
15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა თბილისის დროით ღამის 12-ის ნახევარზე დაიწყება. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ საუბრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში - 5 პლუს 5 ფორმულით გაიმართება. ცნობილია, როგორც რუსული, ისე ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა.
ლიდერები ერთმანეთს ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე შეხვდებიან. თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებით, ბაზა მასპინძლობისთვის საჭირო უსაფრთხოების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. მანამდე მხარეებმა კონსულტაციები გაიარეს - აშშ-უკრაინა-ევროკავშირს შორის ვირტუალური შეხვედრა 13 აგვისტოს შედგა. მოსამზადებელი გაფართოებული შეხვედრა გამართა კრემლში პუტინმაც.
ტრამპის თქმით, შეხვედრაზე უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებს არ გამართავს და ალასკის სამიტის შემდეგ სწრაფი სამმხრივი შეხვედრა სურს.
რაზე მიიღწევა შეთანხმება, ეს გაირკვევა შეხვედრის შემდეგ ლიდერების ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც შეხვედრის შემდეგაა დაგეგმილი. მანამდე რამდენიმე შესაძლო სცენარზეა საუბარი - ტრამპის შეთავაზებების ფონზე, ცეცხლის სრული, ან ნაწილობრივი შეწყვეტა სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივით, ან მოლაპარაკებების საერთოდაც ჩავარდნა, რა შემთხვევაშიც აშშ-ის პრეზიდენტი „მძიმე შედეგებით" იმუქრება.
ტექნიკური დეტალები
ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზა მხარეებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად შეარჩიეს უსაფრთხოებოს ზომებიდან გამომდინარე. შეხვედრის ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროები და უნგრეთი სახელდებოდა, რომლებიც არ აღიარებენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ამ სასამართლოს დადგენილების შესაბამისად, მათ ტერიტორიაზე პუტინის დაკავების ვალდებულება არ აქვთ. საბოლოოდ ალასკა გადაწყდა, რომელიც ოდესღაც რუსეთის ნაწილი იყო. აშშ-ც არ აღიარებს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას.
ცნობისათვის, ჰააგის სასამართლომ უკრაინაში შეჭრისა და ომის დანაშაულების გამო, 2023 წელს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.
პარასკევს დაგეგმილი შეხვედრის გამო, აშშ 20 აგვისტომდე რუსეთს ზოგიერთ სანქციას უუქმებს. დროებით დაშვებული იქნება ზოგიერთი ტრანზაქცია, რომლებიც საჭიროა ალასკის შტატში აშშ-სა და რუსეთის პირველ პირებს შორის შეხვედრის მხარდასაჭერად და მასში მონაწილეობისთვის. აშშ-ის მიერ სანქცირებულია ის პირებიც, რომლებიც რუსულ დელეგაციაში იქნებიან, მათაც დროებით მოექხსნებათ სანქციები.
პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრა 5 პლუს 5 ფორატში ალასკის დროით 11:30-ზე (თბილისის დროით 15 აგვისტოს 23:30) პირისპირ საუბრით დაიწყება თარჯიმნების მონაწილოებით, რის შემდეგაც, გაიმართება დელეგაციების წევრების მოლაპარაკებები სამუშაო საუზმის ფარგლებში. როდის დასრულდება მოლაპარაკება, ეს, უშაკოვის თქმით, „თავად პრეზიდენტებზე იქნება დამოკიდებული". ცენტრალური თემა უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ შეხვედრას დაესწრება. პუტინისა და ლავროვის გარდა დელეგაციაში არიან იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, პუტინის წარმომადგენელი უცხოეთის ქვეყნებთან ეკონომიკური ინვესტიციებისა და თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.
რაზე იქნება საუბარი
ვაშინგტონში კეთდებოდა განცხადბებები, რომ 15 აგვისტოს შეხვედრაზე შეიძლება განხილულიყო „ტერიტორიების გაცვლაზე" და რომ მიღწეული შეთანხმებით არავინ დარჩებოდა ბოლომდე კმაყოფილი. თუმცა, მოგვიანებით, სატელეფონო საუბრისას, ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ პუტინთან უკრაინის ტერიტორიებზე მოლაპარაკებებს არ გამართავს და უშუალოდ ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივით.
ტრამპს სურს, რომ ამის მერე დაუყოვნებლივ შედგეს მეორე შეხვედრა ზელენსკის, პუტინისა და მისი მონაწილეობით - „თუ მათ ჩემი იქ ყოფნა სურთ".
ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა.
ცეცხლის შეწყვეტისა და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე უკრაინას ურყევ მხარდაჭერას ჰპირდება ევროპა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებების აუილებელი პირობაა, თუმცა „უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი არ უნდა გადაწყდეს უკრაინელების გარეშე" და ამ მოლაპარაკებებმა „უნდა გამოიწვიოს მყარი და ხანგრძლივი მშვიდობა, უსაფრთხოების გარანტიებით, რაც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტს და ჩვენი კონტინენტის სტაბილურობას".
