ნატალია ჯვარიძე
13.08.2025

აქტიურად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთს გარკვეული წარმატებები აქვს დონეცკის მონაკვეთზე და ფრონტის ხაზი გარღვევაც კი შეძლო. რამდენად მართალია ეს და რეალურად ახლა რა ვითარებაა ფრონტის ამ მიმართულებაზე - იქ არსებულ ვითარებას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია აღწერს და ამბობს, რომ ეს ნაწილობრივ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ, ცოტა გაზვიადებულია.

„გარკვეულ გარღვევას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ეს იყო ტაქტიკური დონის, რომლის ლოკალიზებაც უკრაინელებმა შეძლეს - რეზერვები გადაისროლეს. ახლა სიტუაცია არის საკმაოდ სტაბილური. რუსული პროპაგანდისტული მედია აზვიადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა შეძლეს ფრონტის გარღვევა, რაც პრინციპში, რეალობას არ შეესაბამება.

ეს ფსიქოლოგიური ომის ერთ-ერთი მოდულია. რუსებს სურთ, რომ 15 აგვისტომდე მოახერხონ მომგებიანი პოზიციის დაკავება, რომ შემდეგ ტრამპს წარუდგინონ მათი წარმატებები. პუტინს უნდა, რომ ტრამპი პოსტ-ფაქტუმ დააყენოს სიტუაციის წინაშე, რომ აი, ჩვენ ვაკონტროლებთ ვითარებასო.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა მოახდინეს დაახლოებით 50-60 ათასიანი დაჯგუფების თავმოყრა დონეცკის მიმართულებით, ფრონტის გარღვევა არ გამოსდით. მეტსაც გეტყვით, უკრაინელებმა შეძლეს 2 ათას კილომეტრზე ჩრდილოეთით სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა, რაც უკვე სერიოზულ პანიკას იწვევს, რადგან რუსეთში მასიურად ითიშება მობილური ქსელები. ხდება სტრატეგიული მარაგების, განსაკუთრებით ნავთობმომარაგების ადგილების განადგურება. ეს უფრო მეტად აწუხებს პუტინს. ანუ ის წარმატება, რაც უნდათ, რომ რუსებმა 15 აგვისტომდე მიაღწიონ, ვერ ახერხებენ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსეთის წინსვლის გარკვეული საშიშროება არსებობს.

„უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე ისედაც დაძაბული სიტუაცია იყო. იქ არის რამდენიმე ნახევრადალყა. დაახლოებით ხუთი ასეთი ადგილია, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები უტევენ. ერთ-ერთი რთული ადგილი პოკროვსკი და კონსტანტინოვკაა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შეძლეს ორი სოლით შეჭრა და პოკროვსკისა და კონსტანტინოვკის შორის დაახლოებით 15 კილომეტრზე გარღვევის მოხდენა. ახლა იმის თქმა, რომ რუსები უკვე ჩასანგრდნენ და პოზიციები გააძლიერეს, რთულია, რადგან ეს შეიძლება იყოს დივერსიული სადაზვერვო ჯგუფების სახით.

ახლა უკრაინელები ცდილობენ, რომ მათი ლიკვიდაცია მოახდინონ. თუმცა თუ რუსეთმა შეჭრის როლებში გააძლიერა შეტევები, არის იმის საშიშიშროება, რომ მოახდინონ მათი პოზიციების დამკვიდრება და ამით დაემუქრონ, როგორც პოკროვსკიზე, ისე კონსტანტინოვკაზე სრული ალყის შეკვრას",- განაცხადა ირაკლი ალადაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×