რეზონანსი
11.08.2025

ვიდრე საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული და ამაზე გვაქვს ძალიან მკაფიო და მყარი პოზიცია, მანამდე საარჩევნო ნომერზე გამოკიდება უბრალოდ, არაადეკვატურია, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-თვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს.

ირაკლი ფავლენიშვილი დარწმუნებულია, რომ როდესაც დემოკრატიულად ჩატარდება არჩევნები ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს.

„როდესაც დაბრუნდება დემოკრატია საქართველოში, როდესაც დაბრუნდება პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში, აუცილებლად დაბრუნდება 5-იანი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ნომერი. მრწამს იმის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ ნომერს შემოხაზავს შემდგომ არჩევნებში“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

როგორც მან განმარტა, თავიდანვე ცხადი იყო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ცენტრალური საარჩევნო კომისია.

როგორც მან აღნიშნა, პარტია საკუთარ იდენტობაზე, 5 ნომერზე უარს არ იტყვის და არც ბანერებზე აპირებს მოხსნას.

„იმავე ლოგიკით ივანიშვილის ბანდა აპირებს, რომ სამართლებრივ დონეზე აკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, ის, რომ ივანიშვილის უკანონო, არალეგიტიმური ბანდა რაღაცებს აკეთებს, ოღონდ თავის „ხოშზე“ და არა საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობად“ ყოფნაზე, 5 ნომერზე და ჩვენს იდენტობაზე უარის თქმას ვაპირებთ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცესკო-თვის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე არ მიმართვის გამო, საარჩევნო ნომრები დაკარგეს. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საერთო ჯამში თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 17-მა პარტიამ შეიტანა განაცხადი, ხოლო 5 საარჩევნო სუბიექტს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, ის ნომრები მიენიჭათ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×