თამთა ჩაჩანიძე
19.08.2025

18 აგვისტოს თეთრ სახლში გამართული შეხვედრას დასავლელი ანალიტიკოსები პირველ რიგში განიხილავენ, როგორც დასავლეთის სრული ერთსულოვნების დემონსტრირებას უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. გარდა ამისა, ხაზს უსვამენ შეხვედრის ორ მთავარ შედეგს - უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავებაში აშშ პირდაპირ ჩაერთვება და ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩაუდგება სათავეში. ასევე მიღწეულია წინასწარი შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს, გაიმართება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, თუმცა კრემლში ამ ცნობას ბოლომდე არ ადასტურებენ.

თეთრ სახლში ჯერ ზლენსკისა და ტრამპის შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც ჟურნალისტებსაც მიეცათ ლიდერებისთვის კითხვის დასმის საშალება. თებერვლის კსანდალური შეხვედრისგან განსხვავებით, ამჯერად ზელენსკი თეთრ სახლს პიჯაკით ეწვია, რაზეც მედიის წარმომადგენლებმაც გაამახვილეს ყურადღება.

ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში რომელსაც უკვე ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ. თუმცა მანამდე მათ ზელენსკისთან ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში, ცალკე წინამოსამზადებელი შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადა, რომ ტერიტორიების დათმობებზე საუბარი გამორიცხულია.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ნატოს გენმდივანი მარკ რუტე.

ტეროტორიების საკითხი არცერთ ფორმატში არ განხილულა. შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ ეს უშუალოდ რუსეთისა და უკრაინის პირველი პირების შეხვედრისას უნდა გადაწყდეს.

ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს თავისი მეუღლის, ოლენა ზელენსკას წერილი გადასცა მელანია ტრამპისთვის.

გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა დონალდ ტრამპმა დროებით შეწყვიტა, რათა ტელეფონით დალაპარაკებოდა ვლადიმირ პუტინს. მათი საუბარი დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც შეხვედრა განახლდა.

მრგვალი მაგიდის ფონზე, ოვალურ კაბინეტში იდგა უკრაინის რუკა, სადაც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მუქად იყო აღნიშნული.

გაფართოებული ფორმატის შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა თეთრი სახლი დატოვეს და საერთო პრესკონფერენცია არ გაიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თეთრი სახლის ფონზე მედიის კითხვებს უპასუხა.

ტერიტორიების საკითხი და ზელენსკი-პუტინის შეხვედრა

ლიდერებმა ტერიტორიების საკითხი ღიად დატოვეს და განაცხადეს, რომ ამაზე უშუალოდ ზელენსკიმ და პუტინმა პირისპირ შეხვედრისას უნდა ისაუბრონ, რისთვისაც მზადება უკვე დაწყებულია. სხვადასხვა წყაროების ცნობით, ეს შეხვედრა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს შედგება. დასახელდა შეხვედრის გამართვის რამდენიმე შესაძლო ადგილი - ეს შეიძლება უნგრეთი, შვეიცარია, ან თურქეთი იყოს.

ემანუელ მაკრონის თქმით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ „პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა (ზელენსკი და პუტიი) გაიმართება, შემდეგ სამმხრივი შეხვედრა (დონალდ ტრამპის მონაწილეობით), შემდეგ კი მრავალმხრივი შეხვედრა, სადაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპელებიც იქნებიან".

მაკრონს მიაჩნია, რომ შეხვედრა ევროპაში, „ნეიტრალურ ქვეყანაში" უნდა შედგეს და ასეთად ჟენევაც დაასახელა, თუმცა თურქეთიც არ გამორიცხა.

ფრანგული პრესა წერს, რომ პუტინმა სატელეფონი საუბრისას ტრამპს დაუდასტურა, რომ შეხვედრისთვის მზადაა, თუმცა კრემლი არ აკონკრეტებს ფორმატს.

ზელენსკიც შეხვედრის სავარაუდო ორ ფორმატზე საუბრობს - უკრაინა-რუსეთი, ან უკრაინა- რუსეთი-აშშ. თუმცა, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა თავი აარიდა იმაზე საუბარს, მზადაა თუ არა პუტინი ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრაზე და დასძინა, რომ რუსეთის ლიდერმა „მხარი დაუჭირა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირ მოლაპარაკებებს".

