ნატალია ჯვარიძე
17.08.2025

15 აგვისტოს ალასკაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შემდეგ, ორშაბათს, 18 აგვისტოს, ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია რუსეთის პირობები, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება კრემლი უკრაინაში ომის დასრულებას. ამ პირობებზე ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების პირველი რეაქცია მკვეთრად ნეგატიურია და სწორედ ორშაბათის შეხვედრაზე გამოჩნდება, არის თუ არა უკრაინა თანახმა დათმობებზე და კონკრეტულად რა შეიძლება დათმოს.

ზელენსკის ბოლო სტუმრობა თეთრს სახლში, ამ წლის თებერვალში, სკანდალით დასრულდა. მაშინ მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების თანდასწრებით ცხარე კამათი მოუვიდა პრეზიდენტ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდეტ ჯეი დი ვენსთან. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ახლაც მსგავსი რამ მოხდეს, თუმცა ამჯერად ზელენსკი მარტო არ იქნება.

18 აგვისტოს შეხვედრაში თავისი მონაწილეობა უკვე საჯაროდ დაადასტურეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.

„შუადღით მე ვუმასპინძლებ პრეზიდენტ ზელენსკის ბრიუსელში. ჩვენ ერთად მივიღებთ მონაწილეობას მსურველთა კოალიციის ვირტუალურ ტელეკონფერენციაში. პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, მე ხვალ შევუერთდები მას თეთრ სახლში პრეზიდენტ ტრამპთან და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა 17 აგვისტოს სოციალურ ქსელში.

გერმანიის ფედერალურ მთავრობის პრესსამსახურმა ასევე დაადასტურა მერცის ვიზიტი:

„მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების გარანტიებს, ტერიტორიულ საკითხებს და უკრაინისთვის რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში მხარდაჭერის გაგრძელებას მოიცავს. ეს მოიცავს სანქციებით ზეწოლის შენარჩუნებასაც", - აღნიშნულია ფედერალურმა მთავრობის განცხადებაში.

გამოცემა „პოლიტიკოს" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე სავარაუდოდ მონაწილეობას მიღებენ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი და ნატოს- გენერალური მდივანი მარკ რუტე.

გარდა ამისა, ზოგიერთი წყაროს ცნობით, ორშაბათის შეხვედრის წარმატების შემთხვევაში, უკვე 22 აგვისტოს შეიძლება გაიმართოს ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის ერთობლივი შეხვედრაც.

პუტინის მოთხოვნები და ზელენსკის რეაქცია

გამოცემა „როიტერი" ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმირ პუტინის მოთხოვნები ეხება ტერიტორიებს, სანქციებსა და უკრაინაში რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს.

პუტინის ძირითადი მოთხოვნების თანახმად, უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს; ამის შემდეგ სამხრეთში (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზი გაიყინება; რუსეთი თავის ნაწილებს გაიყვანს მის მიერ დაკავებული ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებიდან; უკრაინამ კი უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ სანაცვლოდ უსაფრთხოების სხვა გარანტიებს მიიღებს.

ამასთან, პუტინი ითხოვს ყირიმზე მისი სუვერენიტეტის ოფიციალურ აღიარებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნას, უკრაინაში რუსული ენისა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ომის დასრულების მცდელობებს ართულებს.

„ვხედავთ, რომ რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოწოდებებს და ჯერ არ განუსაზღვრია, როდის შეწყვეტს მკვლელობას. ეს ართულებს სიტუაციას. თუ მათ არ აქვთ ნება, შეასრულონ დარტყმების შეჩერების მარტივი ბრძანება, შესაძლოა დიდი ძალისხმევა დასჭირდეს იმას, რომ რუსეთს ჰქონდეს ნება, განახორციელოს გაცილებით დიდი - მეზობლებთან ათწლეულების განმავლობაში მშვიდობიანი თანაარსებობა", - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა „იქსზე".

მისი განცხადებით, მკვლელობების შეჩერება ომის შეჩერების მთავარი ელემენტია.

„ვემზადებით ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის და მადლობელი ვარ მიწვევისთვის. მნიშვნელოვანია, ყველა თანხმდებოდეს, რომ საჭიროა საუბარი ლიდერების დონეზე, რათა დაზუსტდეს ყველა დეტალი და დადგინდეს, რომელი ნაბიჯებია აუცილებელი და ეფექტური", - წერს ზელენსკი.

