მარიამ ვეკუა
06.08.2025

„ბათუმელების" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამის შესახებ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს სხდომაზე საბოლოო განაჩენი გააჟღერა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს დემონსტრაციული დასჯა პოლიტიკური ანგარიშსწორებასთან არის დაკავშირებული, მმართველ პარტიაში კი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და კანონის წინაშე თანასწორობაზე საუბრობენ.

საინტერესოა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელების" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.

უფრო კონკრეტულად, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით. მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლის სამართლის კოდექსის" 353/1 მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-დან 7 წლამდე ვადით.

როგორც ამაღლობელის ადვოკატმა სხდომის შემდეგ განაცხადა, სინამდვილეში, ეს არის არა განაჩენი, არამედ დასჯის დემონსტრაციული აქტი.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ბათუმელების" დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს".

სასამართლო პორცესის პარალელურად მზია ამაღლობელის მხარდამჭერები ბათუმის საქალაქო სასამართლოდან ბათუმის ქუჩებში მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები მოსამართლე ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომელმაც მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს სხდომაზე მზია ამაღლობელს საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა მიეცა, მან თავის 90 დღიან სიტყვაში აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ შემოთავაზებულ საპროცესო შეთანხმებაზე უარს ამბობდა.

ოპოზიციის მასობრივი სოლიდარობა გრძელდება

ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სასამართლო გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა: „რეჟიმი პარალიზებულია - ზედმეტად მშიშარაა, რომ მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს და ზედმეტად სუსტია, რომ ის გაასამართლოს. ის გადარჩენის იმედით, დროის გაჭიანურების უკან იმალება. მაგრამ მისმა სიძლიერემ მათი შიში გამოააშკარავა. ეს არ არის სამართლიანობა. ეს სიკვდილის პირას მყოფი ავტორიტარული სისტემაა. ჩვენ არ გავჩერდებით!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.

განაჩენს გამოეხმაურა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავაც. ბოკუჩავას შეფასებით, მზია ამაღლობელისთვის წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირება და 2-წლიანი პატიმრობის შეფარდა უკან დახევა არ არის:

„არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, მოსამართლედ წოდებული პოლიტიკური მონა 2 წელს, 3 წელს თუ 7 წელს გამოაცხადებდა. არ მიმაჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკან დახევაა - ეს არის ხალხის მოტყუების მცდელობა იმისთვის, რომ ჩვენი სოლიდარობა გაქრეს და ერთი ქალის რევოლუცია, რომელიც დღეს ჩვენ მზია ამაღლობელის მხრიდან ვიხილეთ, ჩაცხრეს და აორთქლდეს." - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თუმცა ასე არ ფიქრობს ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი სალომე სამადაშილი. მისი შეფასებით, ბრალის გადაკვალიფიცირება გარკვეულწილად მოსამართლისა და რეჟიმის უკან დახევის მომასწავებელია:

„მაინც ვფიქრობ, რომ დღეს მოუწიათ უკან დახევა და ამ საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლა. უარესის მოლოდინი გვქონდა, ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა სასჯელი. ეს უნდა იყოს იმის მაგალითი, რომ ბრძოლას ყოველთვის მოაქვს შედეგი. მგონია, ვერ გაბედა რეჟიმმა ორჯერ მეტი ხანგრძლივი ვადით გაეშვა მზია ციხეში, ერთადერთი მიზეზით - ხედავენ, რომ მის შეუდრეკელ ბრძოლასთან ერთად, ძალიან შემართებით იბრძვის საზოგადოება." - განაცხადა სამადაშვილმა.

მზია ამაღლობლის საბოლოო განაჩენს გამოეხმაურა ექსპრემიერი გიორგი გახარიაც:

„ოცნებამ" პოლიტიკური და სამართლებრივი „წითელი ხაზები" დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს მიღმა დადგა და განაჩენი პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა. მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში - ღირსების ბრძოლაში დამარცხდა. ჩვენი მხარდაჭერა მზია ამაღლობელს!" - წერს გახარია სოციალურ ქსელში.

ოცნების პოზიცია

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სასამართლო დამოუკიდებელია, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე „ბათუმელების" და „ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს ეხმიანება.

ზვიად შალამბერიძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქვეყანაში სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი და მუხლის გადაკვალიფიცირება მოწმობს იმას, რომ მოსამართლე საკუთარ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელია:

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არის სრულიად დამოუკიდებელი და ის ფაქტი, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა, მიუთითებს იმაზე, რომ მოსამართლემ მიიღო სრულიად დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. სხვადასხვა სპეკულაციები ამ თემაზე, რომელიც უკვე დაიწყო და რომელიც დარწმუნებული ვარ გაგრძელდება, ნამდვილად უადგილოა. გადაწყვეტილება მიღებულია ისეთი, რაც მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ." - განაცხადა შალამბერიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×