რეზონანსი
12.08.2025

პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკა კაცია იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, აღმოჩნდა, რომ ბრალდებული არ მოიხმარდა ნარკოტიკს - ექსპერტებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, თმის ნიმუშმა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შესაძლოა, თვეებისა და წლების განმავლობაში შეინახოს, ხოლო ნიკა კაციასთვის ჩატარებულმა ექსპერტიზამ ნარკოტიკის მოხმარების კვალი არ დაადასტურა.

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს თმის ნიმუში და შესაბამისი კვლევა ჩაატარეს ნარკოლოგიური თვალსაზრისით და დაადგინეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია, რადგან, როდესაც პატაკის ავტორმა განაცხადა, რომ ნიკა კაცია იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, აღმოჩნდა, რომ ბრალდებული არ მოიხმარდა ნარკოტიკს. ბრალდების მხარემ ეს ინფორმაცია უტყუარად არ მიიჩნია, თუმცა, როდესაც მე ამ საქმეში ჩავერთე ვითხოვდი, რომ ბრალდების მხარეს დაენიშნა აღნიშნული ექსპერტიზა, თუმცა უარი მეთქვა. ექსპერტებმა კი თავიანთი დასკვნა დაადასტურეს სასამართლოზე და კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნიკა კაცია არ იყო ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი. სასამართლოზე ექსპერტმა განაცხადა, რომ შესაძლოა თმამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია თვეები და წლები შეინახოს",- განაცხადა ნინო ლომინაძემ.

ინფორმაციისთვის, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები დაიკითხნენ, რომლებმაც განაცხადეს, რომ თმის ნიმუშმა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაადასტურა.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×