
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური საქართველოს ისევ ადანაშაულებს "ყირიმის ხიდზე ტერაქტის მცდელობაში" უკრაინის ხელშეწყობისთვის. მათი მტკიცებით, სედანის ტიპის ავტომობილი, რომელშიც "მძლავრი თვითნაკეთი ბომბი იდო" უკრაინიდან ოკუპირებულ ყირიმში რამდენიმე სატრანზიტო ქვეყნის, მათ შორის საქართველოს გავლით გადავიდა.
რუსული მხარე ფაქტს უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ჩაშლის მცდელობას უკავშირებს.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ასეთი მარშრუტი მართლაც ყოფილიყო, თუმცა, რუსული მხრიდან არგუმენტები ზერელეა და ძალიან ჰგავს ზეწოლის ფორმის პიარულ განცხადებას, რაც დიდი ალბათობით უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში დიდი სახელმწიფოების გავლენებისთვის ბრძოლას.
"შეიძლება ასეთი რამ მომხდარიყო (თუ მართლა ასე იყო), მაგრამ რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, არგუმენტები ძალიან ზერელეა. ვერ გეტყვით ასეთ რამეს რატომ აკეთებს, მაგრამ, ახლა რეგიონისთვის ბრძოლა მიდის - ერთის მხრივ დასავლეთ-თურქეთსა და რუსეთს შორის. აქედან გამომდინარე, უფრო ზეწოლის ტიპის პიარული განცხადებებია, მაგალითად, როგორც ერდოღანმა გააკეთა მესხებთან დაკავშირებით.
"მსხვილი მოთამაშეები ცდილობენ, რომ რეგიონის ქვეყნები დააშინონ, აგრძნობინონ, რომ მათ უფრო მკაცრი მეთოდების გამოყენება შეუძლიათ, თუ ისინი (რეგიონის ქვეყნები) თავის მიდგომებს შეიცვლიან. მე მაგალითად ამ კონტექტში განვიხილავდი ასეთი ტიპის განცხადებებს გინდა რუსული მხრიდან, გინდა დასავლური მხრიდან და გინდა სამხრეთიდან.
"ჩვენი საზოგადოება კარგად ვერ ხედავს როგორი ტიპის ზეწოლებია, მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანზე, მაგრამ უაღრესად სერიოზული ზეწოლებია, იქამდე მივიდა საქმე, რომ ლამის სამხედრო მეთოდი იქნა გამოყენებული, მაგალითად აზერბაიჯანის წინააღმდეგ, კასპიის ზღვის ფლოტილიის დემონსტრატიულ გაძლიერებას ვგულისხმობ.
"ასეთი ტიპის ზეწოლები გაგრძელდება, არცერთ მხვილ მოთამაშეს არ აწყობს, რომ სამხრეთ კავკასიაში სურათი შეიცვალოს, რომ ამ სამმა ქვეყანამ მოილაპარაკონ და რაღაც ერთიან პლატფორმაზე შეთანხმდნენ - ეს არავის არ აწყობს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. ესაა ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც გამოიყენება სავარაუდო ერთიანი პლატფორმის წინააღმდეგ",- განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, რომ აქედან გასულიყო ბომბი ყირიმის აფეთქების მიზნით, არეშიძემ გვითხრა:
"შესაძლებელია, ასეთი რამ მომხდარა, მაგრამ კი ბატონო, საქართველოდან თუ გავიდა, მერე როგორ მოხვდა ყირიმის ნახევარკუნძულთან? ერთი შემთხვევა გვახსოვს - წინა აფეთქებისას, საქართველოს ტერიტორიის გავლით მართლაც შევიდა ფურგუნი, რომელიც თურქეთიდან მოდიოდა. მძღოლი საქართველოს მოქალაქე არ იყო, მაგრამ ავტომობილი ქართული ნომრებით იყო.
"ასეა თუ ისე, ასეთი ერთი შემთხვევა მართლაც იყო, მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ მასქიმუმ 200 კმ გაევლო. ლარსიდან ყირიმის ხიდამდე რომ მიაღწიო, დაახლოებით 500-600 კმ უნდა გაიარო, თავის ტერიტორიაზე მიეხედათ, რაღა მიანცდამაინც საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყეს საუბარი? ამიტომაც ეს უფრო პიარული ზეწოლის მექანიზმია, ვიდრე რეალური სურათის შექმნის მცდელობა",- განაცხადა არეშეშიძემ "რეზონანსთან".
