მარიამ ვეკუა
19.08.2025

„ლელო - ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად „ლელოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს. 18 აგვისტოს გამართულ ღონისძიებაზე კუპრაძემ რუსულ გავლენებსა და უსამართლობასთან ბრძოლა დააანონსა. ამ გადაწყვეტილებას მყისვე მოჰყვა პოლარიზებული შეფასებები - ოპოზიციის ნაწილი კუპრაძის კანდიდატურას „კატასტროფულ შეცდომად" აფასებს, მმართველ პარტიაში კი გამარჯვებაზე ისევ თავდაჯერებულად საუბრობენ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად „გახარია საქართველოსთვის" წევრი გიორგი შარაშიძე, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად „ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი ალეკო ელისაშვილი და „გახარია საქართველოსთვის" წევრი ტატა ხვედელიანი წარადგინა.

„გულწრფელად გეტყვით, რთული პასუხისმგებლობაა, რომელიც ორმა, ჩემი აზრით, მთავარმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად დამაკისრა. ჩვენ ვემზადებით იმ ბრძოლისთვის, სადაც, არ მოვერიდები ამ სიტყვას, უნდა გამოგლიჯოთ თბილისი, დიახ, უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი უსამართლობასა და უკანონობას," - განაცხადა კუპრაძემ.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია ბოლო რამდენიმე კვირაა აქტიურად აკეთებდა განცხადებებს, რომ ოპოზიციონერების საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდებოდნენ. მედიაში კი რამდენჯერმე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერობის მთავარ კანდიდატებად ელისაშვილი და შარაშიძე განიხილებოდნენ. გარდა ამისა, ნახსენები იყო ცნობილი მომღერლის, მერაბ სეფაშვილის კანდიდატურაც.

ამასთან, „ლელოსა" და გახარიას პარტიას თავის დროზე გაფორმებული ჰქონდათ მემორანდუმი, რომ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნეიტრალური და პოლიტიკური წარსულის არმქონე ადამიანი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, გარკვეული მიზეზების გამო, მათ ამ კრიტერიუმების გადახედვა გადაწვიტეს.

ვინ როგორ აფასებს კუპრაძის კანდიდატურას

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ ირაკლი კუპრაძის მერობის საერთო კანდიდატად წარდგენა „კატასტროფულ შეცდომად" შეაფასა. მისი თქმით, ახალ კანდიდატს დიდი გამოცდა ელის.

„როდესაც საკუთარი და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ მიდიხარ, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება მთავარი შემსრულებელი და ვინ ითავებს იმ როლს, რომელიც ირაკლი კუპრაძემ საკუთარ თავზე აიღო. მის კანდიდატურას დიდი გამოცდა ელის და დამატებით ოპოზიციიდან არ დავიწყებდი ამ გასაჭირში მყოფი პოლიტიკური ორგანიზაციის ბედის შეფასებას. მგონია, რომ კატასტროფული შეცდომა დაუშვა," - განაცხადა სანიკიძემ.

ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმაც შეაფასა.

„ამ ადამიანმა მაშინ გაიუფასურა თავი, როდესაც მემარცხენე ადამიანის უფლებების დამცველი შეუერთდა თაღლითების პარტიას. სრულებით არ აქვს მნიშვნელობა, ვისი სახით მოგვევლინება ეს ორი გაერთიანებული, იდეოლოგიურად „ნაციონალური მოძრაობა", თვითმმართველობის არჩევნებზე. არჩევნები დასრულდება „ქართული ოცნების" დამაჯერებელი და აბსოლუტური გამარჯვებით," - აღნიშნა წილოსანმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა თბილისელების მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და მის კანდიდატურას „არასერიოზულს" უწოდებს.

„როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ იყო წასული კუპრაძე გახარიასთან ბერლინში. ვფიქრობ, მისი კანდიდატურის საკითხი სწორედ იქ გადაწყდებოდა. არავითარი შანსი არ აქვს ამ შედარებით ახალგაზრდა კაცს, იმ სიტუაციაში, რაც არის. მე ვერ წარმომიდგენია, რომ თბილისელებმა მას მისცენ ხმა. უფრო მეტიც, ის წარდგენილია „ლელოს" და პარტიის „გახარია საქართველოსთვის" მიერ, ეს კი არ ზრდის მისდამი ნდობას, არამედ, თუ იყო მინიმალური სიმპატიაც, იმასაც ამცირებს. ამიტომ, ვფიქრობ, ის არის სრულიად არასერიოზული კანდიდატურა. მან წარადგინა უკვე სხვადასხვა პოზიციებზე კანდიდატები, თუმცა ეს მხოლოდ კომიკური იმიტაციაა, რომ რაღაც პოლიტიკური საქმიანობას ეწევიან," - განაცხადა მამრაძემ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშილის შეფასებით, ორი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება სასიამოვნოდ მოულოდნელი აღმოჩნდა:

„ძალიან სასიამოვნო შედეგია, არ ველოდი, სიმართლე გითხრათ. სულ მქონდა განცდა, რომ „ლელო" და გახარია ერთმანეთის კანდიდატს არ წარადგენდნენ. ეს არის საუკეთესო შეტყობინება ქართული პოლიტიკიდან ქართული საზოგადოებისთვის. მოხდა ძალიან მაგარი რაღაც - მოხდა ის, რომ ორმა პარტიამ, რომელსაც წლების განმავლობაში ერთმანეთთან კითხვები ჰქონდა, ახლა მოახერხეს ერთობა. არა მარტო იმაში, რომ კანდიდატად არ შეარჩიეს ვინმე სხვა მესამე პირი, ან მსახიობი, ან მომღერალი, არამედ გახარია დათანხმდა „ლელოს" კანდიდატს. ეს არის იშვიათი შემთხვევა.

