
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შესძლეს აღმოსავლეთ ფრონტზე,პოკროვსკი-კონსტანტინოვკას შორის ფრონტის ხაზის გარღვევა და უკრაინის დამცველებს შორის, ორი სოლის სახით 15 კმ-ის სიღრმეში შეჭრა...
რამდენიმე დღეში 15 კმ-იანი წინსვლა პუტინის არმიას მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმის პირველ კვირებში თუ ჰქონდა, მას შემდეგ რუსი ოკუპანტები ძალიან დიდი მსხვერპლის ხარჯზე, დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრით თუ იწევდნენ წინ აღმოსავლეთ ფრონტზე.
როგორც სამხედრო ანალიტიკოსი ირაკლი ალადაშვილი წერს, უკრაინის გენშტაბის სარდლობას ბარემ ძალიან არ სურდა ამ წარუმატებლობის აღიარება, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ეს გაეკეთებინა და ამ მონაკვეთზე ფრონტის ხაზის სრული ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად იქ „სახანძრო მანქანის“ როლში ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთის, ეროვნული გვარდიის 1-ლი კორპუსის „აზოვის“ დანაყოფები გადაისროლა, რამაც გარკვეულწილად გამოასწორა რთული სიტუაცია, თუმცა საბოლოო სურათი ჯერ უცნობია - შეძლებენ უკრაინელები ამ ორივე გარღვევის, რომლებიც ოპერატიულ რუკაზე ორ „რქად“ მოჩანან, ძირშივე „მოჭრას“, თუ რუსეთის საოკუაპციო ძალები გაზრდიან ზეწოლას და გააფართოებენ ფრონტის ხაზის გამრღვევ ამ ორ სოლს...
თუკი პუტინის არმია შეძლებს განავითაროს შეტევები ამ მიმართულებებზე, უკრაინის მხარე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ეს გარღვევა პოკროვსკისა და კონსტანტინოვკას ნახევრად ალყების შუაშია და რუს გენერლებს შეუძლიათ შეტევის მიმართულება მარცხნივაც, სამხრეთ-დასავლეთითაც „მოუხვიონ“, რომ პოკროვსკი სრულ ალყაში მოაქციონ ან კიდევ ჩრდილო-აღმოსავლეთით განაგრძონ სვლა ჩასოვ-იართან გასასვლელად და კონსტანტინოვკას „ტომარაში“ მოსაქცევად...
ირაკლი ალადაშვილი მოსაზრებით, არსებობს უფრო დიდი მასშტაბის საშიშროებაც-რუსი ოკუპანტები მთელ ძალებს გადაისვრიან, რომ ამ ორი „რქიდან“ შეტევები განვითარდეს მკაცრად ჩრდილოეთით,ლიმანისკენ, რის შედეგადაც ალყაში შეიძლება ერთდორულად აღმოჩნდნენ კონსტანტონოვკაც, კრამატორსკიცა და სლოვიანსკიც და ამით აღსრულდეს პუტინის სამი წლის ოცნება უკრაინის დონბასის დონეცკის ოლქის სრული ოკუპაციის თაობაზე...