უნდა აღინიშნოს, რომ 15 აგვისტოს ალასკას შეხვედრის შემდეგ უკვე რუსეთის ხელისუფლებაშიც შეიმჩნევა პოზიციების შერბილება. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრიორიტეტი არა ტერიტორიების მიერთება, არამედ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები რუსების დაცვაა:

„არასდროს გვისაუბრია, რომ უბრალოდ ესა თუ ის ტერიტორია უნდა მიგვეტაცებინა. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი სამიზნე. ჩვენი მიზანი იყო დაგვეცვა ადამიანები, რუსი ხალხი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მიწებზე".

უსაფრთხოების გარანტიები

18 აგვისტოს თეთრ სახლში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები იყო განხილული, ნატო-ს გენმდივანი აცხადებს, რომ განიხილება ალიანსის მეხუთე მუხლის მსგავსი გარანტიების მიცემა უკრაინისთვის, იდეას იტალია აქტიურად უჭერს მხარს.

„უოლ სთრით ჟურნალი" წერს, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე მომუშავე ჯგუფს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩაუდგება სათავეში. გარანტიები 4 კომპონენტისგან შედგება: დასავლელი სამხედროების ყოფნა უკრაინაში, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, შეიარაღება და ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.

ევროპელი ლიდერების განცხადებით, არსებობს მრავალი გზა, რითაც აშშ-ს შეუძლია ევროპელ მშვიდობისმყოფელებს ირიბად დაეხმაროს ისე, რომ საკუთარი ჯარი უკრაინაში არ გააგზავნოს.

ბრიტანეთის პრემიერმაც განაცხადა, რომ „უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით „მსურველთა კოალიცია" ძალისხმევის გაძლიერებისთვის მზად არის - უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების თვალსაზრისით ისტორიული ნაბიჯის გადადგმა შესაძლებელია".

ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ევროპული ქვეყნები განიხილავენ 90 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის შეძენას, შემდგომში უკრაინისთვის გადაცემის მიზნით. უკრაინა და აშშ მოაწერენ ხელს 50 მილიარდიან შეთანხმებას დრონების წარმოებაზე.

„ფაინენშელ თაიმსი" წერს, რომ ზელენსკის ასევე ჰქონდა წინადადება, რომ მიყენებული ზარალის კონპენსირებისთვის უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 300 მილიარდი დოლარი მიეღო.

შეფასებები

ვოლოდიმირ ზელენსკიც და დონალდ ტრამპიც ოვალურ კაბინეტში შეხვედრით კმაყოფილები ჩანან და მას „მნიშვნელოვან ნაბიჯს" უწოდებენ ომის დასრულებისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

ანალიტიკოსთა შეფასებით კი, 15 და 18 აგვისტოს შეხვედრამ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტა ვერ უზრუნველყო, ომის დასრულების დრო და პერსპექტივაც კვლავ ბუნდოვანია და დღეს მხოლოდ პროგნოზებით შემოიფარგლება დასავლეთი.

„უოლ სთრით ჟურნალი" არ გამორიცხავს, რომ აშშ-მა ერთ-ერთ ბერკეტად გამოიყენოს სადაზვერვო მონაცემების გაცვლის შეწყვეტა, რათა კიევს „პოტენციურად არახელსაყრელი შეთანხმებისკენ უბიძგოს".

„სი-ენ-ენი" წერს, რომ ტრამპმა „მაცდური მინიშნებები" გააკეთა იმის შესახებ, თუ „როგორ შეუძლია საპრეზიდენტო სიდიადის მიღწევა უკრაინის გადარჩენით, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერებით და ნობელის პრემიის დამსახურებით". ზელენსკის მხარდასაჭერად მისული ევროპელი ლიდერების ჯგუფი კი „შთამბეჭდავად და უჩვეულოდ ერთიანი იყო, მიუხედავად მათი მნიშვნელოვანი იდეოლოგიური განსხვავებებისა, რომლებიც ტრამპის დარწმუნებას ცდილობდნენ" და „ეს ისტორიული დღე კი მოგვაგონებდა დიდ პოლიტიკურ შეკრებას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი დაასრულა და თანამედროვე სამყაროს საფუძველი ჩაუყარა".

„გლობალ თაიმსი" წერს, რომ თეთრ სახლში ორივე მხარის მხრიდან „ტონი შერბილებული იყო", ზელენსკიმ კი „შესაძლო კომპრომისზე მიანიშნა".

„ვაშინგტონ პოსტის" შეფასებით კი, თეთრ სახლში გამართულმა „ექსტრაორდინალურმა უჩვეულო დიპლომატიურმა შეხვედრამ შეიძლება თაობების განმავლობაში განსაზღვროს ევროპის უსაფრთხოება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×