ნატალია ჯვარიძე
13.08.2025

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე გაიმართება. ამერიკული მედიის ცნობით, შეხვედრა ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული ცენტრის კვლევების ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ ეს მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდება, ტრამპი პოლიტიკურად განადგურდება.

„მე მგონია, რომ პუტინმა ტრამპს ეს შეხვედრა დროის გაწელვის გამო შესთავაზა. სინამდვილეში ტრამპის ულტიმატუმის ვადა გავიდა და იმისთვის, რომ რუსეთს სანქციები არ მიეღო, ეს შესთავაზა - მოდი შევხდეთო.

მგონი პუტინს გეგმაში არ აქვს, რომ ახლა იმ პირობებს, რასაც უკრაინა დათანხმდება, ცეცხლი შეწყვიტოს. მას კიდევ იმედი აქვს, რომ ზაფხულის ბოლომდე, შეიძლება სექტემბერშიც მოახერხებს რაღაც ტერიტორიების ხელში ჩაგდებას. ამის მიუხედავად მისთვის თავის დაძვრენა ძალიან რთული იქნება და ცეცხლის შეწყვეტაზე უარის თქმა.

თუმცაღა ცეცხლის შეყვეტაზე შეთანხმება შეიძლება ნაწილობრივ მაინც მოხერხდეს. მაგალითად შეწყდეს დაბომბვები ჰაერიდან და პუტინმა გააგრძელოს კვლავ უკრაინის ტერიტორიების შემდგომი დაპყრობის მცდელობა. ესეც შესაძლებელია, რომ მოხდეს.

მთლიანად რომ შეწყდეს ცეცხლი, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, თუმცა გამორიცხული არაფერია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რუსეთსაც ცუდად აქვს საქმე, განსაკუთრებით ეკონომიკაში. ამიტომ თუ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა, შეიძლება რამდენიმე თვის მერე ძალიან გაუჭირდეს საომარი მოქმედებების გაგრძელება.

აქ ახლა მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ტრამპმა ახსენა, რაღაც ტერიტორიები უნდა გაიცვალოსო და ა.შ. ეს ძალიან უცნაური განცხადებაა, რადგან ყოველ შემთხვევაში, უკრაინელებისა და ევროპელების მხრიდან აბსოლუტურად გამორიცხულია კიდე რაიმე ტერიტორიების დათმობა რუსეთისთვის.

ამ მომენტში რუსეთი გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, აკონტროლებს კიდევ დაახლოებით 200 კილომეტრ ტერიტორიას ხარკოვისა და სუმის ოლქში. ეს მაშინ, როცა მას პრეტენზია აქვს, რომ უკრაინამ მას უნდა ჩააბაროს დაახლოებით 24 ათასი კილომეტრი ტერიტორია, რომელიც კონსტიტუციაში შეიტანა, როგორც რუსეთის საკუთრება.

აქ ტერიტორიების რაღაც პროპორციულ გაცვლაზე საუბარი ძალიან რთულია. თანაც უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ დათმობს იმ ტერიტორიებს, რომლისთვის იბრძოლა და ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვს. ამიტომ ძნელი იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. თუმცა როგორც ვთქვი, გამორიცხული არაფერია,

რადგან რა კი პუტინს ამხელა აშშ-ს პრეზიდენტი ჩაყავს ალიასკაში, ესე იგი რაღაც ისეთი უნდა შესთავაზოს, რომლის მერეც ტრამპი დაიტრაბახებს. თუ ამ მოლაპარაკებებმა სრული ფიასკო განიცადა, ეს იქნება ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი",- განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×