ნატალია ჯვარიძე
15.08.2025

ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა მალე რუსეთში კიდევ დაახლოებით 6 000 ჯარისკაცი, ასევე 50-დან 100 ერთეულ სამხედრო ტექნიკა გაგზავნოს, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა The Japan Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, ჩრდილოეთ კორეის დანაყოფები ოფიციალურად გამოცხადებულია საინჟინრო ჯარებად და ისინი ამჟამად რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში იმყოფებიან.

ბუდანოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებასაც. მისივე თქმით, მხარდაჭერის სანაცვლოდ, მოსკოვი ფხენიანს ფულით, ტექნოლოგიებით და წვრთნებით უზრუნველყოფს.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა თითქმის წელიწადნახევარია ომში ღიად ჩართულია.

„ფაქტობრივად, ჩრდილოეთ კორეა უკვე წელიწად ნახევარია ღიად ჩართულია ომში. როგორც რუსები ამბობენ, მათი სამხედრო ნაწილები კურსკის მოგერიებაში მონაწილეობდნენ და ასევე, უკრაინული რეგიონების - დონეცკისა და დონბასის ოპერაციებში.

აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი სავსებით ლოგიკურია. სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერს უკვე არავინ მალავს. რუსეთს, ბელორუსსა და ჩრდილოეთ კორეას სამხედრო თანამშრომლობა აქვთ. ვარშავის ხელშეკრულება ხომ იყო? ასეთივეა მოსკოვის ახალი ხელშეკრულება.

სხვათაშორის, პირიქით, ჩრდილოეთ კორეას აწყობს ეს სიტუაცია, რადგან ხვდება, რომ ამით სამხედრო ხელოვნებას ხვეწავენ, საბრძოლო გამოცდილებას იღებენ და ხდება რუსული თანამედროვე სამხედრო შეიარაღების მომარაგება და აღჭურვა. ამის გარდა, ისინი რუსეთისგან სერიოზულ ფინანსურ დახმარებას იღებენ. დაახლოებით წელიწად ნახევარი ასეა და პრინციპში, ამაში ახალი არაფერია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ამის პარალალურად, მხარეებს შორის სამხედრო ოპერაციები გრძელდება. რუსებმა უკრაინას „ისკანდერ-M" ტიპის ბალისტიკური რაკეტებით და 97 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა ორი მესამედი გაანადგურეს, თუმცა 34-მა სამიზნეებს მიაღწია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მოწინააღმდეგის კუთვნილი 63 დრონი ჩამოაგდეს, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმები 13 ლოკაციაზე დაფიქსირდა. უპილოტო საფრენმა აპარატებმა ხარკოვის, სუმის, დონეცკისა და ჩერნიგოვის ოლქების ფრონტის ხაზის ტერიტორიებს დაარტყეს, ხოლო რაკეტებით ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქები დაიბომბა.

ამასთან, უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინელებმა რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყეს.

„მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობების შესამცირებლად, 14 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობით, საცეცხლე დარტყმა განახორციელეს საზღვაო პორტ „ოლიაზე" (რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქი)", - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების განმარტებით, პორტს რუსეთი პუნქტს ირანიდან სამხედრო დანიშნულების საქონლის ჩასატანად იყენებს. „არსებული ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა გემ „პორტ ოლია 4"-ზე, რომელიც დატვირთული იყო ირანიდან ჩამოტანილი Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის კომპონენტებით და საბრძოლო მასალით", - აცხადებენ გენშტაბში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×