მარიამ ვეკუა
06.08.2025

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს" საბანკო ანგარიში დააყადაღა - ოპოზიციური პარტია ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საქმე გადასახადების გადაუხდელობასა და დეკლარაციის სისწორის შემოწმებას ეხება.

კოალაცია „ლელო-ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ, საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ეს არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ ხელი შეუშალონ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ბრძოლას". გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ბოლო 5 დღის განმავლობაში „ლელო-ძლიერი საქართველოს" კოალიციაზე თავდასხმას ახორციელებს.

„უკვე 5 დღის განმავლობაში, არალეგიტიმური ხელისუფლება „ქართული ოცნება", არალეგიტიმური პრემიერი კობახიძე, ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი, სხვები და სხვები ახორციელებენ სასაცილო, იუმორისტულ შეტევას კოალიცია „ძლიერ საქართველოზე", ჩვენთვის სრულიად არასერიოზული იქნებოდა მათი ეს პროპაგანდისტული ნარატივი, რომ არა ის რეალური ხელშეშლა ჩვენს საქმიანობაში, რომელსაც ისინი აწარმოებენ.

„ანტიკორუფციულ სააგენტოსთან ერთად, ჩვენ უკვე თავს გვესმის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, აღსრულების ეროვნული ბიურო. - განაცხადა კუპრაძემ.

ბრიფინგიდან გაირკვა, რომ პარტიის დაყადაღების მიზეზად სახელდება 2022 წელს გორის სასამართლოში შეტანილი სარჩელის გამო 130 ლარიანი ბაჟის გადაუხდელობა.

"2022 წელს, გორში გვქონდა სასამართლო დავა - კასპის საოლქოს ვუჩივლეთ და გვედავებიან, ბაჟი არ გადაიხადეთო, 130 ლარზეა საუბარი, არადა გადახდილი გვაქვს, რა თქმა უნდა. ისე სარჩელს ვინ მიიღებდა?" - განაცხადა კუპრაძე.

გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შესახებ ინფორმაციას გაავრცელა.როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მონიტორინგის ფარგლებში ყურადღება ეთმობა დეკლარაციაში იმ მონაცემების ასახვის სიზუსტეს, რომლებიც უკავშირდება მამუკა ხაზარაძის ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებასა და აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს.

ცნობისთვის, მანამდე შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა დაიწყო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში, „ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. უწყების ცნობით, აღნიშნული საკითხის ანალიზისას გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო კანონდარღვევა, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა ფაქტების მოკვლევა დაიწყო. მათივე განცხადებით, ინფორმაციის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კანონით განსაზღვრული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებები გატარდება

რას ამბობენ ლელოში

„ლელო-ძლიერი საქართველოს" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია აღსრულების ბიუროს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჩვნებს, რომ მათი კოლაიცია ქართული ოცნების მთავარი სამიზნეა.

„ეს ამავე დროს, აჩვენებს, რომ „ლელო-ძლიერი საქართველო" არის „ქართული ოცნების" მთავარი სამიზნე. მათ ეშინიათ ჩვენი ბრძოლის და მათ ეშინიათ პოლიტიკური ბრძოლის. სწორედ ამიტომ, ჩვენი გზავნილი იყო და არის ის, რომ პოლიტიკურ ბრძოლას არ აქვს ალტერნატივა, განურჩევლად იმისა, თუ რომელი ფრონტის გამოყენებით და რა ინსტრუმენტების გამოყენებით იქნება ეს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვხედავთ და ვრწმუნდებით, რომ ივანიშვილს და ლეგიტიმაციის გარეშე დარჩენილ მის რეჟიმს, მართლაც ჭირის დღესავით ეშინია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური კონფრონტაციისა და პოლიტიკური ბრძოლის. მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია, არ გააჩნია შინაგანი პოლიტიკური ენერგია, არ გააჩნია საერთაშორისო ლეგიტიმაცია. ძალიან კარგად იცის, რომ პირველივე კონსოლიდირებული ბრძოლა მას, რეალურად, ჩამოშლის", - განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, გეგელია გამოეხმაურა ანტიკორუფციული სააგენტოს დღევანდელ განცხადებას. მისი თქმით, აღნიშნული ადასტურებს, რომ გერმანიის ელჩზე, პეტერ ფიშერზე ხუთდღიანი თავდასხმა ემსახურება საქართველოს ევროპულ კურსზე და პროდასავლურ ოპოზიციაზე, კონკრეტულად კი კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოზე" ანგარიშსწორებას.

