რეზონანსი
07.08.2025

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ ოთხი ფარმაცევტული კომპანიის დაჯარიმებას ეხმაურება.

როგორც სარჯველაძე აცხადებს, პაციენტისთვის უსამართლო ფასის შეთავაზებასთან დაკავშირებით სამინისტრო შეურიგებელი იქნება.

„სამწუხაროდ, ფარმაცევტულ სფეროსთან დაკავშირებით, ყველაზე ხშირად გამოითქმის საყვედურები კონკურენციის ნაკლებობასა და ფასების ხელოვნურად ზრდაზე. ხშირ შემთხვევაში, ეს აბსოლუტურად არგუმენტირებულია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ვითარების გასაუმჯობესებლად, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები კი იძლევა სიგნალს, რომ მუშაობა გასაგრძელებელია, რათა პაციენტებმა სამართლიანი ფასით ისარგებლონ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აბსოლუტურად მიუღებელია მანკიერებები, რომლებიც ამ შესწავლამ გამოავლინა, მათ შორის ფასნამატში ამ კატეგორიის ხარჯების შეყვანა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების კონტროლის მიზნით, მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ეს ნიშნავს, მათ შორის რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, შესაძლოა, გაფართოებაზეც ვისაუბროთ. სამწუხაროდ, არის პრაქტიკები, რომელიც სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ეს პოზიცია მომავალშიც შენარჩუნებული იქნება. მსგავსი ვითარება სადაც აღმოჩნდება, როდესაც წავაწყდებით და საკმარისი არგუმენტები იქნება, ყოველთვის მივმართავთ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან სტრუქტურებს, რომლებსაც სამართალდარღვევაზე ევალება რეაგირება. სამინისტრო ამ შესაძლებლობას ყოველთვის გამოიყენებს და აბსოლუტურად შეურიგებელი იქნება ფაქტთან, რასაც პაციენტისთვის უსამართლო ფასის შეთავაზება ჰქვია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვან მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებულმა რეგულაციებმა ხელი შეუწყო მსგავსი კონკურენციის დეფიციტის აღმოფხვრას. შესაბამისად, უფრო მეტად გაჯანსაღდა ბაზარი, თუმცა ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ სადღაც, რაღაც პროცესი არასწორი მიმართულებით წავიდეს. ამას მუდმივად თვალს ვადევნებთ და როგორც კი გაჩნდება კონკრეტული მიმართვის საფუძველი, ჯანდაცვის სამინისტრო არ დააყოვნებს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×