მარიამ ვეკუა
18.08.2025

დროის ლიმიტი იწურება - 31 აგვისტო საქართველოსთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ბოლო ვადაა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პოლიტიკური კონიუქტურის და პროცედურების გაწელილობის გამო მნიშვნელოვანი ცვლილებები არჩევნებამდე მოსალოდნელი არაა, აღნიშნავენ, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურები შესაძლოა წლის ბოლომდე გაიწელოს.რა გადაწყდება 31 აგვისტოს და შეინარჩუნებს თუ არა საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის პრივილეგიას.

ცნობისთვის, რეკომენდაციების მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, საჯარო ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ, ასევე შეიტანოს ცვლილებები ადამიანის უფლებების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ლგბტქ პირთა უფლებების სრული დაცვა.

შეგახსენებთ, ევროკომისიის მიერ 2025 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უვიზო რეჟიმი შეჩერებული აქვთ.

რა მოხდება 31 აგვისტოს

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილის აზრით „ოცნება" ევროკავშირის რეკომენდაციებს არ შეასრულებს, მისივე თქმით, ის „არსებით ცვლილებას" არ ელოდება.

„ვფიქრობ, „ოცნება" არაფერს შეასრულებს, არცერთ მოწოდებას. პრინციპში, ევროკავშირი მერე ალბათ იმსჯელებს კიდეც, თუმცა, გეტყვით იმას, რომ რაღაც არსებით ცვლილებას მე არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში არჩევნების დასრულებამდე.

ელოდება თუ არა ოცნებისგან კომპრომისს, ხაზგასმით ამბობს, რომ „არა":

„არა, არაფერია, კომპრომისის მოლოდინი ოცნებისგან არ მაქვს."-დასძინა მან.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ 31 აგვისტოს საქართველოს უვიზო მიმოსვლას „დააკარგვინებენ".

„ქართული ანდაზაა: „მექოთნეო, სადაც უნდა, იქ გამოაბამს ქოთანს ყუნწსო." ამიტომ დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია, რომელიც უკვე მიყენებულია კედელთან, სადაც წევრების დიდი ნაწილიც ალბათ კორუფციის გამო თავს ციხეში ამოყოფს, მაინც იტყვის, ეს არ შესრულდა, ეს შესრულდა.

იმ კვლევების მიხედვით, რომლებიც თავად ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა, საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია აქვს, მაგრამ პოლიტიკური კონიუკტურიდან გამომდინარე, ისინი 31 აგვისტოსაც იტყვიან, რომ საქართველოზე წინ დგას მოლდოვა, სადაც პარტიები აკრძალულია, და წინ არის უკრაინა. ასე რომ, საქართველო კი არ დაკარგავს, ევრობიუროკრატები უბრალოდ ძალით დააკარგვინებენ", - განაცხადა გვენეტაძემ.

31 აგვისტო გარდამტეხი ეტაპი, თუ სიმბოლური თარიღი.

დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 31 აგვისტო გარდატეხის წერტილი არ არის, აღნიშნავს, რომ 1 სექტემბერს უვიზო მიმოსვლას არავინ გააუქმებს და ეს პროცედურები წლის ბოლომდე გაიწელება:

„არჩევნების დასრულებამდე მე რაიმე არსებით გარდატეხებსა და ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდები, ასე რომ, არ მგონია ვიზალიბერალიზაციის გაუქმება მანამდე მოხდეს. მგონია, რომ პროცედურები ცოტა გაწელილია და ვფიქრობ, წლის ბოლომდე გაიწელება. თუმცა ეს საკითხი შეიძლება დაისვას, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ასე იქნება. ასე რომ, დიახ, 31 აგვისტო არ იქნება რაიმე გარდამტეხი ეტაპი. 1 სექტემბერს ჩვენ უვიზო მიმოსვლას არავინ გაგვიუქმებს, ჩემი აზრი ასეთია." - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ედიშერ გვენეტაძეც ფიქრობს, რომ 31 აგვისტო გარდამტეხი წერტილი არ არის:

„მელას, რაც ესიზმრებოდა, ისე ელანდებოდაო - არც 31 აგვისტო იქნება რაიმე გარდამტეხი, როგორც ოპოზიციონერები ამბობენ. ეს ოპოზიციონერები მხოლოდ გარე ძალებზე და ფულზე დაგეშილი ხალხია, ამიტომ არც 31 აგვისტო იქნება გარდამტეხი და არც ამ ხალხს მისცემენ ხმას ქართველი ხალხი. თუ გნებავთ, გაგვიუქმონ ვიზები - ავიღებთ ვიზებს, მერე ევროპაშიც წავალთ და აფრიკაშიც." - დასძინა მან.

რას ამბობენ „ოცნებაში"

„განცხადებები, რომ თურმე, გაგიჟებულები არიან საქართველოზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე, არის დიდი ტყუილი - არ დაიჯეროთ, მეგობრებო, ეს არის ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა," - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„აბსოლუტურად გაუგებარია, რა კავშირშია ორი აღნიშნული კანონი ვიზალიბერალიზაციასთან. არანაირი ახსნა-განმარტება არ არის. ეს არის უბრალოდ ქართველი ხალხის დასჯის მცდელობა.

თქვენ არ იფიქროთ, რომ მათ რაიმე კარგი ინტერესი აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით. ის განცხადებები, რასაც ვისმენთ, ყველა არის აბსოლუტურად ყალბი, რომ თურმე, გაგიჟებულები არიან საქართველოზე და ზრუნავენ ქართველ ხალხზე. არ დაიჯეროთ, მეგობრებო. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, სიცრუე.

ეს ასე რომ იყოს, თუ მართლა ნამდვილი მეგობრები არიან, მაშინ არ მოგვიწოდებდნენ, რომ [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციებს მიერთებოდა ქვეყანა, რეზოლუციებს არ მიიღებდნენ და კაბინეტებში, პრემიერ-მინისტრისა და პარტიის თავმჯდომარის შანტაჟი არ იქნებოდა, რათა მეორე ფრონტი გახსნილიყო. მათ აქვთ თავიანთი ინტერესები და ესეც გასაგებია. პოლიტიკაა, დიდი ქვეყნებია, თავიანთი ინტერესები აქვთ, მაგრამ ჩვენ ტვინი, ჭკუა ხომ გვაქვს?!" - განაცხადა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×