
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის განცხადებას გამოეხმარა, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, თავიანთ კანონმდებლობაში ლგბტ ქორწინების ცნება მიიღონ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, შვედეთმა დააკორექტირა პრემიერის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის კრიტერიუმების მიღმაა - ეს ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებების" კანონი ევროპულ პრინციპებს შეესაბამება.
„ეს განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის" შესახებ კანონი, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს, შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული პრინციპები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, დარჩეს ჩვენი ურთიერთობის საფუძვლად და არ მოხდეს ცალკეული ქვეყნების, პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატიის მიერ მათი თვითნებური ინტერპრეტაცია და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა.
საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და აუცილებელია, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის პრინციპულად დავიცვათ ჩვენი ხალხის უფლებები", - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
როგორც შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი ჯესიკა როზენკრანცი აცხადებს, შვედეთს უმცირესობების, მათ შორის ლგბტ თემის, უფლებების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს, რაც ევროპული ქვეყნების გაერთიანების ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას წარმოადგენს.
„შვედეთს ლგბტ თემის უფლებების მხარდაჭერის დიდი გამოცდილება აქვს და ამაყად გააგრძელებს ამას. ევროკავშირის ხელშეკრულებები ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტ თემის უფლებების სრული სამართლებრივი დაცვის გარანტიას იძლევა. ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეს აქვს ერთი და იგივე განუყოფელი უფლება, იცხოვროს დისკრიმინაციის, სიძულვილისა და ძალადობის მუქარისგან თავისუფალმა.
ეს ჩვენი კავშირის ძირითადი ღირებულებაა და ნებისმიერი კანდიდატი ქვეყნისთვის უდავო პირობაა. თუმცა, ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს მის წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში [ლგბტ] ქორწინების ზუსტად იგივე ცნება მიიღონ", - განუცხადა მინისტრმა „ინტერპრესნიუსს".
ცნობისთვის, გასულ კვირას შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა: „დღეს საგერსკაში უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი ასევე იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.
დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას", - დაწერა მან.