„ამ მიზნით, „ქართული ოცნება" უკვე აღარ ერიდება ევროპელი დიპლომატის, ევროკავშირის მოწინავე წევრი სახელმწიფოს ელჩის დისკრედიტირებას და შესაბამისად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაზე ღია თავდასხმას!

არაღიარებული პრემიერის განცხადება, რომ გერმანიის ელჩი ნოტარიალური შეთანხმების გარეშე ახორციელებდა ეკონომიკურ თანამშრომლობას ვინმესთან, იყო აბსურდული და კომიკური! არამარტო იმიტომ, რომ წარმოუდგენელია გერმანიის სახელმწიფო რომელიმე წესის დაცვის გარეშე შედიოდეს მსგავსი ტიპის ურთიერთობაში, თუმცა იმიტომაც, რომ მან ზუსტად იცოდა ამ ნორმატიული აქტის შესახებ, იცოდა დოკუმენტის ოფიციალური რეგისტრაციის ნომერი და ყველა სხვა ფორმალობა." - განაცხადა გეგელიამ.

რას ამბობს ოცნება

"ყოველდღიურად ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის „სუფთა ფული", კანონის წესით და დაცვით მოპოვებული და დაგროვებული ფული არ არის მათი ძლიერი მხარე. სასამართლოდან - სასამართლომდე, საქმიდან - საქმემდე ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევდნენ კანონს. შეგნებულად თუ შეუგნებლად, ეს არ ვიცი," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილმა ფიშერ-ხაზარაძის სკანდალთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა მოიკვლიონ, მალავდა თუ არა ხაზარაძე საშემოსავლო გადასახადებს.

„ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული მოკვლევაც ამ საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება, რამდენად მიზანმიმართული იყო, გათვითცნობიერებული იყო თუ არა. და საერთოდ, იხდიდა - არ იხდიდა, იმდენი ბუნდოვანებაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ სასურველია, რომ ვისი პასუხისმგებლობაც არის დეტალურად შეისწავლოს ეს საკითხი და საზოგადოებას გააცნოს გამჭვირვალედ ამ გამოძიების შედეგები", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ გერმანიის ელჩისთვის სახლის მიქირავების საკითხს ეხმაურება. დეპუტატი „ლელოს" ლიდერს თაღლითს უწოდებს და აღნიშნავს, რომ გაჩენილ კითხვებზე პასუხია გასაცემი.

„თაღლითი ყველგან თაღლითია. გადასახადების დამალვა ხდებოდა სახელმწიფოსთვის. იმ პირის მიერ, რომელიც გადასახადების გადახდის, პროცენტების და ძირი თანხის გადახდა-გადაუხდელობის, ჯარიმების გადახდა-გადაუხდელობის საკითხში, რასაც TBC ბანკი მუდმივად აკეთებდა და არავის არაფერს პატიობდა, უნდა იყოს და არის კიდევ ძალიან განსწავლული.

როგორ წარმოგიდგენიათ, ამხელა ევროკავშირის წევრი გერმანიის ელჩი, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნოდ ქირაობს ფართს ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, არც გადასახადებს იხდის და მერე დგას და დაჰყვება ქვეყნის მასშტაბით რაღაც აქციებზე. პასუხია ამ ყველაფერზე გასაცემი, რაც, სამწუხაროდ, პასუხის ნაცვლად გვაქვს თითიდან გამოწოვილი რაღაც არგუმენტები, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს", - აცხადებს მათიკაშვილი.

ოფიციალური განცხადება

აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებით, „ლელო საქართველოს" მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ ,,ლელო საქართველოს" მიმართ მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო წარმოება სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. აღსასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟი და ადმინისტრაციული ჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ყადაღა ვრცელდება არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს.

აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით", - აცხადებს აღსრულების ბიურო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×