ნატალია ჯვარიძე
17.08.2025

ენმ 4 ოქტომბრის აქციისათვის ნიადაგს ამზადებს - პერიოდულად პარტიის ლიდერების მიერ კეთდება განცხადებები ამ თარიღთან დაკავშირებით და პარალელურად სოციალურ ქსელში ატარებენ გამოკითხვას. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს არა რეალური მოქმედება, არამედ აქტოვობის იმიტაციაა. მათი ნაწილის აზრით, ენმ აცნობიერებს, რომ 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისათვის ბოიკოტის გამოცხადებით შეცდომა დაუშვა და ახლა არჩევნების დღეს აქციის ორგანიზებით ცდილობს ამ შეცდომის გამოსწორებას.

„ჩემი აზრით, არაითარი ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი ქუჩაში გამოვიდეს, მითუმეტეს მათ დაძახილზე, არ არსებობს. მხოლოდ ფინანსური რესურსით თუ შეძლებენ გამოყვანას", - განაცხადა ანალიტიკოსმა, პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი ოპოზიციის ბოიკოტს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამით რეალურ შედეგზე ვერ გავლენ:

„ეს სერიოზული დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის და „ქართული ოცნებისთვის" საჩუქარია. ასეთი ძლიერი „ოცნება" არასდროს ყოფილა. სააკაშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, ასეთი გაფარჩაკებული ოპოზიცია არასდროს ყოფილა. რაც მან ადრე სხვაზე თქვა, ახლა მის პარტიას დაემართა. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი მოხდება".

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ხალხს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში გავიდნენ.

„ჩვენ 4 ოქტომბერს არავის არ მოვუწოდებთ საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიონ, თუ როგორ მოიქცნენ. ერთია ის, რომ მივიდნენ ე.წ. საარჩევნო უბანთან და მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. მეორე, ჩათვალონ, რომ მათი საქმე არ არის და იყვნენ სახლში, ან წავიდნენ მეგობრებთან ერთად ან მუზეუმში. მესამე გზა არის ის, რომ გავიდნენ ქუჩაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შეხვდეთ ქუჩაში. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი",- განაცხადა სანიკიძემ.

პაატა ზაქარეიშვილი „ნაცმოძრაობის" მხრიდან 4 ოქტომბერს მნიშვნელოვანს არაფერს ელოდება. ის ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" უკვე მოიგო ეს არჩევნები, რაშიც „ნაცმოძრაობამ" ხელი შეუწყო.

„4 ოქტომბერს ყველაფერი დასრულებული იქნება. ანუ, ჩატარდება არჩევნები. ვინც წამსვლელია არჩევნებზე, მშვიდად და წყნარად მივლენ და ხმას მისცემენ. ამის პარალელურად ალბათ, „ნაცმოძრაობა" რუსთაველზე თავის მომხრეებს გამოიყვანს. სავარაუდოდ, ბევრი ხალხი იქნება, მაგრამ ეს არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

„არჩევნების შედეგები უკვე შედგა - ეს არის ის, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობს. ეს სერიოზული დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის და „ქართული ოცნებისთვის" საჩუქარია. ასეთი ძლიერი „ოცნება" არასდროს ყოფილა. სააკაშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, ასეთი გაფარჩაკებული ოპოზიცია არასდროს ყოფილა. რაც მან ადრე სხვაზე თქვა, ახლა მის პარტიას დაემართა. ასე რომ, განსაკუთრებული არაფერი მოხდება.

„4 ოქტომბრის აქციით „ნაცმოძრაობას" უნდა სინდისი მოიწმინდოს და რაღაც თავისი უდიდესი ანტისახელმწიფოებრივი შეცდომა რაღაცნაირად გამოასწოროს, თუმცა უკვე გვიანია. მათ არჩევნებში მონაწილეობის რეგისტრაცია არ გაიარეს და შესაბამისად, მიიღეს ის, რომ საქართველო მრავალი წლით დააზიანეს. ეს მათ სინდისზეა. ამიტომ ახლა უნდათ, რომ თავიანთი სინდისის წინაშე მართლები იყვნენ.

„ჩაივლის 4 ოქტომბერი და 10-ში უკვე არავის ემახსოვრება ეს ყველაფერი. საქართველოში დაისადგურებს მშვიდი, წყნარი ავტორიტარიზმი, რომელიც იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც არის ყაზახეთში, ყირგიზეთში და ა.შ. მსოფლიო საქართველოს სცნობს როგორც ავტორიტარული მმართველობის ერთ-ერთ ნიმუშს, მეტი არაფერი. ეს იქნება „ნაცმოძრაობის" სინდისზე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

პეტრე მამრაძის აზრით, დღეს არ არის საქართველოში ისეთი სიტუაცია, რომ ხალხმა საკუთარი ნებით გადაწყვიტოს ქუჩაში გამოსვლა. ამიტომ არც ის ელოდება 4 ოქტომბერს დიდ აქციას.

„ჩემი პროგნოზით, მნიშვნელოვანი არაფერი იქნება, თუმცა, თავისი საორგანიზაციო და ფინანსური რესურსის მეშვეობით, მათ შეუძლიათ ცოტა ხნით, ერთჯერადად შეკრიბონ, ვთქვათ, 2 ათასი კაცი. მერე ამაზე ააგებენ, რომ აი, ხალხი ჩვენთან არის. თუმცაღა 2 ათასი კაცი მილიონნახევრიანი ქალაქისთვის სტატისტიკურად ნულის ტოლფასია, თანაც, როცა მხოლოდ და მხოლოდ საორგანიზაციო და ფინანსური რესურსის დახარჯვით არის შეგროვებული.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამდენი ადამიანიც არ გამოიყვანონ და ჩათვალონ, რომ ამაზე ფულის დახარჯვა არ ღირს. სავარაუდოდ, ასეთი რაღაც მოხდება, თორემ აქტიურობის იმიტაცია სულ იქნება - განცხადებები, ცილისწამებები, მოწოდებები და ა.შ.

„ჩემი აზრით, არაითარი ფაქტორი იმისა, რომ ადამიანი ქუჩაში გამოვიდეს, მითუმეტეს მათ დაძახილზე, არ არსებობს. მხოლოდ ფინანსური რესურსით თუ შეძლებენ გამოყვანას. სოციალური და ეკონომიკური მდგომარება საქართველოში ისეთია, რომ არანაირი რეალური ფაქტორი, რის გამოც ადამიანები მზად არიან გამოვიდნენ ქუჩაში იმის იმედით, რომ ხელისუფლება შეიცვლება და ცხოვრება უკეთესობისკენ წავა, არ არსებობს.

„საქართველოში ხმას აძლევენ და მიჰყვებიან ბელადებს და არა პროგრამებს. განა შემთხვევითია, რომ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში" არავინ გამოჩნდა, ვისაც აქვს ქარიზმა, ნდობა და მასების მოლიზების უნარი? ესე იგი არ არის მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×