თამთა ჩაჩანიძე
12.08.2025

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრამდე 3 დღე რჩება და მთავარი განხილვის თემა ისაა, თუ როგორ მოხდება დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული „ტერიტორიების გაცვლა" უკრაინასა და რუსეთს შორის. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამ გაცვლით კმაყოფილი არავინ დარჩება. 13 აგვისტოს დონალდ ტრამპისა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდრების ვირტუალური სამიტია დაგეგმილი. დასავლური მედია კი წერს, რომ ზელენსკი შეგუებულია გარკვეული ტერიტორიების დაკარგვას და ახლა ამის სანაცვლოდ უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიის მიღებას ცდილობს.

კრემლი, ცეცხლის შეწყვეტისა და ზავის დადების სანაცვლოდ, უკრაინის 4 ოლქს ითხოვს - დონეცკს, ლუგანსკს, ხერსონსა და ზაპოროჟიეს. აქედან, დღეის მდგომარეობით, რუსული არმია სრულად მხოლოდ ლუგანსკის ოლქის ტერიტორიას აკონტროლებს. გარდა ამისა, რუსული ნაწილები შეჭრილი არიან ხარკოვისა და სუმის ოლქების ტერიტორიაზეც.

ანალიტიკოსთა შეფასებით, მშვიდობის კონკრეტული ფორმულა უცნობია, თუმცა ტრამპი ტერიტორიების გაცვლაში დიდი ალბათობით უკრაინის ოკუპირებულ და მის კონტროლქვეშ ტერიტორიების გაცვლას გულისხმობს. მაგალითად, დონბასზე რუსეთის სრული კონტროლის სანაცვლოდ, ხერსონსა და ზაპოროჟიედან რუსული ნაწილების გასვლას, თუმცა, ამისთვისაც მხარეები მზად არ არიან და უფრო კონფლიქტის გაყინვაა მოსალოდნელი, ვიდრე საბოლოოდ გადაჭრა.

სამშაბათს ევროკავშირის 26-მა ქვეყანამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რომელიც სტაბილურობასა და უსაფრთხოებას მოიტანს, უნდა იცავდეს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და იმას, რომ საერთაშორისო საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს. იზიარებენ იმას, რომ დიპლომატიური გზით უნდა გადაწყდეს კონფლიქტი. ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები მზად არიან, შემდგომი წვლილი შეიტანონ უსაფრთხოების გარანტიებში მათი შესაბამისი კომპეტენციებისა და შესაძლებლობების საფუძველზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

დასავლურ მედიაში წერენ, რომ ზელენსკი ფარულად უშვებს ტერიტორიების დაკარგვის შესაძლებლობას.

დათმობები, რომლითაც კმაყოფილი არავინ არ იქნება

„ფაინენშელ თაიმსი" წერს, რომ „ზელენსკი ფარულად უშვებს ტერიტორიების დაკარგვის შესაძლებლობას".

„შეიძლება კიევი კონფლიქტის გაყინვას დათანხმდეს... შეთანხმების ფარგლებში, რომელიც მის (რუსეთის) ზოგიერთ ძირითად მოთხოვნას ითვალისწინებს", - ნათქვამია სტატიაში.

„დეილი ტელეგრაფი" კი თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ხელისუფლება დასაშვებად მიიჩნევს კონფლიქტის მოგვარებისა და ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ თავისი ტერიტორიის რაღაც ნაწილის დათმობას.

გამოცემა აცხადებს, რომ ზელენსკიმ პოზიცია შეარბილა. ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ კი, კიევი მიიღებს „უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს, იარაღის მიწოდებისა და ნატოში გაწევრიანების სახით". ამავე დროს, ზელენსკიმ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ მათ უნდა უარყონ ვაშინგტონის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, თუ ეს უკრაინის მიწების დათმობას გულისხმობს.

„ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სამშვიდობო შეთანხმებისთვის პირობები შექმნა, თუმცა იქნება დათმობები, რომლითაც კმაყოფილი არავინ არ იქნება, ამასთან დასძენს, რომ პუტინი შეხვედრაზე არ დათანხმდებოდა, ზეწოლა რომ არ ეგრძნო. პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებების ეტაპზე შესაძლებელია და, სავარაუდოდ, მოხდება ტერიტორიების გაცვლა.

ტერიტორიების გაცვლა

სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპი, დიდი ალბათობით, გულისხმობს უკრაინის ოკუპირებულ და კიევის კონტროლის ქვეშ არსებულ ტერიტორიებს.

„აქ საუბარია უკრაინის უკვე ოკუპირებულ და ასევე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც არაა დაპყრობილი. საეჭვოა აქედან რამე გამოვიდეს. უკრაინელებს მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება ამ ეტაპზე არ ძალუძთ, როგორც ეს საქართველოს მწარე რეალობაშია.

