მარიამ ვეკუა
18.08.2025

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მდგომარეობა რთულდება, ამის შესახებ ინფრომაციას უკრაინის შეირაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი ავრცელებს, მისივე თქმით, რუსეთი ჩავარდნილი გეგემების განახლებას იწყებს და ქვედანაყოფები სუმისა და ზაპოროჟიესკენ გადაჰყავს. რისი მიღევა სურს რუსეთს და განახორციელებს თუ არა წარმატებით იმ გეგმას, რომელიც ერთხელ უკვე ჩაეშალა, საკვანძო კითხვად რჩება.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ პუტინის მთავარი მიზანი უმოკლეს პერიოდში დონბასის, ლუგანსკისა და დონეცკის სრული დაკავებაა, მაისაია ასახელებს სამ ძირითად მიმართულებას, სადაც რუსეთი მოქმედებას უფრო ააქტიურებს.

„პუტინისთვის მთავარია მთლიანად დონბასის დაკავება. ასევე, საუბარია ლუგანსკის და დონეცკის სრულ დაკავებაზე - მათზე მოდის უკრაინის სამრეწველო პოტენციალის დიდი წილი. შესაბამისად, რუსეთს სწორედ ამ მიზნის მიღწევა სურს.

ამრიგად, სამი ძირითადი მიმართულებაა: პირველი - ხარკოვის მიმართულება, რომელიც რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება; მეორე - დონბასის დაკავება, რაც გულისხმობს აგლომერაციული სამი ცენტრის ხელში ჩაგდებას - სლავიანსკი, კრემატორსკი და კონსტანტინოვკა; მესამე - ლუგანსკის დაკავება და რჩება ზაპოროჟიეს რეგიონი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია."

მაისაიას თქმით თუ რუსები ზაპოროჟიესა და დონეცკის დაკავებას ამჯერად მოახერხებენ, ისინი ორ ყველაზე მნიშვნელოვან გრავიტაციულ წერტილზე გავლენ.

‘შესაბამისად, თუ რუსებმა ახლა შეძლეს ზაპოროჟიიდან და დონეცკის დაკავება, ისინი პირდაპირ დნეპრსა და ხარკოვზე გადიან - ორ ყველაზე მნიშვნელოვან „გრავიტაციულ" წერტილზე.

პუტინის მთავარი იდეაა, რომ მოხდეს დონეცკის ოკუპაცია პირველ რიგში, შემდეგ - ზაპოროჟიეს რეგიონის დაკავება. მეორე - აქტიურობა ხარკოვისა და სუმის მიმართულებით, რადგან პუტინი თვლის, რომ ეს მიმართულებები მნიშვნელოვანია მისთვის."-განაცხადა მაისაიამ.

გათამაშდება კურსკის სცენარი?

კითხვაზე, შეუძლია თუ არა უკრაინის რუსეთის შიდა ტერიტორიაზე შეტევითი ოპერაციის გამეორება და ხომ არ გამეორდენა კურსკის სცენარი, მაისაია გვპასუხობს:

„უკრაინის მხრიდან კურსკის სცენარის ანალოგის განხორციელებას ნაკლებად ვფიქრობ. მათ შესაძლოა განახორციელონ სამხედრო რეიდი, მაგრამ არა ის, რაც კურსკის შემთხვევაში მოახერხეს. არ ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამ მისიის შესრულებას შეძლებენ, რადგან თავდაცვის რეჟიმში არიან - აკავებენ რუს ოკუპანტებს, რომლებმაც მოახდინეს ძალების კონცენტრაცია და რეზერვების თავმოყრა.

თუმცა არ გამოვრიცხავ რეიდების განხორციელებას რუსეთის შიდა ტერიტორიაზე. საინტერესოა ისიც, რომ რუსები ქმნიან „ჩრდილო კორეულ კორპუსს", რომლის რაოდენობაში იქნება სამი დეკადის ტიპის შენაერთი და ამ კორპუსის განთავსებას გეგმავენ რუსეთის ტერიტორიის გასწვრივ."-დასძინა მაისაიამ.

რას ამბობს უკრაინული მხარე

ფრონტზე სიტუაცია ამჟამად ძალიან რთულია, რუსეთის ფედერაცია შეტევით ოპერაციას აგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამჟამად მტერი გადაჯგუფდება და კონცენტრირდება ორ მთავარ მიმართულებაზე. ეს არის პოკროვსკის მიმართულება, რომელიც რუსებისთვის გადამწყვეტი რჩება. ახლა მტერს თავისი ქვედანაყოფები სუმიდან ზაპოროჟიეს მიმართულებით გადაჰყავს. ანუ ეს იქნება მეორე მიმართულება, სადაც მტერი აქტიური შეტევითი მოქმედებების დაწყებას გეგმავს", - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, ზაპოროჟიეს მიმართულებით დაბალი ინტენსივობის მოქმედებები გრძელდება, თუმცა ოკუპანტები ცდილობენ იქ ძლიერი დარტყმის მიყენებას, რაც ერთი წლის წინ იყო დაგეგმილი.

„გახსოვთ, რომ კურსკის ოპერაციამ უბრალოდ ჩაშალა მათი გეგმები", - აღნიშნა სირსკიმ.

ცნობისთვის, 18 აგვიტოს რუსებმა უკრაინის მიმართულებით კიდევ ერთი მასთაბური დრონებით შეტევა განახორცეიელს. ოკუპანტებმა „ისკანდერ-ემ" ტიპის 4 ბალისტიკური რაკეტა და 140 დრონი გაუშვეს, უკრაინელებმა მტრის 88 დრონი გაანეიტრალეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიგებთ იმასაც, რომ რაკეტებისა და დრონების დარტყმები დონეცკის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ოდესისა და კიევის ოლქებში 25 ლოკაციაზე დაფიქსირდა.

თავდასხმის შედეგად ხარკოვში 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა და 20 - დაშავდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×