მარიამ ვეკუა
20.08.2025

უკრაინა აცხადებს, რომ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად მუშაობენ. ამასთან ერთად, მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ. აშშ-ს ადმინისტრაციაში კი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა გაუწიონ. შეუძლია თუ არა უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტიების მიღება და რა ტიპის გარანტიებზეა საუბარი, საკვანძო კითხვად რჩება.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ უკრაინისთვის ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ ნატოში გაწევრიანებაა: „ერთადერთი გარანტია, რაც უკრაინამ უნდა მიიღოს, არის ნატოს წევრობა. სხვა, საერთოდ არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამის წინააღმდეგია, უნდა მოხერხდეს.

ეს არის გრძელი ომი, მშვიდობა არ დამყარდება, მოლაპარაკებები - ყველაფერი არის ბუტაფორია. პუტინს ამ ომის დასრულება არ უნდა, ცდილობს გახანგრძლივებას, თუმცა, ვერ გაიმარჯვებს. იმისათვის, რომ ომში ვერ გაიმარჯვოს, საჭიროა ბევრი შეიარაღება, რომ მან შეძლოს გრძელვადიანი ომის გაგრძელება და გამარჯვება.

რაღაცა გარანტიები მესმის, თუმცა, არ არსებობს ეს გარანტიები. გარანტია იქნება, რომ ჯარი შეიყვანონ, მაგრამ ამას არავინ არ იზამს. ერთი-ორგან მოვკარი ყური - ნატოში წევრობის გარეშე რაღაც გარანტიების მიცემას; ამაზე მეტი სისულელე უბრალოდ არ მომისმენია. ნატოში იმიტომ გვინდა, რომ აქ მე-5 პუნქტი მუშაობს."

„რაც შეეხება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, ეს არის მხოლოდ პუტინისთვის დროის მოგების მცდელობა და საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლა. სხვა ეს შეხვედრები საერთოდ არაფრის მომტანია."

საინტერესოა, ამერიკელი ექსპერტების, მათ შორის ტომას გრამის, მოსაზრება. ის მიიჩნევს, რომ აშშ-ს მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპაში უსაფრთხოების სისტემის აღსადგენად. თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ასეთი გარანტიები მოითხოვს სერიოზულ პოლიტიკურ და სამხედრო ვალდებულებებს:

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტია არ იყოს მხოლოდ სიტყვიერი, არამედ რეალური და შესასრულებელი, რათა თავიდან იქნას აცილებული წარსულის შეცდომები, როგორიც იყო ბუდაპეშტის მემორანდუმი. უკრაინა ეძებს გარანტიებს, რომლებიც უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას და არ დაუშვებს რუსეთის მომავალ აგრესიას.

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიღება რთული და მრავალმხრივი პროცესია, რომელიც მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობას და მზადყოფნას. მხოლოდ მკაფიო და რეალური გარანტიები შეუძლიათ უკრაინას დაეხმაროს რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში და მშვიდობის დამყარებაში."

როგორც ამერიკელი მკვლევარი აღნიშნავს, უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს მრავალმხრივი და მოიცავდეს არა მხოლოდ სამხედრო დახმარებას, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას, რათა უკრაინამ შეძლოს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა:

„უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოიცავდეს: მაღალტექნოლოგიური იარაღის მიწოდებას, მჭიდრო სამხედრო და სადაზვერვო თანამშრომლობას, ფინანსურ დახმარებას, რაც არ გულისხმობს შეერთებული შტატების პირდაპირ სამხედრო ჩარევას უკრაინაში." - წერას მკვლევარი.

რას ამბობს უკრაინული მხარე და რას ამერიკული

უკრაინული მხარე მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსეთმა 19 აგვისტოს ღამეს მორიგი მასშტაბური შეტევა განახორციელა:

„ღამით, სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაზე დრონით დარტყმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. დახმარებას ითხოვდა ოჯახი 5 თვის, 4 წლისა და 6 წლის ბავშვებით, რომლებიც თავდასხმის შემდეგ დაშავდნენ. დონეცკის ოლქში, ბომბის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა და ნანგრევებში სულ მცირე სამი ადამიანი რჩება," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, რუსეთის დარტყმები მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერების აუცილებლობას ადასტურებს:

„ეს ყველა დემონსტრაციული დარტყმებია, რომლებიც ადასტურებს მოსკოვზე ზეწოლის აუცილებლობას, ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესების აუცილებლობას იქამდე, სანამ დიპლომატია სრულად ეფექტური არ გახდება. აშშ-თან, ევროპასთან და ყველასთან ერთად, ვისაც მშვიდობა სურს, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურად ვმუშაობთ. საიმედო და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქვეყანას, შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს:

„როდესაც საქმე უსაფრთხოებას ეხება, (ევროპელები) მზად არიან, ადგილზე ხალხი გაგზავნონ. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ სხვადასხვა რამით, განსაკუთრებით, ალბათ საჰაერო მხარდაჭერით," - განაცხადა ტრამპმა Fox News-ის გადაცემა „Fox & Friends"-თან ინტერვიუში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლივიტმა, დაადასტურა, რომ აშშ-ის მხრიდან საჰაერო მხარდაჭერა „ვარიანტი და შესაძლებლობაა", თუმცა, ტრამპის მსგავსად, დეტალები არც მას დაუკონკრეტებია:

„პრეზიდენტმა ცალსახად განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედროები უკრაინაში ადგილზე არ განლაგდებიან, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავეხმაროთ კოორდინაციაში და შესაძლოა, ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს უსაფრთხოების გარანტიების სხვა საშუალებებიც მივაწოდოთ," - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×