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა, რუსეთი საქართველოს ხელისუფლებისგან უფრო მეტ თანამშრომლობას ელის.
"ალბათ საქართველოსგან უფრო მეტს ელიან უსაფრთხოების თანამშრომლობის სექტორში, რომ უფრო მჭიდროდ იყოს დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან, ალბათ ამის მოთხოვნაა.
"საქართველო მაგ (მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობის) კონტექტში დიდად ვერ ჯდება, რადგან "ქართული ოცნება" რუსეთისადმი რაღაც კონფრონტაციული მიდგომით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ეტყობა რუსეთს უფრო მეტი მოთხოვნა აქვს თანამშრომლობაზე.
"შეიძლება ეს რეგიონში რუსეთის გავლენების შესუსტებასაც უკავშირდებოდეს, მითუმეტეს, სომხეთი და აზერბაიჯანთან ურთოერთობა დაძაბული აქვთ და არაა გამორიცხული, რომ საქართველოსაც ამ კუთხით უყურებენ, რომ უფრო მეტი ითანამშრომლოს ხელისუფლებამ",- განაცხადა ანალიტიკოსმა.
მისი თქმით, რუსეთისგან ამ ტიპის განცხადებები, ან ზეწოლის უფრო გაძლიერებაა მოსალოდნელი.
"საქართველო რაც უფრო მოწყვლადი და საერთაშორისო თანამეგობრობიდან იზოლირებული იქნება, რუსეთის ზეწოლა უფრო მეტად გაიზრდება. ის ძალის გარდა არაფერს არ ცნობს და "ქართული ოცნების" მოლოდინი, რომ რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში რაღაც ნაბიჯებს გადმოდგამს, იმ პოლიტიკის ფარგლებში, რასაც "ოცნება" ახორცელებს, ეს ჯერჯერობით არ მართლდება და არაა გამორიცხული ცოტა ხანში რუსეთის მოთხოვნები კიდევ უფრო ხისტი გახდეს.
„განსაკუთრებით, თუ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოახერხა, არაა გამორიცხული, რომ სამხრეთ კავკასიაში უფრო მეტად ხისტი პოლიტიკა აწარმოოს", - განაცხადა კაკაჩიამ.
რას აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური
რუსული სამთავრობო მედიები წერენ, თუ "რა არის ცნობილი ჩაშლილი თავდასხმის შესახებ".
"რა არის ცნობილი ყირიმის ხიდზე ჩაშლილი ტერორისტული თავდასხმის შესახებ:
- ეფ-ეს-ბე-მ ამიცნო და გაანეიტრალა "შევროლე ვოლტის" ტიპის ავტომობილი, რომელშიც მძლავრი ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული;
- ავტომობილი უკრაინიდან რუსეთში რამდენიმე ქვეყნის გავლით ტრანზიტულად ჩავიდა;
- ავტომობილმა რუსეთ-საქართველოს საზღვარი ჩრდილოეთ ოსეთში საერთაშორისო საკონტროლო გამშვები პუნქტი "ზემო ლარსი" გადაკვეთა;
- კრასნოდარის მხარეს ავტომობილი სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცათ, რათა ყირიმის ხიდზე გადასულიყო;
- მძღოლი სავარაუდოდ უნებლიე თვითმკვლელი ტერორისტი უნდა გამხდარიყო, მის გამოყენებას კიევის რეჟიმი "სიბნელეში" გეგმავდა;
- დაკავებულები არიან რუსეთში ავტომობილი მიწოდებაში მონაწილე პირები;
- აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება;
- ყირიმის რესპუბლიკის მეთაურმა მადლობა გადაუხადა "ეფ-ეს-ბე"-ს თანამშრომლებს;
- (რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის) როდიონ მიროშკინის თქმით, უკრაინის ქმედებები მიზნად ისახავდა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლას;
- 2025 წლის დასაწყისიდან, უკრაინის სპეცსამსახურების ეს უკვე მეორე მცდელობაა ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი ბივთიერებებით დატვირთული ავტომობილის დივერსიის გამოყენების",- წერს რუსული სამთავრობო "ტასს"-ი.