
ფარმაცევტულ ბაზარზე კვლავ უკონტროლო სიტუაციაა და წამლების უმეტესობა გაუმართლებლად მაღალ ფასში იყიდება. რეგულაციებისა და რეფერენტული ფასების დაწესების მიუხედავად, სექტორმა მაინც გამონახა შავი ხვრელი და მედიკამენტებს ძვირად ყიდის. ფარმაცევტული ბიზნესის განუკითხაობას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის ოთხი კომპანია გამოვლინდა და დაჯარიმდა.
კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე თამამად შეიძლება თქმა, რომ ძვირი წამლების ტენდენცია გრძელდება და მდგომარეობა ისევ რთულია.
ბოლო პერიოდში მედიკამენტების გაძვირების ფაქტები ისედაც შეინიშნებოდა, რაზეც ,,რეზონანსი“ აქტიურად წერდა. ცხადია, რომ კონტროლი არის გასაძლიერებელი, მეტი ქმედითი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე არ დაბრუნდეს უკონტროლო სიტუაცია, როგორიც ადრე იყო.
რაც შეეხება გამოვლენილ ფაქტს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის ჯამში 560 ათასი ლარით დააჯარიმეს. ესენია: შპს "გლობალ ცბს", შპს "კონცეპტ ფარმა", შპს "რიჩ გრუპი" და შპს "გეა".
სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება - გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას.
სააგენტომ 4 კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე (30%-ზე მეტი) ფასნამატი (20%-ზე მეტი). დამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შედეგად, 4 კომპანიის ჯარიმის მოცულობამ ჯამში 559 358 ლარი შეადგინა. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით.
ფარმაცევტულ სფეროში არსებულ პრობლემას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებით ვითარების გასაუმჯობესებლად, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
,,მსგავსი ანალიტიკური დოკუმენტები იძლევა სიგნალს, რომ მუშაობა გასაგრძელებელია, რათა პაციენტებმა სამართლიანი ფასით ისარგებლონ. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამინისტროს მიერ, 2023 წლის დეკემბერში გასაჯაროებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ფარმაცევტული კომპანიები, მედიკამენტების რეალიზაციას, იმპორტის ფასთან შედარებით, 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით ახდენდნენ.
კონკურენციის სააგენტომ, მოკვლევით დაადასტურა, ოთხი კომპანიის მხრიდან, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი, რაც გამოიხატა მედიკამენტებზე, არასამართლიანი და მომხმარებლისთვის ზიანის მომტანი ფასების დაწესებით. მანკიერებები, რომლებიც ამ შესწავლამ გამოავლინა მათ შორის, ფასნამატში, ამ კატეგორიის ხარჯების შეყვანა, აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძე და დასძინა, რომ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების კონტროლის მიზნით, მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
„ეს ნიშნავს რეფერენტული ფასების კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, შესაძლოა, გაფართოებაზეც ვისაუბროთ და ა.შ. მნიშვნელოვანია, სადაც აღმოჩნდება მსგავსი ვითარება, როდესაც წავაწყდებით დარღვევას და საამისოდ საკმარისი არგუმენტები იქნება, ბუნებრივია, ყოველთვის მივმართავთ სამართალდამცავ სტრუქტურებს ან სტრუქტურებს, რომლებსაც სამართალდარღვევაზე რეაგირება ევალება. სამინისტრო ამ შესაძლებლობას ყოველთვის გამოიყენებს და იქნება აბსოლუტურად შეურიგებელი ფაქტთან, რასაც პაციენტისთვის, უსამართლო ფასის შეთავაზება ჰქვია“, - განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მედიკამენტებზე ფასი ბოლო პერიოდის განმავლობაში უსაფუძვლოდ მატულობს. ეს ეხება რეფერენტულ წამლებსაც, რომელიც წესით, რეგულაციას დაექვემდებარა, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ კონტროლი საერთოდ არ ხდება და შეღავათით მომხმარებლები რეალურად ვერც სარგებლობენ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი კახაბერ ჯაყელმა მიუთითებს, რომ კანონმა მომხმარებელი ვერ დაიცვა და ფარმაცევტულმა კომპანიებმა, თვითნებური ქმედებების გამო, მათ საჭირო მედიკამენტებზე წვდომა კიდევ უფრო გაურთულა. ამიტომ მკაცრო მონიტორინგი სამომავლოდაც უნდა გაგრძელდეს და კონკრეტული შემთხვევა ტენდენციად იქცეს, შესაბამისად, კონტროლი გასაძლიერებელია.
