რეზონანსი
06.08.2025

„საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, დავნიშნეთ ბლოკ- მატარებელი, რომელიც იმოძრავებს  ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით. ეს გაუმჯობესებული სერვისი და  მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი მომხმარებლისთვის და მთლიანად სარკინიგზო სექტორისთვის“, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე. 

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, ახალი ბლოკ-მატარებელი რეისებს ამ ეტაპზე  კვირაში 4-ჯერ შეასრულებს - წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად. მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ კონტეინერებით ბლოკ-მატარებელის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.

„ბლოკ-მატარებელი საქართველოს რკინიგზის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, რომ პორტებში მიღებული ტვირთები თბილისში წინასწარ დადგენილი გრაფიკით ჩამოიტანონ, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადამზიდავი კომპანიების და ტერმინალების საქმიანობას. ბლოკ-მატარებლის მუშაობა ასევე დამატებით ფინანსურ სარგებელს მოიტანს საქართველოს რკინიგზისთვის - გაიზრდება კომპანიის შემოსავალი“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

ამასთან, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, უახლოეს პერიოდში არსებულ მიმართულებას ბაქოს მიმართულებაც დაემატება და ბლოკ-მატარებელი ფოთი-ბაქო-ფოთის მარშრუტით შეასრულებს რეისებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×