„აქამდე რუსეთს ოკუპირებული აქვს ლუგანსკის ოლქის 99% და დონეცკის 75%. თუ ლუგანსკთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, დონეცკში 25%-ია უკრაინელების კონტროლის ქვეშ და მასში კრამატორსკი და სლავიანსკი შედის, რომელთა აღმოსავლეთ მიმართულებაზე წლების განმავლობაში თავდაცვის ზღუდეებს აწყობდა უკრაინა, დიდი ფულია ჩადებული და დიდი იმედი აქვთ, რომ ამით რუსეთს შეაკავებენ და თუ მას დათმობენ, ეს ნიშნავს, რომ თავდაცვის ზღუდეების დათმობაც მოუწევთ.

„გარანტიებს ვერ მიიღებს უკრაინა. ერთადერთი საბრძოლო მოქმედებები შეიძ₾ება შეწყდეს. ეს ცოტა არაა, რუსეთმა უკრაინა გადაიღალა, ვხედავთ ყოველდღიური დაბომბვებით რა მდგომარეობაშია. მაგრამ ამდენი ადამიანის დაღუპვის მერეც რომ დათმოს, ფაქტია პუტინი ამით არ გაჩერდება", - განაცხადა ალადაშვილმა.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ტერიტორიების გაცვლა" უკრაინისთვის მტკივნეული პროცესი იქნება.

„ყველაზე მტკივნეული პროცესი იქნება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკით, ამ ომის სწრაფად დამთავრება სურთ ნებისმიერ ფასად. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის უკრაინის სასარგებლოდ არ იქნება. ტრამპს ნობელის პრემიის ინტერესი აქვს და სომხეთ-აზერბაიჯანის (სამშვიდობო შეთანხმების) ფონზე თუ ამასაც მოაგვარებს, მისთვის უკეთესია. თუნდაც ეს მოლაპარაკება საბოლოო არ იყოს. ეს უკრაინის მდგომარეობას ართულებს, მიუხედავად ევროპელი მოკავშირეების შეხიდებისა.

„არცერთი მხარის პოზიცია არ შეიცვლება, ამიტომ შუამავლებს სერიოზული თავსატეხის ამოხსნა მოუწევთ. ეს ამ კონფლიქტის ფინალური გადაწყვეტა არ იქნება, ალბათ უფრო გაიყინება, მაგრამ მნიშვნელოვანია რა საზღვრების მიხედვით.

„თუ ზელენსკი დათმობაზე წავა, ამას უკრაინის საზოგადოებრივი აზრი არ მიიღებს. მით უმეტეს, როცა მსხვერპლია და ფაქტიურად აგრესორს აჯილდოებენ და ისტორიიდან გვახსოვს აგრესორის დაჯილდოება როგორ ხდებოდა და როგორ გაგრძელდა", - განაცხადა კაკაჩიამ.

როგორ მიიღწევა ხანგრძლივი და მყარი მშვიდობა

ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ამით ხანგრძლივი მშვიდობა ვერ დამყარდება.

„პუტინმა თუ დონბასი ხელში ჩაიგდო და დნეპროპეტროვსკის ოლქის საზღვარს მიადგა, ის ადრე თუ გვიან ამ იერიშებს გააგრძელებს, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გავიდეს.

„რუსეთს როდის შეუსრულებია თავის პირობა, რომ იქ შეასრულონ? ადრე თუ გვიან პუტინი იფიქრებს მთლიანად უკრაინის დაპყრობას და თავის მარიონეტული ხელისუფლების დასმას. შეიძლება, უკრაინა, როგორც სახელმწიფო, საერთოდაც გააუქმდეს", - განაცხადა ალადაშვილმა.

ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩიაც ასევე ფიქრობს, რომ ტერიტორიების გაცვლით მყარი მშვიდობა ვერ დადგება.

„პირობითად, თუ უკრაინამ ეს ნაბიჯები გადადგა, რას იღებს ამისთვის? თუ ნატო-ში გაწევრიანება ვერ მიიღო, რაც ტრამპის პირობებში თითქმის გამორიცხულია, მაშინ რატომ უნდა გააკეთოს ეს, თუ მინიმუმ ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება? რა არის ის ფორმულა, რის მიხედვითაც უკრაინის უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი - ეს საკითხხები გადაუჭრელია. მხოლოდ ტერიტორიების გადაცემა-გადმოცემა ხომ არაა, რუსეთის მხრიდან შეთანხმება ბევრჯერ დარღვეულა. ამიტომ გარანტიებზე მოლაპარაკება საკმაოდ რთული იქნება.

„მყარი მშვიდობა ვერ დადგება ამით. რუსეთის მიზანია უკრაინა იზოლირებული იყოს, ტერიტორიები მიიტაცონ და შემდგომ უკვე მთელი უკრაინის დასაპყრობად მოემზადონ. უკრაინის პოზიცია პირიქითაა - მინიმუმ უსაფრთხოების გარანტიები, ევროკავშირში ან ნატოში გაწევრიანება სურთ. ეს ამოცანები შეუთავსებელია და აქ მნიშვნელოვანია ტრამპი როგორ მოახერხებს მხარეებზე ზეწოლას, რომ თუნდაც ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ. ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა უფრო შესაძლებელია, ვიდრე კონფლიქტის საბოლოოდ გადაჭრა", - განაცხადა კაკაჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×