,,მაღალი ფასნამატებით მუშაობა დანაშაულია და ამაზე რეაგირება რაც შეიძლება მკაცრი უნდა იყოს. გამოვლენილი ფაქტი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ საქართველოს ფარმაცეფტულ ბაზარზე გარკვეული მონოპოლიებია, რომელთა შორის არის მთელი ბაზარი გადანაწილებული. შესაბამისად, მცირე კომპანიებს არ აქვთ საშუალება თავიანთი ნიშა მოიპოვონ. ასეთი კომპანიები ბაზრიდან ქრებიან, რჩებიან მონოპოლიები, ხოლო ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა ანტიმონოპოლიური სამსახურის კარგი მუშაობაა. ამით შესაძლებელია დარეგულირდეს ბაზარი და მოისპოს მონოპოლიები, რაც სექტორს კონკურენტუნარიანს გახდის.
როცა კონკურენცია არ არის, ადგილი აქვს მაღალ მოგებაზე მუშაობას და მაღალ ფასებს, ფასნამატის არასწორ დაწესებას, რაც მომხმარებელს აზარალებს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაღალი ფასები, რის გამოც მედიკამენტების უმეტესობა მოქალაქეებისთვის ძნელად ხელმისაწვდომია, სწორედ მონოპოლიებიდან გამოწვეული პრობლემაა.
საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თვითღირებულებაში შეტანილია ხარჯები, რაც წამლებთან არ არის კავშირში. გარკვეული აქტივობა სახელმწიფომ უკვე დაუწყო, მაგრამ რას მოგვიტანს ეს ყველაფერი, სამომავლოდ გამოჩნდება. თუკი რეალურად არიან მოწადინებული, რომ პრობლემა მოგვარდეს, მაშინ სექტემბრიდან უნდა ვიგრძნოთ ფასების კლება. თუ მხოლოდ კონკრეტული კომპანიების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და ყველაზე არ გავრცელდება, მაშინ აქედან არაფერი გამოვა”, - განაცხადა ,,რეზონანსთან” კახაბერ ჯაყელმა.
კარტელური გარიგების ნიშნებზე ისაუბრა ,,რეზონანსთან” ყოფილმა დეპუტატმა, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ, რომლის შეფასებითაც, ფარმაცეფტულ ბაზარზე დაწესებული რეგულაციის გამოყენებული ინსტრუმენტები არაეფექტურია.
,,არავისთვის არის უცხო, რომ ფარული შეთანხმებებით დგინდება წამლის ფასი და ჩვენი მოქალაქეები ზარალდებიან. კანონმდებლობა რეალურად უნდა მუშაობდეს, კარგია, რომ გარკვეული ფაქტები გამოვლინდა. ეს ემსახურება იმას, რომ სპეკულაციური ფასებისგან მოქალაქეების დაცვა მოხერხდეს. თუ ზომებს გაამკაცრებენ და ბაზრის მოკვლევა გაგრძელდება, უკეთეს სურათს მივიღებთ. ეს უნდა იყოს უწყვეტი პროცესი, ვინაიდან, თუ კონტროლი ქმედითი არ იქნა, მედიკამენტების გაძვირებას ვერაფერი შეაჩერებს. საჭიროა ანტიკარტელური და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გამოყენება, რაც წლების განმავლობაში საერთოდ იგნორირებული იყო.
წამლების ფასზე ზედა ზღვარი არსებობს და ეს ბაზარს და მომხმარებელს გარკვეულწილად უნდა იცავდეს. თუკი რომელიმე წამლის დეფიციტი არსებობს, უნდა ვიცოდეთ, რამ განაპირობა, რასაც სჭირდება კვლევა. ფარმაცევტულ ბაზარს სხვანაირი მართვა უნდა, თავისუფალი ბაზრის პრინციპი არ მუშაობს. რეგულაცია უნდა იყოს მკაცრი და პარალელური მუშაობაც უნდა მიმდინარეობდეს ნებისმიერი პროცესის საპასუხოდ, როცა რეგულაცია ტარდება", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირად ღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.