რა მოხდება ვაშინგტონში

ვახტანგ მაისაიას აზრით, თუ ზელენსკი პუტინის პირობებს მიიღებს, ეს უკრაინის სრულ კაპიტულაციას ნიშნავს.

„ამ მოთხოვნის მიღება უკრაინისთვის სრული კაპუტალუაციაა და ნიშნავს იმას, რომ რაც რუსეთმა ომის მეშვეობით ვერ შეძლო, სეპარატიული, მშვიდობიანი შეთანხმებით მოახერხებს. ეს ნიშნავს, რომ ამით უკრაინა არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსში გადავა. ასეთი სტატუსი საქართველოს 2002-2003 წლებში ჰქონდა - ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით გარკვეულ შიდა ტერიტორიებს. ამის გარდა კორუფცია ყვაოდა და სრული ეკონომიკური კოლაფსი იყო. დაახლოებით იგივე ვარიანტია აქაც. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, უკრაინას მოუწევს ამგვარი სტატუსის მიღება. ამიტომ არ მგონია უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას შეეგუოს", - თქვა მაისაიამ.

იგი ტრამპისა და ზელენსკის დაგეგმილ შეხვედრაზეც საუბრობს და აღნიშნავს:

„ზელენსკიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ასეთი პირობები მათთვის მიუღებელია. მითუმეტეს, რუსულ ენაზე საუბრის გამოცხადებაზე ზედმეტია ლაპარაკი. თან ენის სპეციალური კანონი მიღებული აქვთ და პირიქით, დერუსიფიკაცია ხდება. კონტროლდება, რომ ხალხმა უკრაინულად ისაუბრონ და არა რუსულად. ამიტომ გამორიცხულია, ასეთ მოთხოვნებზე უკრაინა არ წავა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

„უოლ სთრით ჟურნალი" მოვლენების განვითარების ორ შესაძლო სცენარზე საუბრობს: პირველი - უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს, მაგრამ მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებს და შეინარჩუნებს სუვერენიტეტს. გაზეთი აღნიშნავს, რომ როგორც კიევი, ასევე ევროპა, რომელიც მას მხარს უჭერს, სავარაუდოდ, უკვე მზად არიან მიიღონ რუსეთის კონტროლი უკრაინის მეხუთედზე, მიუხედავად იმისა, რომ არ გამოხატავენ ამის საერთაშორისო დონეზე აღიარების სურვილს.

ამ სცენარის თანახმა, თუკი უკრაინა უარს იტყვის თავისი ტერიტორიის ნაწილზე, ავტომატურად წარმოიშობა დარჩენილი რეგიონების უსაფრთხოების საკითხი. გამოცემა ვარაუდობს, რომ თუ ევროპა და, რაც მთავარია, შეერთებული შტატები კიევს უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, კონფლიქტის დასასრული 1953 წელს კორეის ომის სცენარს დაემსგავსება, როდესაც დასავლეთმა დაიცვა კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი - დღევანდელი სამხრეთ კორეა.

მეორე სცენარის მიხედვით, უკრაინა დაკარგავს როგორც ტერიტორიას, ასევე სუვერენიტეტს და რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა. გამოცემა ამ შემთხვევაში განიხილავს არა მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონების დაკარგვას, არამედ უკრაინის „რუსეთის პროტექტორატად" გადაქცევის შესაძლებლობასაც, რაც „კაპიტულაციის" ტოლფასი იქნება.

„გარდიანი" კი წერს, რომ შესაძლოა ტრამპმა ზეწოლა მოახდენოს ზელენსკიზე, რათა ის დათანხმდეს ტერიტორიულ კომპრომისზე (მაგალითად, უკრაინის ნაწილის დათმობაზე რუსეთის სასარგებლოდ) ომის დასრულების სანაცვლოდ.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ევროპელი ლიდერები (მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი) უკვე მზად არიან მონაწილეობისთვის, რათა ზელენსკი მარტო არ დარჩეს ტრამპის და პუტინის შესაძლო ზეწოლის ქვეშ.

ასევე, აღნიშნულია, რომ ტრამპი ცდილობს სწრაფად მოამზადოს „ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმება", მაგრამ დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ შესაძლოა მისი პირობები ზედმეტად ახლოს იყოს კრემლის მოთხოვნებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×