
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო მათ "ფარა"-ს დარღვევაში ადანაშაულებს და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ემუქრება. ამაზე რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას ჯერჯერობით საპასუხო განცხადება არ გაუკეთებია. მანამდე,"საფარი" ამბობდა, რომ მათი ბენეფიციარების სენსიტიური ინფორმაციის გასაჯაროების საფრთხე იყო, ამიტომაც "არქივის დიდი ნაწილი გაანადგურეს".
"ვფიქრობ, მაინც კარგი იქნება კვალიფიციურმა მიუკერძოებელმა იურისტებმა (და არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან) ამ კითხვაზე პასუხი გასცენ, ხომ არ ირღვევა ვინმეს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი ამ გასაჯაროვებით, მაგრამ, არ მგონია, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციის მოთხოვნა იყოს მათდამი წაყენებული",- ამბობს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" და დასძენს, რომ შესაძლოა, მათ არ უნდათ ის ხარჯები გაასაჯაროონ, რომლებმაც შეიძლება ამ ორგანიზაციების მიმართ "კითხვები წარმოშვას".
არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას აქვეყნებენ, სადაც ამბობენ, რომ 11 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღეს მორიგი წერილი, რომლითაც ედავებიან „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის დარღვევას და ასევე, სთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დარეგისტრირდნენ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელთა" რეესტრში.
"ოცნების" მტკიცებით, კანონი ამერიკული "ფარა"-დან სიტყვა-სიტყვით ნათარგმნია, თუმცა კონსტიტუციონალისტებმა მაშინ განაცხადეს, რომ ქვეყანაში რომელიმე კანონის უცვლელად შემოტანა ისე, რომ ის არ იყოს მორგებული ზოგადად ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, სამართლებრივ სისტემას და ქვეყნის მდგომარეობას, არასოდეს არ მოიტანს სასარგებლო შედეგს. ეს "დაახლოებით ისეთია, როცა ავტომობილს თვითმფრინავის ძრავას ჩაუდგამთ".
უნდა თქვას, რომ ქართული სამართლებრივი სისტემა მიეკუთვნება კონტინენტურ-ევროპული სამართლებრივს, ხოლო ამერიკული ანგლო-ამერიკულს.
კანონს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ახლავს. „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
ივნისში "საფარის" ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ითხოვდა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, მოქალაქეების, რომლებსაც მძიმე ისტორია აქვთ. ამიტომ, მისი თქმით, "საფარის" არქივის უდიდესი ნაწილი განადგურებულია იმ მიზნით, რომ "სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს".
მაშინ ამ განცხადებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გამოქხმაურა და განაცხადა, რომ "როდესაც არქივს ანადგურებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ე.ი. რაღაც უკანონო, არალეგიტიმურ ქმედებებს ჰქონდა ადგილი და ამის დაფარვის მცდელობაა".
უნდა აღინიშნოს, რომ ფარა ეხება, როგორც არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, ისე უცხოეთიდან დაფინანსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ამერიკული "ფარა" დამოუკიდებელ არასამთავრობო და ბიზნესორგანიზაციებს არ ეხება. გარდა ამისა, აშშ-ში ამ კანონმდებლობას აზღვევს დამოუკიდებელი სასამართლო, რაც გამორიცხავს მის ბოროტად გამოყენების რისკებს.
რას აცხადებენ ორგანიზაციები
განცხადებას ხელს აწერენ: „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", „საფარი", „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", „მედიის განვითარების ფონდი", „ისფედი", „სოციალური სამართლიანობის ცენტრი".
"მრავალგზის საჯაროდ გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ დავრეგისტრირდებით უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ჩვენ ვართ ჩვენივე წესდებით მოქმედი დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენი მისიაა ქალების, ბავშვების, მშრომელების, შშმ პირების, დევნილების და ყველა ჩაგრული ადამიანის უფლებების დაცვა;
"ჩვენი მისია არჩევნების დაკვირვება, კორუფციისა და დეზინფორმაციის მხილება, დემოკრატიის დაცვა და ქართველი ხალხის დახმარებაა. ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ხალხის და საქართველოს ინტერესებს.
