიდება. თუმცა, მე მესმის კითხვის არსი - ამ საქმის სააშკარაოზე გამოტანა და აგორება, როგორც ჩვენთან უყვართ ხოლმე თქმა, ემსახურებოდა ხაზარაძის, როგორც პოლიტიკოსის დისკრედიტაციას", - თქვა ანჯაფარიძემ.
ელჩის სასაკითხი
ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას" გერმანიის ელჩის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არ აწყობს.
„გერმანიის ელჩის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება ძალიან დიდ პოლიტიკურ სკანდალს გამოიწვევს. არ მგონია „ქართული ოცნება" ასეთ მკვეთრ ნაბიჯზე წავიდეს. უფრო ვფიქრობ, რომ მთელი ეს სპექატაკლი, რასაც ახორციელებენ ხაზარაძისა და ელჩის წინააღმდეგ, პროპაგანდისტულ ველში დარჩება. „ოცნებას" პროპაგანდა და ხაზარაძის დისკედიტაცია აინტერესებს და არა სიტუაციის იმდენად გამწვავება, რომ ელჩი ნონ-გრატად გამოაცხადოს, რადგან ამას გერმანიის მხრიდან ძალიან მძიმე საპასუხო დარტყმები მოჰყვება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძეც ფიქრობს, რომ „ოცნება" ელჩის მიმართ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისგან თავს შეიკავებს.
„მე ნამდვილად არ ველოდები, რომ ახლა ამის გამო ელჩის მიმართ რამე ღონისძიებები იქნება მიღებული. უბრალოდ ამ ამბის გარეთ გამოტანაც კი საკმარისია იმისათვის, რომ ელჩის დისკრედიტაცია მოხდეს. ის ისედაც იყო საინფორმაციო შეტევების ობიექტი თავისი გარკვეული ქმედებების გამო, რომელიც დიპლომატის ეტიკეტში არ ჯდებოდა. ამ ბოლო ფაქტმა კი საკმაზი დაამატა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ის მონაწილეობა არც თუ ისე კანონიერ ოპერაციაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა დაზუსტდეს გამოძიებით", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".