
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მოწინააღმდეგედ შესაძლოა „ლელოდან" მომღერალი მერაბ სეფაშვილი ვიხილოთ. თავად პარტიაში ამბობენ, რომ „ლელომ", როგორც აქამდე განაცხადა, მერობის კანდიდატად „ტესტავს" რამდენიმე სახეს. ამისთვის ტარდება კვლევა, რომლის შედეგების მიხედვით გადაწყდება, თუ ვინ იქნება თბილისში, „ლელოს" და გახარიას პარტიის მიერ შეთანხმებული მერობის კანდიდატი.
შეგახსენებთ, რომ პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, თბილისში მცხოვრებლებს შორის ატარებენ გამოკითხვას იმის შესახებ, თუ ვის ისურვებდნენ დედაქალაქში მერობის კანდიდატად. კითხვარი არაერთი პირის სახელსა და გვარს მოიცავს, რომლებიც თბილისის მერობის პოტენციურ კანდიდატებად მოიაზრებიან.
ცნობისთვის, ინფორმაცია მერაბ სეფაშვილის კანდიდატურის განხილვის თაობაზე „პოსტTV"-მ გაავრცელა. ამ ინფორმაციას, თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას აქვს კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს თბილისში მომდევნო 4 წლის განმავლობაში და სხვა პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
„დიდი ინტერესი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იქნება მათი მხრიდან წარმოდგენილი. მე მაქვს ჩემს გუნდთან ერთად ხედვა, თუ რა სჭირდება ჩვენს დედაქალაქს მომდევნო 4 წლის განმავლობაში, რა კონკრეტული პროექტები უნდა განხორციელდეს, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ სირთულეებს, გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს თბილისში. სხვა პოლიტიკური პარტიები ვის კანდიდატურას წარადგენენ, ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა კალაძემ.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგს, პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ კალაძეს ახლა ვინც არ უნდა იყოს, კონკურენციას ვეღარ გაუწევს.
„კალაძეს კონკურენციას ვერცერთი გაუწევს, რადგან ოპოზიცია დაქსაქსულია და ამის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობაა". ერთიანი კანდიდატი უნდა ყოფილიყო, ან ყველა პარტია უნდა მონაწილეობდეს და თავიანთი კანდიდატი უნდა ყოლოდათ, რათა ბევრი ამომრჩეველი მისულიყო და კალაძის პროცენტები დაწეულიყო. ანუ რაც უფრო მეტი კანდიდატია და მეტი ხმები მიაქვთ, მითუფრო უარყოფით შედეგს დადებდა კალაძე. ვინაიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" არ მონაწილეობს, მათი ამომრჩეველიც არ მივა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ოპიზიციური ფალნგი დაზიანებულია მერობის კანდიდატში. სეფაშვილი იქნება, თუ სხვა მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის ძალა და მოწოდება არ არის, რის გამოც პირადად მე მიმაჩნდა, რომ აუცილებელი იყო არჩევნებში ყველას მიეღო მონაწილეობა. აქ საუბარია იმაზე, რომ „ნაცმოძრაობამ" უაღრესად დააზიანა შანსები, შეგვერყია „ოცნების" ძალაუფლება. მოკლედ, პრობლემა კანდიდატში არ არის",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძესაც მიაჩნია, რომ კალაძეს სეფაშვილი კონკურენციას ვერ გაუწევს. „მოდი ასეთი შედარება გავაკეთოთ- სპილოს წინააღმდეგობას გაუწევს ჭიანჭველა?! ან ჩოხატაურის გუნდი, ბარსელონას?! ასე არის მერაბ სეფაშვილი კახა კალაძესთან. ასევე, მინდა ვთქვა, რომ სეფაშვილი კონკურენციას გაუწევს სიმღერით, „ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე. დაჯდება „ვივამედთან" და სააკაშვილს უმღერის, „გინდ მეძინოს, მაინც სულში მიზიხარო",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".