"ამერიკული ფარა-ს სტანდარტით, რომლის ასლიც თითქოს ეს კანონია, ჩვენ არ გვეკუთვნის ამ რეესტრში რეგისტრაცია. ამის შესახებ ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროს შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტსაც გავუგზავნით.
"პუტინის რუსეთის სტილში, დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის დევნა მიზნად დემოკრატიის დასრულებას ისახავს. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არ დავტოვებთ ქართველ ხალხს მხარდაჭერის გარეშე. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ საქართველო არ გახდება ისეთი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, როგორსაც ქართველი ხალხი იმსახურებს.
"კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენ რუსული კანონებით ცხოვრებას არ ვაპირებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას ქართველი ხალხის უფლებების დასაცავად",- ნათქვამია განცხადებაში.
დააპაუზებს თუ არა "ოცნება" "ფარა-ს"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაკლებადმოსალოდნელია, რომ "ოცნებამ" ეს კანონი ისევე დააპაუზოს, როგორც წინა შემთხვევაში მოხდა.
"ვფიქრობ,"ქართული ოცნების" მხრიდან ამ კანონის მორიგ ჯერზე დაპაუზება შეცდომა იქნებოდა. მათ ერთხელ ეს კანონი საპარლამენტო არჩევნების წინ დააპაუზეს და თუ ახლაც ადგილობრივი არჩევნების წინ შეაჩერებენ, მაშინ ეს ალბათ მათ მომხრეებში გარკვეულ უარყოფით წარმოდგენებს აღძრავდა, რადგან რამდენჯერ შეიძლება მიღებული კანონის დაპაუზება?
"მეორეს მხრივ, ეს კანონი რუსული კანონი არაა, როგორც უნდათ წარმოაჩინონ, ის სიტყვა-სიტყვით და ყოველი წერტილ-მძიმითაა გადმოწერილი ამერიკული კანონიდან იმ განსხვავებთ, რომ იქ ინგლისურ ენაზეა და აქ ქართული.
ეს ორგანიზაციები კი, რომლებიც დაარსების დღიდან ხელისუფლებას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მაქსიმალური გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ, რატომღაც არ უნდათ, რომ საკუთარი საქმიანობა გამჭვირვალე გახადონ. პრინციპში, კანონს მათთან მეტი მოთხოვნა არ აქვს, კანონი არ უშლის არც გრანტებს მიღებას, არც დასავლური ფინანსებით სარგებლობას. ერთადერთი, რასაც მათგან ითხოვს, ესაა ყველა ხარჯი, რაც გრანტის ფარგლებშია გაწეული, მათი მიზნობრიობა, მიმღებლები და ა.შ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახადოს.
"თუკი აშშ-ში ის ორგანიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახს ემსახურებოდა და მათ სასარგებლო პიარ-კამპანიას აწარმოებდა მის გასათავისუფლებლად, ამაში გარედან ფულს იღებდა და მან სრულად ასახა "ფარა"-ს შესაბამის დოკუმენტში, რაც მიღებული ფულით გასწია, ეს რატომ არ უნდა გააკეთოს იგივე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, თუკი ის, როგოგორც თვითონ ამბობენ, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეს ემსახურება?! ეს პირადად ჩემთვის გაუგებარია.
"ერთადერთი, რასაც ისინი არიან ჩამოკიდებულები, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა მიდიოდა, ერთი-ორი საათი იმის განსაზღვრებას დაეთმო. სიტყვა "აგენტი" რას ნიშნავდა ქართულ ენაში სემატიკურად. ანუ, იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვა "აგენტს" ჩვენს საზოგდაოებაში და მის ცნობიერებაში მაინც უფრო ნეგატიური კონოტაცია აქვს, მათ არ სურთ, უცხოური გავლენის აგენტი დაერქვათ, მიაჩნიათ, რომ მათ ამით ისედაც მცირე ნდობა კიდევ უფრო შემცირდება და სტიგმატიზაცია მოხდება.
