რეზონანსი
12.08.2025

თბილისის განვითარების ფონდი, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამგორის რაიონში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.

ვარკეთილის მესამე მასივის მე-4 კვარტალში, კორპუსი N6-ში არსებული 4-სართულიანი ავარიული შენობის სრული დემონტაჟი განხორციელდა და მის ნაცვლად, მრავალბინიანი, 10-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„ვარკეთილის დასახლებაში ხორციელდება ჩანაცვლების კიდევ ერთი პროექტი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება. აღნიშნულ კორპუსში ცხოვრობდა 36 ოჯახი, რომელმაც გამოთქვა სრული თანხმობა. დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები და პროექტი მომავალი წლისთვის დასრულდება. ეს ოჯახები დროებით გაყვანილია ქირით. მუნიციპალიტეტი იღებს ყველა ხარჯს საკუთარ თავზე, ამ ადამიანებს კი დაუბრუნდებათ გარემონტებული ბინები. ირგვლივ არსებულ კორპუსებს, რომელთაგან თითქმის ყველა ავარიულია, გამოხატული აქვს მზაობა, ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში, რაც ძალიან კარგია. ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით. მინდა, ყველას მივმართო, ვინც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგახართ, გამოიყენეთ აღნიშნული პროგრამა. თქვენი თანხმობის შემდეგ განხორციელდება ავარიული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, მათ ნაცვლად აშენდება ახალი, თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კორპუსები და გადმოგეცემათ გარემონტებული ბინები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 9 430 385 ლარია, შპს „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ასრულებს. ავარიული კორპუსის ჩანაცვლება 2024 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2026 წლის სექტემბერში იგეგმება.

ადგილზე, დედაქალაქის მერთან ერთად, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×