მარიამ ვეკუა
20.08.2025

ენმ-ს ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებული ინიციატივა, 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს მასშტაბური აქციის ჩატარების შესახებ, ისევ აზრთა სხვადასხვაობის ეპიცენტრშია. ოპოზიციონერების ნაწილი იმავე აზრზე რჩება და 4 ოქტომბრის აქცია უპერსპექტივოდ ეჩვენებათ. თავად ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ ვისაც ეს ინიციატივა არ მოსწონს, მაშინ ახალი გეგმის ინიცატორები თავად გახდნენ. რა ხდება ოპოზიციაში და რას მოიტანს 4 ოქტომბრის აქცია ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დღეს ოპოზიციაში მკვეთრი იდეოლოგიური დაპირისპირება არაა, მისივე თქმით, ახალი არაფერი ხდება:

„როცა ხაბეიშვილი საუბრობს 4-ში აქციის მოწყობაზე, რატომ არ შეიძლება 6-ში ან თუნდაც სექტემბრის ბოლოს? თუ საზოგადოება მზად არის ქუჩის პროტესტში მონაწილეობისთვის, აქ რიცხვს მნიშვნელობა არ აქვს.

თუ ამისთვის მზად არ არის, ეს არის ფუჭი მცდელობა, რომელიც ოცნებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე ოპოზიციისთვის. მმართველი პარტია ამას უკვე იყენებს. თუ დააკვირდებით, ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს, რევოლუციისთვის ემზადება.

ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა გაემართოს 4-ში, გაცხადებული რომ იქნებოდა საპროტესტო მარში და თუნდაც მშვიდობიანი წინააღმდეგობა ხელისუფლებისთვის. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ საპროტესტო აქცია არ იქნება ძალიან ძლიერი? უბრალოდ ავტორიტარიზმისკენ გადავდგამთ ნაბიჯს, არა დემოკრატიისკენ, არამედ დიქტატურისკენ. გავიხსენოთ წარსული", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი 4 ოქტომბერს ძველი სცენარის გამეორებას ელოდება, როცა ანონსი მხოლოდ ანონსად რჩება:

„ისევ და ისევ მეორდება ის უკიდურესად ჩამოძონძილი სახელმძღვანენლოს სცენარი, რომ მასობრივი აქციით ამა და ამ დღე ამთავრებენ ხელისუფლებას, გვახსოვს ის საკრალური დღეები და ისიც როგორ დამთავრდა ის აქციები ასევე დასრულდება 4 ოქტომბრის კლოუნადა, თუ პაატა ბურჭულაძის ასევე შაპიტო სატელეფონო თუ სახალხო არჩევენები."-განცხადა აბაშიძემ

არის თუ არა ოპოზიციაში მკვეთრი იდეოლოგიური დაპირისპირება

ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი თვლის, რომ საკითხი არათანმიმდევრულია, ამიტომ ამაზე სერიოზული ანალიტიკური პოლიტიკური შეფასების გაკეთება პოლიტიკურ პროცესებიდან გამომდინარე შეუძლებელია. ყურადღებას ამახვილებს პარტიების შიდა დაპირისპირებაზე

„საკმაოდ რთულია პოლიტიკურ-ანალიტიკური შეფასების გაკეთება ისეთ თემაზე, რაც არასერიოზულია და არათანმიმდევრულია. რაც შეეხება დაპირისპირების საკითხს, ვხედავთ, რომ დაპირისპირებაა გახარიას პარტიის შიგნით. თუ არ ვცდები, 3-მდე წევრმა უკვე დატოვა პარტია, მაშინ როცა არც იციან, მათი ლიდერი სხვა ქვეყანაშია და არც იციან დაბრუნდება თუ არა.

ყველაზე მთავარი, რაც არის - სად არიან კანდიდატები, რატომ ვერ შედგა ამ ყველაფრის შეთანხმება აქამდე, თუკი იცოდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ? უფრო ადრეც დაეწყოთ მონაწილეობა. გრიგოლ გეგელია საერთოდ ასტრალშია. ასე რომ, ამ აბდაუბდა სიტუაციაში, მე პირადად, რომ შევაფასო ეს პროცესი, თუნდაც 4 ოქტომბრის აქცია, ეს არასერიოზული იქნება", - განაცხადა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე არ თვლის, რომ ოპოზიციაში მკვეთრი იდეოლოგიური დაპირისპირებაა. კითხვაზე, რა ტიპის იდეოლოგიური ფლანგებია შექმნილი, იგი ზოგადი პასუხით შემოიფარგლება, რადგან მისივე თქმით, დღეს ახალი არაფერი ხდება:

„საკითხი, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ეს ახალი არ არის. პარტიათა ერთი ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, მეორე ნაწილი არჩევნებში მონაწილეობს. რომ გითხრათ, რომ ამ პარტიებს შორის რაიმე დიდი იდეოლოგიური დაპირისპირებაა, ეს ასე არ არის. ასე რომ აქ რამეს სიახლეს ვერ ვხედავ. ადრეც ყოფილა შემთხვევები, როცა ოპოზიცია არ იყო ერთიანი და დღესაც იგივე ხდება".

რას ამბობენ ენმ-ში და რას ამბობენ დანარჩენი ოპოზიციონერები

ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, რომ 4 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, სკეპტიკურად უყურებს „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია: „ჩემი დამოკიდებულება 4-ის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკურ დაპირებას და სიტყვას, რჩება იგივე.

ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მით უმეტეს, ხისტი ფორმებით. პატივისცემა მინდა გამოვხატო თანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფი ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ. ამ კონკრეტულ კონტექსტში კი - თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ. სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ. ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა", - წერს ხოშტარია.

მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო ძლიერი საქართველოს ლიდერი ალეკო ელისაშვილიც; სხვა ოპოზიციონერებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ.

თვითონ ენმ-ში აცხადებენ, რომ ვისაც გეგმა არ მოსწონს, შეუძლია თავად გახდეს ახალი გეგმის ინიციატორი:

„მოღალატეები არასდროს გვაკლდა, ბუნებრივია, დღესაც არიან. სწორედ ახლა, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს. ვიცი, ვაშაძის ერთიანობის გეგმა ყველას არ მოსწონს, მაშინ თქვენი უკეთესი გეგმა მოიტანეთ. აიტანეთ ერთმანეთი, ტალახის სროლას მერეც მოასწრებთ.

ასევე ვიცი, ხაბეიშვილის 4 ოქტომბრის შეკრების იდეა ბევრს არ მოსწონს. კარგი, მაშინ თქვენ იყავით ინიციატორები: გამოდით უფრო გაბედულები და ჭკვიანები და ხალხი თქვენ გამოგყვებათ. დღეს მთავარი ამოცანაა გავერთიანდეთ და გადავრჩეთ. რეჟიმი ჩვენს დაქსაქსულობაზეც დგას. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, და არა უსასრულო ლაპარაკი და ერთი და იგივე წრეზე სირბილი. ვინც ამას ებრძვის, მტრის მსახურია; არ უნდა ბევრი მტკიცება ამას", - წერს ენმ-ს წევრი პაატა მანჯგალაძე.

 

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×