
ევროკომისიის 8 რეკომენდაციის შესრულების დრო იწურება, "ოცნებას" ვადა 1-ელ სექტემბრამდე აქვს, თუმცა, როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, რეკომენდაციებში ნახსენები კანონები ვერ გაუქმდება "რომც ამის ნება იყოს",რადგან პარლამენტი მუშაობას 2 სექტემბრიდან იწყებს. ამასთან, აცხადებენ, რომ რაც უფრო მეტად ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, უფრო მეტადაა "მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით".
თავის მხრივ ევროკავშირის ლიდერები და ოპოზიციაშიც აცხადებენ, რომ თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, ამას შედეგები მოჰყვება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილება იქნება მირებული რეკომენდაციების არშესრულების შემთხვევაში, ყველაზე ნაგატიური სცენარად კი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას განიხილავენ ანალიტიკოსები, რომელიც თავის მხრივ არჩევნების შედეგებზეც აიასახება.
რეკომენდაციების მიხედვით, "ოცნებამ" უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.
როგორ იმოქმედებს ვიზალიბერალიზაციის საკითხი არჩევნების შედეგებზე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არჩევნების შედეგებზე გავლენა ექნება.
"თუკი ევროკომისიია ყველაფრის მიუხედავად მაინც გადაწყვეტს, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს, ვფიქრობ გარკვეული ზემოქმედება ექნება. როდესაც ადრე ევროპაში ყოველგვარი ფორმალობების გარეშე დადიოდი, საელჩოებთან რიგებში დგომა არ გიწევდა და ახლა ამ ყველაფრის ხელახლა გავლა და ამაში თანხების გადახდა მოგიწევს, რაღაც გარკვეულ ნაწილზე იმოქმედებს, მაგრამ რამდენად იმოქმედებს მოქალაქეების იმ რაოდენობაზე, ვისი იმედიც ოპოზიციას აქვს (და ფაქტიურად ეს ძირითადი ხელჩასაჭიდია საპროტესტო აქციების ასაგორებლად), წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვების გარეშე, ამის თქმა რთულია.
"ვფიქრობ, გავლენას იქონიებს. გადაწყვეტილების მიღება სწორედ არჩევნების წინა პერიოდს იმიტომ დაამთხვიეს, რომ ეს ერთის მხრივ საზოგადოებაში "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო განწყობების შესაქმნელად და გასაღვივებლად გამოიყენონ, მეორეს მხრივ ამით არჩევნების წინ და არჩევნებისას "ქართული ოცნების" პოზიციები შეასუსტონ.
გადაწყვეტილების მიღებისთვის ამ დროის შერჩევა და ამის უკან მდგარი მიზეზები პირადად ჩემთვის სრულიად ცალსახაა",- განაცხადა ანალიტიკოსმა.
კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა მართლაც შეგვიჩერონ უვიზო მიმოსვლა, თუ მხოლოდ განცხადებებით შეიძლება შემოიფარგლონ, ანჯაფარიძემ გვითხრა:
"ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ ევროკავშირში საბოლოოდ რა გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბდებიან. საქართველოსთან დაკავშირებით მთელი რიგი გადაწყვეტილებები იმის გამო ვერ მიიღეს, რომ ერთიანი და მძლავრი კონსესნსუსი არ იყო.
არ გამოვრიცხავ, რომ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებითაც იგივე სიტუაცია შეიქმნას, შეიძლება მოხდეს ისე, რომ ოფიციალურ და ხელისუფლებასთან დაკავშირებულ იმ პირთა სია გააფართოონ, რომლებსაც სავიზო აკრძალვა შეეხებათ და რიგითი მოქალაქეებისთვის ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ადრე იყო.
"თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ოპოზიცია დასავლეთში რამდენად იმუშავებს და შეძლებს მათ დარწმუნებას, რომ მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ჩამორთმევა არის ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ "ოცნება" არჩევნებზე დამარცხდეს. სწორედ ამ მესიჯით მიდის დღეს დასავლეთში ოპოზიცია და ცდილობენ გადაწყვეტილებების მიმღებები დაარწმუნონ, რომ სწორედ ეს იქნება ეფექტური საშუალება.
"ასევე არსებობს თვითონ ევროკავშირში პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ამით შესაძლოა საქართველოში ევროსკეპტიკური განწყობები გაღვივდეს, რომლითაც ისარგებლებს რუსეთი, ან სხვა ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირში მიჩნეულები არიან ოპონენტებად. ეს მარტივად მისაღები გადაწყვეტილება არ იქნება.