"თუმცა, ვფიქრობ, რომ თუკი ისინი თავიანთ ხარჯებს გამჭვირვალეს გახდიან, რაც შეიძლება ფართოდ გააცნობენ ხალხს, რომ აი, ჩვენ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, დადებენ, რომ აი, დონორის მიერ მიღებულიბფულით სარგებელი მიიღო ამდენმა და ამდენმა ადამიანმა, აღწერენ ამ სარგებელს და იტყვიან თუ ვის მისცეს ფული, ამით მემგონი პირიქით, საზოგადოებაში უფრო მეტ ნდობას მოიპოვებენ და უფრო მეტად გახდებიან მისაღები, ვიდრე ახლა, როდესაც ეჭვებისთვის ნიადაგს ქმნიან, რომ მათ რაღაცა აქვთ დასამალი",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანჯაფარიძე ამბობს, რომ "მთლად დამაჯერებლად" არ ეჩვენება, ბაია პატარაიას ის არგუმენტი, სადაც ამბობს, რომ სენსიტიური ინფორმაციის გასაჯაროების თავიდან არიდების მიზნით, არ რეგისტრირდებიან რეესტრში და ორგანიზაციის არქივის დიდი ნაწილი ამიტომაც გაანადგურეს.
"მთლად დამაჯერებლად არ მეჩვენება, მათგან არ მგონია მათი ბენეფიციარების ვინაობის გასაჯაროებას ითხოვდნენ. ვთქვათ, ათასი ბენეფიციარი ჰყავთ, არ მგონია მათი სახელები, გვარები და საიდენტიფიკაციო მონაცემები მოითხოვონ. უბრალოდ მათ შეუძლიათ თქვან, რომ ამდენ და ამდენ ბენეფიციარს გაუწიეს მომსახურება, ყოველგვარი ინდენტიფიკაციის გარეშე, რადგან ეს პერსონალური მონაცემებია და ამაზე შესაბამისი კანონი არსებობს მათ დაცვაზე.
"ვფიქრობ მაინც კარგი იქნება კვალიფიციურმა მიუკერძოებელმა იურისტებმა (და არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან) ამ კითხვაზე პასუხი გასცენ, ხომ არ ირღვევა ვინმეს პერსონალური მონაცემების დაცვის კანონი ამ გასაჯაროებით, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი დეტალური ინფორმაციის მოთხოვნა იყოს მათდამი წაყენებული.
თუმცა, ამ საკითხს ასე სიღრმისეულად არ ვიცნობ, ან თვითონ ანტოკორუფციულმა ბიურომ უნდა გააკეთოს ამაზე განმარტება, ან იურისტებმა, რომ მართლაც ითხოვენ თუ არა მათი ბენეფიციარების ვინაობის სრულ გასაჯაროებას.
"მეორეც, რომც ეს მოხდეს, ამით რა შავდება? კი ბატონო, შეიძლება ვიღაცას არ უნდა, რომ საკუთარი თავი გაამხილოს, როგორც ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ აქ კანონმა უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი. ეს წმინდა იურიდიული საკითხებია, რომლებიც იურიდიულ კონტექსტში უნდა გაირკვეს, მაგრამ ჩემი აზრით, არავითარი კავშირი არ აქვს რეგისტრაცია-არარეგისტრაციასთან.
უბრალოდ ისეთი განცდა მაქვს, რომ მათ არ უნდათ ის ხარჯები გაასაჯაროონ, რომლებმაც შეიძლება ამ ორგანიზაციების მიმართ კითხვები წარმოშვას, მაგალითად ის, რომ შეიძლბა ეს ხარჯები საპროტესტო აქციების დაფინანსებაზეა მიმართული",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.