
„ლელო ძლიერ საქართველოსა" და პარტიას „გახარია საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ამ დრომდე დასახელებული არ ჰყავთ. ამის ფონზე, სავარაუდო კანდიდატები გახარიას პარტიის წევრი გიორგი შარაშიძე და „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი პრაქტიკულად ცალ-ცალკე აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ისინი საერთო კანდიდატზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. „ლელოს" გენმდივანმა ირაკლი კუპრაძემ კი, ბერლინში გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას ზოგადად განაცხადა, რომ მათ საერთო კანდიდატები ეყოლებათ, თუმცა თბილისი არ უხსენებია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილი მიიჩნევს, რომ საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდნენ.
„რეალურად, რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან. იციან, რადგან ვერ შეთანხმდნენ საერთო კანდიდატებზე, „ქართული ოცნების" კანდიდატებს რომ საპირწონედ დაუყენონ. დღეს იკრიბებიან უცხოეთში, სურვილი აქვთ, რომ იმსჯელონ ამ საკითხებზე და ვინ? - გიორგი გახარია, რომელიც გაქცევით და ღალატით არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ერთ განშტოებას და მეორე მხრივ, „ლელო", თაღლითების და „ნაცმოძრაობასთან" არსით დაკავშირებული პირების პარტია. შეგვიძლია, ერთადერთი ვთქვათ, რაც აერთიანებთ ამ ძალებს, არის საკუთარი ქვეყნის სიძულვილი", - განაცხადა მათიკაშვილმა.
ირაკლი კუპრაძემ კი ბერლინში გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა:
„ჩვენ გვქონდა წარმატებული შეხვედრა, ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ვრჩებით იმ მემორანდუმის ერთგულები, რომელსაც ხელი მოვაწერეთ საზოგადოების წინაშე და ავიღეთ ვალდებულება, რომ საზოგადოებას შევთავაზებთ თანამშრომლობის იმ მოდელს, რომელიც, სამწუხაროდ, სხვა პარტიებმა ვერ შეძლეს. „ლელო - ძლიერ საქართველოს" და გახარიას გუნდს აუცილებლად ეყოლება საერთო კანდიდატები".
რატომ ჭიანურდება კანდიდატის შერჩევა
ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და ანალიტიკოსს, პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ერთიანი კანდიდატის შერჩევის საკითხი აქტუალური აღარაა. მისი აზრით, ერთიანი კაანდიდატის წარდგენამ როგორც „ლელოს", ისე გახარიას მხარდამჭერთა ნაწილში შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს, რაც ოპოზიციას ხმებს დააკარგვინებს.
„მაშინ, როცა მთელი ოპოზიცია არ მონაწილეობს არჩევნებში და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, არსებითი მნიშვნელობა აღარ ენიჭნება, იქნება თუ არა ერთიანი კანდიდატი. პირიქით, შეიძლება აქ რაღაც საფრთხეც კი არსებობდეს. მე არ ვიცი რა ფორმით და დონით მიმდინარეობს მათ შორის მოლაპარაკება, მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ არჩევნების პირველი ტური უნდა იყოს 4 ოქრომბერს, მაშინ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა მივიდეს.
„ჩემი აზრით, ერთიანი კანდიდატის საკითხი პრობლემა აღარაა. პირიქით, საჭიროა რაც შეიძლება მეტი კანდიდატი იყოს. უმჯობესია ყველა პარტიიდან ცალკ-ცალკე კანდიდატი ჰყავდეთ, ვინაიდან ასე უფრო მოხერხდება საკუთარი ამომრჩეველის მობილიზება, რადგან კალაძემ ნაკლები პროცენტი აიღოს. წარმოიდგინეთ პროცესი, რომ მხოლოდ კალაძეა კანდიდატი, რა თქმა უნდა, ყველა მივა და მაგას მისცემს ხმას. ამიტომ უკეთესია ბევრი კანდიდატი.
„ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ „ლელო" და გახარია კანდიდატად პოლიტიკურ ლიდერს შეარჩევს. მაგალითად მე მიმაჩნია, რომ ბადრი ჯაფარიძე კარგი ვარიანტი იქნებოდა, ასევე გიორგი გახარია. წინა პლანზე უნდა გამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები და არა მსახიობები, მომღერლები და სხვები. ასეთ შემთხვევაში კალაძე პირველ ტურში ვერ აიღებს 50%-ზე მეტს. იმან, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში არ მონაწილეობს, პროცესი გაართულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კატასტროფული სიტუაციაა
„აქედან გამომდინარე, საერთო კანდიდატის ვერშერჩევაში მე კატასროფას ვერ ვხედავ. პირიქით, მიმაჩნია, რომ ეს არასწორი იქნება, რადგან უფრო მეტ ხმებს დაკარგავენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით კი, ორი პოლიტიკური ძალა დღემდე ვერ ახერხებს შეთანხმებას, თუ კონკრეტულად რომელი კანდიდატი იქნება მათთვის უფრო მომგებიანი.
„გაჭიანურების სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ ეძებენ, რომელი იქნება მათთვის მომგებიანი. შეუძლებელია არ იცოდნენ, რომ არ მოიძებნება კანდიდატი, რომელიც პირველივე ტურში არ წააგებს კალაძესთან, მაგრამ არ უნდათ, რომ ეს იყოს ძალიან სამარცხვინო. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, საჯარო სივცრეში ცდილობენ თავის წარმოჩენას, რომ აი, მე ვჯობივარ და ა.შ. ისინი პოლიტიკური თაღლითები არიან", - აღნიშნა მამრაძემ.
რაზე მიანიშნებს გახარია-კუპრაძის შეხვედრა
პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ორ პოლიტიკურ ძალას შორის სერიოზული მსჯელობა მიდის და ასეთი შეხვედრა „კარგი ნიშანია".
„აშკარად კარგი ნიშანია, რომ ირაკლი კუპრაძე გახარიას სანახავად ჩავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ თემაზე სერიოზულად მსჯელობენ და იძულებული არიან გახარიას დაელაპარაკონ. რატომ არის დღეს ჯაფარიძე და ხაზარაძე დაპატიმრებული? იმიტომ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. გახარიას შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ ის დაკავებული არ არის და შესაძლებელია, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
„ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ გახარიაზე დადებენ ფსონს და ის იქნება მერობის კანდიდატი. რა თქმა უნდა, ის პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებს, მაგრამ მაღალი შანსია, რომ თუ მეორე ტურში კალაძე და გახარია გავლენ, გახარიამ გაიმარჯვოს. ამიტომ ძალიან დიდი გარღვევა იქნება, რომ გახარია ან „ლელოს" რომელიმე ლიდერი იყოს მერობის კანდიდატი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
პეტრე მამრაძის აზრით, შესაძლოა კუპრაძე ბოლო დეტალების შესათანხმებლად ჩავიდა გახარიასთან.
„შეიძლება კუპრაძე გახარიასთან მარტო ამ საკითხზე სასაუბროდ არ ჩასულა, მაგრამ, როგორც ეს ხდება ასეთ დაჯგუფებებში, ერთი ბოსია და ის მართავს ყველაფერს. ჩავიდა, არადა ხომ შეიძლებოდა ონლაინ დალაპარაკებოდა? ანუ ისეთ რაღაცებზე შეიძლება ილაპარაკეს, რაც მათმა თანაპარტიელებმაც არ იციან", - თქვა მამრაძემ.
ერთად, თუ ცალ-ცალკე?
პაატა ზაქარეიშვილი არ გამორცხავს, რომ საერთო კანდიდატის ნაცვლად, „ლელომ" და გახარიას პარტიამ თბილისში ცალკ-ცალკე კანდიდატი შესთავაზონ საზოგადოებას.
„როგორც ჩანს, პროცესები იქითკენ მიდის, რომ შეიძლედბა ცალკ-ცალკე კანდიდატები ჰყავდეთ. არასერიოზულია, როცა მხოლოდ ორი პარტია თანხმდება, მაშინ ყველა უნდა შეთანხმხდეს", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
პეტრე მამრაძე კი ვარაუდობს, რომ ერთიან კანდიდატს წარადგენენ.
„ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, წესით საერთო კანდიდატზე უნდა შეთანხმდნენ, თუ არადა ეს მათ პოლიტიკურად გაანადგურებს. თუ ეს ვერ მოხერხდა, ვინც კი დარჩათ, ყველას გააწბილებენ. თუმცა, მეორეს მხრივ, გამორიცხული არაა ვერ შეთანხმდნენ. საერთოდ რთულია პროგნოზირება, რადგან შიგნითაც არ იციან, რას იზამენ", - თქვა მამრაძემ.