"ასევე ბევრია დამოკიდებული იმაზე, თვითონ "ქართული ოცნება" ევროპაში როგორ იმუშავებს, მარტო ის განცხადებები, რომ ეს უსამართლო გადაწყვეტილებაა და ა.შ. საკმარისი არაა, შესაბამის სტრუქტურებთან და ადამიანებთან მუშაობაა საჭირო, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული. ამისთვის საჭიროა შესაბამისი და საჭირო მეთოდების გამონახვა. "ოცნებას" თუ სურს, რომ ეს არ მოხდეს, მან ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაააქტიუროს",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ვიზლაიბერალიზაციის საკითხი არჩევნებს არ უკავშირდება და საქართველოს ხელისუფლებას ბევრად ადრე განუსაზღვრეს თარიღი, ვიდრე 4 ოქტომბერია.
"ვიზალიბერალიზაციის საკითხი არჩევნებს არ უკავშირდება, "ქართულ ოცნებას" თარიღი 1-ელ სექტემბრამდე განუსაზღვრეს და მათთვის პირველ რიგში ახლოვდება არა 4 ოქტომბერი, არამედ 1-ელი სექტემბერი. თუმცა, მახაშვილს უნდა, რომ "ოცნების" ქმედება გაამართლოს და აცხადებს, რომ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერება არჩევნებთან კავშირშია.
"თუ არჩევნებამდე ვიზალიბერალიზაციის მხრივ რაიმე გადაწყდა ევროკავშირში, ეს "ოცნების" რეიტინგზე ნაწილობრივ იმოქმედებს, მაგრამ ვინც ხმას აძლევდა, ის მაინც მისცემს, რადგან აქამდე "ოცნების" რეიტინგზე ბევრ სხვა ფაქტორსაც უნდა ემოქმედა, მაგრამ მათ მათ სტაბილური მხარდამჭერი ჰყავთ, სხვა საკითხია რატომ ჰყავთ, ეს სხვადასხვა მიზეზთა გამოა.
"ვინც "ოცნების" ნაბიჯებს აპროტესტებს, მათი დიდი ნაწილი არჩევნებზე არ მივა. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი მივა, რადგან "ოცნება" იმუშავებს, რომ თითქოს ჩვენ ჩვენი ოჯახური ღირებულებები არ დავთმეთ და ა.შ.
"შეიძლება ევროკავშირის გადაწყვეტილებებმა, ან აშშ-ს მხრიდან "მეგობარი აქტის" მიღებამ შესაძლოა სტიმული მისცეს საპროტესტო აქციებს და იმ ადამიანების გამოსვლებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები და ახლა აქციებზე ნაკლებად გამოდიან, მაგრამ უფრო მეტი მუხტისთვის ოპოზიციის მხრიდან მუშაობაა საჭირო",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებენ "ოცნებაში
"რაც უფრო ახლოვდება მუნიციპალური არჩევნები, ჩვენ უფრო მეტად ვხედავთ და გვესმის მანიპულირება ვიზალიბერალიზაციის საკითხით", - ამბობს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
მახაშვილის თქმით, არაერთი მცდელობა იქნება საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტივობა და მათი მხრიდან იმის დაფიქსირება, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას.
„საქართველომ ვიზალიბერალიზაცია მიიღო მთელი რიგი რეფორმების სრულყოფილად განხორციელების და ევროკავშირის უსაფრთხოების განუხრელად დაცვის გამო. ამ საკითხის ეჭვქვეშ დაყენება, მათ შორის, „ოჯახური ღირებულებების" კანონის, „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო არის სრულიად უსაფუძვლო და უსამართლო და ეს არის მოსახლეობის წინაშე ცრუ დილემის დაყენება.
"იქნება არაერთი მცდელობა საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლის და მოსახლეობის თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის. რა თქმა უნდა, თუკი რაიმე ბერკეტი და რესურსი არსებობს, ბრიუსელის ბიუროკრატია ამას გამოიყენებს, მაგრამ სწორედაც ამიტომ არის მნიშვნელოვანი მოსახლეობის აქტივობა და მათი მხრიდან ძალიან მკაფიო ხმა და თქმა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ხელისუფლებას მათ შორის, იმ პოლიტიკას, რასაც ატარებს საქართველოს ხელისუფლება.
"ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ მკაფიო არჩევანი საქართველოს მოსახლეობის ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასთვის, ვინც ცდილობს საქართველოზე თუ მის ხელისუფლებაზე ზეწოლას", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.