„სამი ახალი რამ მივიღეთ ჩვენ ამ რეალობიდან: 1. შესაძლებელია შეთანხმება კონკურენტებს შორის, 2. გახარია და „ლელო" არ არიან „ნაცმოძრაბის" ორბიტაზე, 3. ნაცმოძრაობა ვერ და არ ბრუნდება, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობს". - განაცხადა ზაქარეიშილმა.

უკეთესი კანდიდატის შერჩევა შეიძლებოდა?

პეტრე მამრაძეს აზრით, პარტიებს არ ჰქონდათ იმის რესურსი, რომ უკეთესი კანდიდატურა შეერჩია.

„ვფიქრობ, პარტიას არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ სხვა კანდიდატურა წარედგინა. მათი ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა ნეიტრალური, ხალხის რაღაც ნაწილისთვის მისაღები კანდიდატურა წარედგინა. აი, მაგალითად, გახსოვთ სეფაშვილზეც იყო საუბარი. წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელიც საუნივერსიტეტო თუ აკადემიურ წრეებში იწვევს ნდობას, არცერთი ასეთი ადამიანი მათ არ დათანხმდებოდა, რომ ყოფილიყო მათი კანდიდატი. მე დარწმუნებული ვარ, ექნებოდათ მსჯელობა და მცდელობა, თუმცა მათ არავინ არ დათანხმდა," - განაცხადა მამრაძემ.

პაატა ზაქარეიშვილისთვის დასახელებული კანდიდატი საუკეთესო ვარიანტია, თუმცა აღნიშნავს, რომ უკეთესი და გარანტირებული გამარჯვების წინაპირობა, სალომე ზურაბიშილი უფრო იქნებოდა.

„იცით, ყველა ველოდებოდით, რომ ერთმანეთის კანდიდატზე შეთანხმდებოდნენ და ამავე დროს აიყვანდნენ ვინმეს. ასე რომ, ყველაზე მაგარი სწორედ ეს დათმობაა, რომ გახარიამ „ლელოს" დაუთმო. ამიტომ ამაზე უკეთესი კანდიდატი ვერ იქნებოდა. თუმცა, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, რომელიც იქნებოდა გარანტირებული გამარჯვების შესაძლებლობა," - განაცხადა ზაქარეიშილმა.

კითხვაზე, რატომ შეიცვალა კანდიდატურის შერჩევის კრიტერიუმი, მამრაძე მოკლედ პასუხობს, რომ პარტიებს სხვა რესურსი არ ჰქონდათ.

პაატა ზაქარეიშვილი კი ამ კითხვაზე პასუხისგან თავს იკავებს და ყურადღებას მიღებულ შედეგზე ამახვილებს:

„კარგია, რომ შეცვალეს. რატომ შეცვალეს, არ ვიცი, თუმცა უკეთესი ვარიანტი მიიღეს."

კალაძე კუპრაძის წინააღმდეგ

როგორც პეტრე მამრაძე აღნიშნავს, ირაკლი კუპრაძეს გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს.

„ვფიქრობ, კიდევ შეიძლება ამაზე მსჯელობა, თუ სად არის სეგმენტი თბილისელი მოსახლეობის, რომელიც კუპრაძეს მისცემს ხმას. არ არის დღეს ისეთი ვითარება, რომ ვაიმე, ბოლო უნდა მოვუღოთ ამ სიტუაციას, და ეს ახალგაზრდა კაცი გააკეთებს ამ საქმეს... არანაირი გზით არ ჩანს ამ კანდიდატურის პოპულარობა," - განაცხადა მამრაძემ.

განსხვავებულად ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციის შანსები ერთიორად იზრდება:

„შანსები ერთიორად იზრდება. „ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომაა, რომ დანიშნა ძველი მერი, კახა კალაძე. ანუ ახალი კანდიდატი რომ დაენიშნა, მაშინ იქნებოდა ცვლილებების მოლოდინი. ასე რომ, კალაძის დაყენება არაფრის შეცვლას არ ნიშნავს. ვისაც მოგწონთ დღევანდელი თბილისი, მიეცით ხმა კალაძეს, მაგრამ, ვისაც არ მოგწონთ, იცოდეთ, რომ არაფერი არ შეიცვლება, დარჩება იგივე," - განაცხადა ზაქარეიშილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×