„ტელეგრაფი" წერს, რომ ტრამპი პუტინს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტოროებზე იშვიათი ლითონების მოპოვებაზე წვდომას შესთავაზებს, რათა ომის დასრულება წაახალისოს. ამასთან, „ეს გეგმა მოიცავს ალასკის ბუნებრივი რესურსების მოსკოვისთვის გახსნას და რუსეთის საავიაციო ინდუსტრიაზე დაწესებული ზოგიერთი ამერიკული სანქციის მოხსნას".
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იკვლევს იმ ეკონომიკურ დათმობებს, რაზეც აშშ შეიძლება წავიდეს რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასაჩქარებლად.
„ვაშინგტონ პოსტმა" დაწერა, რომ ალასკაზე ტრამპი პუტინს შესთავაზებს „ტერიტორიებს მშვიდობის სანაცვლოდ". თუმცა, დასაზუსტებელი იქნება საკვანძო დეტალები:
„რაც შეეხება ტერიტორიებს - რამდენი და რა პირობებით და რაც შეეხება მშვიდობას - რამდენად დაცული და მყარი იქნება ის", - ამერიკულ განუცხადა გამოცემას ანონიმმა მაღალჩინოსანმა.
რუსეთი კვლავ აყენებს მოთხოვნებს, რომ უკრაინამ უნდა დათმოს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, სრულად გაიყვანოს ამ ტერიტორიებიდან ჯარები და ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქას, რაც ოფიციალური კიევისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
14 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში ალასკის სამიტის წინა მოსამზადებელი შეხვერდა გამართა. კრემლის ცნობით, „მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპი შესაძლოა სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებების მიღწევა იყოს".
რუსულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლები იური უშაკოვი და ვლადიმირ მედინსკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო და მისი პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი ანტონ სილუანოვი და რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა.
ასევე უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ, ეროვნული გვარდიის უფროსი ვიქტორ ზოლოტოვი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ანდრეი ბელოუსოვი, ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი და დაზვერვის უფროსი სერგეი ნარიშკინი.
აშშ-ს დელეგაციის შემადგენლობაში არიან : პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი.
მოლაპარაკებების შესაძლო შედეგები
ანალიტიკოსთა შეფასებით, 15 აგვისტოს ალასკის სამიტი უფრო მოსამზადებელი შეხვედრაა შემდგომი უფრო მნიშვნელოვანი სამმხრივი შეხვედრისთვის. ოპტიმისტურ სცენარად ცეცხლის სრულ შეწყვეტას ასახელებენ, რაც შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი გახდეს. არ გამორიცხება ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტასაც, მაგალითად, ფრონტის გარკვეულ მონაკვეთენზე, ან საჰაერო დარტყმებზე ორმხრივად უარის თქმის კუთხით.
„სქაი ნიუსი" წერს, რომ თუ ცეცხლის შეწყდება, შესაძლოა ევროკავშირმა რუსეთის მიმართ სანქციები „ეტაპობრივად შეასუსტოს", მაგრამ თუ რუსეთი წინააღმდეგ წავა, სანქციები არ მოიხსნება და პირიქით, გამკაცრდება.
ევროპის მხრიდან ნაბიჯებზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი წერს.
„თუ რუსეთი ცეცხლის სრულ და უპირობო შეწყვეტას არ დათანხმდა, ჩვენ არც კი უნდა განვიხილოთ რამე სახის დათმობა. ნაბიჯების თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ძლიერი მონიტორინგის სისტემით და უსაფრთხოების ურყევი გარანტიებით. ჩვენ სანქციების მე-19 პაკეტზე ვიმუშავებთ", - განაცხადა კალასმა.
ყველაზე პესიმისტური სცენარი მოლაპარაკებების ჩავარდნაა. თავად ტრამპიც აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება, ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება.
კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ახალ სანქციებს ან ტარიფებს, ტრამპმა განაცხადა:
„არ მჭირდება ამის თქმა. ძალიან მძიმე შედეგები იქნება".
კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ შეძლებს პუტინის დარწმუნებას, შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება, ტრამპმა განაცხადა, რომ, „სავარაუდოდ, არა".
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თქვა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ინდოეთზე მეორადი ტარიფები გაზარდოს, თუ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა „კარგად არ წარიმართება".
„რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოელებზე ჩვენ უკვე დავაწესეთ მეორადი ტარიფები. თუ საქმე კარგად არ წავა, სანქციები ან მეორადი ტარიფები შეიძლება გაიზარდოს", - განაცხადა ბესენტმა „ბლუმბერგთან".