რეზონანსი
11.08.2025

გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვის უფლების დროს შეეხება იმ საკითხებს, რომელიც უკავშირდება ამ სისხლის სამართლის უკან არსებულ ნამდვილ - პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოტივებს, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ სააპელაციო სასამართლო, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებს, შემდგომში ისინი საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„დღეს დასკვნითი, შემაჯამებელი სხდომა იქნება, რომლის დროსაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოვთქვამთ, გიორგი ბაჩიაშვილი ისარგებლებს საბოლოო სიტყვით. ის შეეხება იმ საკითხებს, რომელიც უკავშირდება ამ სისხლის სამართლის უკან არსებულ ნამდვილ - პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოტივებს, იმას, რომ ამ საქმის უკან არ არსებობს სამართლებრივი მდგენელი. წინა პროცესზე მან სრულად გასცა პასუხი და ისაუბრა იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომლის შესაძლებლობაც პირველი ინსტანციის სასამართლოზე შესაძლებლობა არ მიეცა, რადგან მოსამართლემ უარი განაცხადა დისტანციურად მის გამოკითხვაზე.

თუ ძალაში დარჩება განაჩენი, რა თქმა უნდა, ეს განაჩენი უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება, რადგან ყველა ინსტანცია უნდა იყოს ამოწურული, რომ საერთაშორისო ინსტანციამდე მოხდება საკითხის მიტანა",- განაცხადა დავით ჯანდიერმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი 12 საათზე დაიწყება. საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ, ხოლო გიორგი ბაჩიაშვილი საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს, რის შემდეგაც სააპელაციო სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×